• Ƀ/$

ისრაელი კრიპტოვალუტების ცენტრი და მკაცრი რეგულატორი შეიძლება გახდეს

5 დეკემბერი 10:20, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზრის ბუმის პირობებში ისრაელი საერთაშორისო საფინანსო ცენტრის ჩამოყალიბებას გეგმავს თავის ტერიტორიაზე.

ამის შესახებ ისრაელის ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორმა შმუელ ჰაუზერმა განაცხადა.


მისი თქმით, ამისათვის ისრაელმა საკანონმდებლო მიმართულებით „თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას ციფრული გაყიდვების წასახალისებლად. თუმცა, კრიპტოვალუტის ბაზარი იმდენად ფეთქებადსაშიშია, რომ, ჰაუზერის აზრით, საჭიროა მკაცრი რეგულაციების შემუშავება.


ციფრული აქტივების მიმართ საზოგადოების ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც კრიზისების გამო მთავრობებისა და ცენტრალური ბანკებისადმი ნდობა დაიკარგა. მას შემდეგ, რაც გასული წლის 952 დოლარიანი მაჩვენებლიდან ბიტკოინის კურსი 11 ათას აშშ დოლარს ასცდა, სულ უფრო ხშირად ისმის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მოწოდებები რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით. მოტივად ამ შემთხვევაში ინვესტორების დაცვა და საგადასახადო შემოსავლების დაკარგვის თავიდან აცილება სახელდება.


გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც დიდი ბრიტანეთია. ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების საფრთხეების გაზრდის გამო ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ბიტკოინის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.


კრიპტოვალუტის ქომაგები ფიქრობენ, რომ მთავრობების შეშფოთების საფუძველი ბიტკოინის მუდმივად მზარდი ფასი და კონფიდენციურობა უფროა, ვიდრე ტერორიზმის დაფინანსებისა და გადასახადების დამალვის საფრთხე.


დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რობერტ მენდიკმა და გორდონ რეინერმა ბიტკოინის რეგულირების გეგმა გამოაქვეყნეს, რაც კრიპტოვალუტებით მოვაჭრეებს თავიანთი ვინაობის გასახაროებას აიძულებს. “ეს ფაქტი ხელს შეუწყობს თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ტერორისტული აქტები და ფულის გათეთრება“, – განაცხადეს მათ.


ქვეყნის საფინანსო სტრუქტურებმა რეკომენდაცია გაავრცელეს ინვესტორებისთვის და სხვადასხვა ფირმებისთვის, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და ყურადღებით იყვნენ კრიპტოვალუტა ბიტკოინთან მიმართებით.


კემბრიჯის კოლეჯის სპეციალისტების ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კრიპტოსაფულის 2,9-დან 5,8 მილიონამდე აქტიური მომხმარებელი არსებობს. ამ სფეროში სრული განაკვეთით 1876 ადამიანია დასაქმებული.


სხვა სიახლეები