• Ƀ/$

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი – რეალური სარგებელი

18 დეკემბერი 11:11, 2017 წელი | ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 20 დეკემბერს იწყება. სამუშაოებს 2014 წლის ივლისში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული „ანაკლიის განვითარების კონსურციუმი“ აწარმოებს.

კონსორციუმი  „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული „კონტი ინტერნეიშენალის“ მიერაა დაფუძნებული. „თიბისი ჰოლდინგში“ ამერიკული კომპანიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მალავენ. პროექტი ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ხორციელდება და ამერიკული კომპანიის თანამონაწილეობა რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.


52 წლის შემდეგ, აღნაგობის უფლების თანახმად, პორტი სახელმწიფოს უბრუნდება. პირდაპირი ინვესტიცია $2.5 მლრდ. ჯამური ეკონომიკური სარგებელი - 60 მილიარდი დოლარი. საბოლოო გამტარუნარიანობა 2069 წლისთვის წელიწადში 100 მილიონი ტონა. 1000 ჰექტარი ფართობი და 16 მეტრი სიღრმე. მშენებლობის პროცესში  3400-ის, ოპერირების დაწყებისას 6400-ის, ხოლო საბოლოო ფაზის დასრულებისას 19000 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი. პირველი ფაზა, გეგმის მიხედვით, 2020 წელს უნდა დასრულდეს.


ქართულ პორტებს ბათუმსა და ფოთში 1500  კონტეინერზე  დიდი  ზომის  გემის მიღება არ შეუძლიათ,  როცა შავ ზღვაში 10 000 კონტეინერიანი გემიც შემოდის. ამ მიზეზით დიდი გემიდან ტვირთის პატარა გემებზე გადმოტვირთვა ხდება აუცილებელი, რაც ტრანსპორტირების ხარჯს ზრდის. ამას ისიც ემატება, რომ ფოთში მათი დაცლისთვის 3-7 დღეა საჭირო, მაშინ როცა თანამედროვე ტექნიკით 10 000 კონტეინერიანი გემები 48 საათში იცლება.


ყოველივე ამის გათვალისწინებით, 1 კონტეინერის ტრანსპორტირება–გადატვირთვის საშუალო ღირებულება $160-ით იზრდება. 2015 წელს ამ მიზეზით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ტვირთები ჯამში $40 მლნ-ით გაძვირდა.


საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, რომლის თანახმად, რკინიგზის ტვირთბრუნვას 100 მილიონ ტონამდე ეტაპობრივად გაზრდის, სივრცითი მოწყობის ფარგლებში კი 2021 წლამდე $4 მლრდ–ს დახარჯავს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.


ანაკლიის პორტის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი სპეციალისტებიც არსებობენ, მაგრამ მათი რიცხვი არც თუ ისე დიდია. სამაგიეროდ, დიდია დაინტერესებულ მხარეთა და მხარდამჭერთა ოდენობა. „კონტი ინთერნეიშნალი,“ „MTBS,” “VAN OORD,” “SSA MARINE“ – ჩამოთვლილთაგან პირველი ინვესტორია, მეორეს გენერალურ გეგმასა და დიზაინის შემუშავებაში აქვს მონაწიელობა მიღებული, მესამემ წინასამშენებლო სამუშაოები განახორციელა, რომელსაც თავის დროზე სუეცის ახალი არხი და დუბაის ცნობილი პალმები აქვს დაპროექტებული. მეოთხემ კი პორტს ოპერირება უნდა გაუწიოს. კომპანია “SSA MARINE“ წლიურად 250 ტერმინალსა და 27 მილიონ კონტეინერს ემსახურება. ამას გარდა, თბილისში ყოფნის დროს აშშ-ის ვიცე–პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პორტს თავის მხარდაჭერა აღუთქვა.


სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ავღანეთი... არ აქვთ ღია ზღვაზე გასასვლელი. ამ ქვეყნების მოსახლეობის ჯამური რაოდენოყბა კი 160 მილიონს აღწევს. მხოლოდ ეს რიცხვი უკვე  თავისთავად ძალინ  ბევრზე  მეტყველებს. უცნობია თარიღი, მაგრამ შეერთებულ შტატებს აუცილებლად მოუწევს ავღანეთიდან საჯარისო შენაერთებისა და ტექნიკის გაყვანა. მას სულ 2 შესაძლებლობა აქვს 1) პაკისტანზე გადასვლა სახმელეთო გზით, არაბეთის ზღვაში შესვლა იქიდან სუეცის არხით ხმელთაშუა ზღვაში მოხვედრა და შემდგომ ოკეანეში გასვლა 2) თურქმენეთი, კასპიის ზღვა, აზრბაიჯანი, საქართველო, ხმელთაშუა ზღვა და ოკეანე.



ანაკლიის პორტისთვის უმნიშვნელოვანესია ჩინეთის ფაქტორი. ამ სახელმწიფომ 2016 წელს $2.2 ტრილიონის ექსპორტი განახორციელა და მეორე ადგილზე მყოფ შტატებს $700 მილიარდით გადაუსწრო. 15 წლის წინ, 2002 წელს, ჩინეთის ექსპორტი $247 მილიარდს არ აღემატებოდა. ჩინეთის ეკონომიკა შენელებული ტემპით, მაგრამ მაინც დიდი ნაბიჯებით იზრდება. მეტი პროდუქტი საჭიროებს მეტ მარშრუტს, მეტ ახალ გზას. ტვირთების 1%-მაც რომ გაიაროს საქართველოზე, ეს უკვე $22 მილიარდია, რომლის ნაწილიც საქართველოში დაილექება. ამჟამად ჩინეთიდან ევროპაში ყოველწლიურად 340 მილიონი ტონა ტვირთი იგზავნება, საქართველოზე კი თითქმის არაფერი გადის.



ბოლო წლებში ჩინეთის ექსპორტის კლებას დოლარის გამყარება განაპირობებს. 2014-2016 წლებში ჩინეთის ექსპორტი იუანებში გამოხატული 14.2-დან 14.4 ტრილიონამდე გაიზარდა.


2018 წლის იანვრიდან ძალაში შედის საქართველო–ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რამაც 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უნდა გაზარდოს.



სავაჭრო ბრუნვა აზიასა და ევროპის ქვეყნებს შორის წლიურად $2 ტრილიონს  აღემატება. შეგვიძლია ცალკე გამოვყოთ ევროკავშირის ბრუნვა აზიის რამდენიმე სახელმწიფოსთან:



ეს მაჩვენებლები 2-ჯერ აღემატება 2005 წლის და 7-ჯერ 1995 წლის ანალოგიურ მონაცემებს. ყაზახეთი ამთავრებს კურუკის პორტის მშენებლობას. ტვირთები კასპიის ზღვის მეშვებით ბორნით მიეწოდება აზერბაიჯანს. ყაზახეთის სატრანზიტო ტვირთი ბოლო პერიოდში 16-დან 30 მილიონ ტონამდე გაიზარდა. სიმბოლური იყო ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის საზეიმო გახსნა და ამ მარშრუტით პირველ მატარებლის გაშვებაც, რომელმაც ყაზახეთიდან გადმოტვირთული 30 კონტეინერი გადაიტანა დანიშნულების ადგილზე. სრულდება თურქმენეთი-ავღანეთის დამაკავშირებელი რკინიგზაც.


ჩინეთის სტრატეგია „1 სარტყელი – 1 გზა“  როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო 8.5-11 ათასი კილომეტრის სიგრძის მარშრუტებს გულისხმობს ევროპისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებისაკენ. აღნიშნულ რეგიონში 60-ზე მეტი ქვეყანა ექცევა, 4.4 მილიარდი მოსახლეობით, მსოფლიო მშპ-ს თითქმის 2/3-ით, 81 000 კილომეტრიანი რკინიგზის ქსელით და ბუნებრივი რესურსების 3/4-ით.   


დავუბრუნდეთ საქართველოს – პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია „ანაკლია სითის“ მშენებლობაც. მოეწყობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. გამწვანებასა და ენერგოეფექტურობას მიენიჭება პრიორიტეტი. აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც თბილისში ნოემბრის დოლოს გაიმართა, სატვირთო აეროპორტის იდეამაც გაიჟღერა. თუმცა დეტალები „ანაკლია სითის“ შესახებ ჯერ ბოლომდე გარკვეული არა არის. რამდენ ადამიანზე იქნება გათვლილი ქალაქი 2030 ან 2050 წლისთვის, კონკრეტულად რომელი ინდუსტრიები განვითარდება – მოგვიანებით გახდება ცნობილი. ანაკლიის მშენებლები აზიის მაგალითებს სწავლობს, რომლებიც მოკლე დროში სწრაფად განვითარდნენ. ქალაქის სამართავად ტენდერი გაზაფხულზე გამოცხადდება.


რაც შეეხება მსოფლიოს, ყველაზე დიდი პორტი გადაზიდული კონტეინერების მიხედვით შანხაის ნავსადგურია. 2015 წელს გადაზიდული იყო 36 მილიონი კონტეინერი. 2030 წლისთვის ამ მაჩვენებლის 50 მილიონამდე ზრდაა გათვალისწინებული. ჩინეთის ექსპორტის 20%-ზე მეტი სწორედ ამ პორტიდან ხორციელდება. თუმცა ტონაჟით ეს პორტი მეორე ადგილზე ინაცვლებს და პირველობას იგივე ჩინეთის ნინგბო-ზოუშენის პორტს უთმობს – 888 მილიონი ტონა 2015 წელს. ევროპის უდიდესი პორტი კი ნიდერლანდებში მდებარეობს. 12.2 მილიონი კონტეინერი, 466 მილიონი ტონა ტვირთი წელიწადში.


სხვა სიახლეები