• Ƀ/$

ლარის კურსის დინამიკა 2017 წელს მიზეზები და მოლოდინები

2 იანვარი 18:20, 2018 წელი | ანალიტიკა

2017 წელს ლარის კურსი ძირითადი ვალუტების მიმართ (დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი) გამუდმებით იცვლებოდა. თუმცა 2016 წელთან შედარებით რყევების შემცირების ტენდენციაც შეინიშნებოდა.

ლარი რამდენჯერმე გამყარდა და გაუფასურდა. კურსის ცვლილება როგორც წესი, ეკონომიკურ მოვლენებთან და მოლოდინებთან იყო დაკავშირებული.



1 იანვარს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6468 ლარს შეადგენდა, 1 ევროს ღირებულება - 2.7940-ს, ხოლო გირვანქა სტერლინგის 3.2579-ს.  სულ რაღაც 1 კვირაში ლარი მკვეთრად გაუფასურდა. დოლარის ღირებულება 2.7674-ს გაუთანაბრდა, ევროს ფასი 2.9324, ხოლო გირვანქა სტერლინგის 3.4274-ს. კურსი რამდენიმე დღეს ნარჩუნდება და შემდეგ ეტაპობრივად გამყარება იწყება. 1 მარტისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 2.55-მდე გამყარდა. ევროსთან მიმართებაში 2.7-მდე.


მოლოდინები ვალუტის მოკლევადიან კურსთან მიმართებაში დიდ როლს თამაშობენ. როდესაც ლარის გაუფასურების ტენდენცია შეინიშნება, მოსახლეობა კიდევ უფრო დიდ გაუფასურებას ელის, წინასწარ ყიდულობს უცხოურ ვალუტას, როგორც წესი დოლარს, დოლარზე მოთხოვნის ხელოვნური ზრდა, ვალუტას კიდევ უფრო აძვირებს. ზუსტად იგივე ხდება საპირისპირო შემთხვევაში. ლარის გამყარების მოლოდინში, მოსახლეობა იშორებს დოლარს და მცირე დროით ლარი კიდევ უფრო მყარდება. გასული წლის მარტში, სწორედ ასეთ პროცესს ჰქონდა ადგილი და უკვე 6 მარტს ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი  2.43-ს შეადგენდა, ლარი-ევროსი კი 2.56-ს. მოკლე დროში დოლარის ღირებულება 2.5-ს გაუტოლდა.


მაისიდან აგვისტოს ჩათვლით ლარი დოლართან მიმართებაში 2.40-2.45-ის ფარგლებში მერყეობდა. ვალუტის კურსზე უმარავი ფაქტორი მოქმედებს: სავაჭრო ბალანსი, ინვესტიციები, გადმორიცხვები საზღვარგარეთიდან, ფულის მასა M2, გრანტები და უცხოური კრედიტები, ტურიზმი, ბიუჯეტის ხარჯვა. მათგან სეზონური მხოლოდ ტურიზმია. თუ იანვარში სახელმწიფო საზღვარი სულ 387 ათასმა პირმა გადმოკვეთა, საიდანაც ტურისტი 154 ათასი იყო, აგვისტოში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 1.08 მილიონსა და 573 ათასამდე გაიზარდა.


სექტემბრიდან ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო. 1 სექტემბერს 1 დოლარი 2.43 ლარი ღირდა, 1 ოქტომბერს, 2.48 ლარი, უკვე პირველ ნოემბერს კი 2.61 ლარი. ნოემბერში დოლარი კიდევ 10 თეთრით 2.72-მდე გაძვირდა. დეკემბრის პირველი 2 დეკადა ლარი მყარდებოდა. 21 დეკემბერს დოლარის ღირებულება 2.53-მდე ჩამოვიდა, ამის  შემდეგ ლარი 1 კვირის განმავლობაში 8 თეთრით გაუფასურდა, წლის ბოლომდე კი 2 თეთრით გამყარდა.


ლარი მთელი წლის მანძილზე ფუნტთან მიმართებაში თითქმის იმავე პროპორციით იცვლებოდა. ევროსთან მიმართებაში კი სიტუაცია ოდნავ განსხვავებული აღმოჩნდა. ევრო თავად დოლართან მნიშვნელოვნად გამყარდა 1.04-დან 1.20-მდე



ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რაც ლარის კურსზე ახდენს გავლენას გაუმჯობესებულია. ჯერჯერობით სრული 12 თვის მონაცემები ხელმიუწვდომელია და არსებულიც დასაზუსტებელია, მაგრამ, რაც გვაქვს შეაფასებისთვის ისიც სავსებით საკმარისია. 2016 წლის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 2.7%, 2017 წლის 11 თვისამ 4.8%. პირველ 3 კვარტალში 2016 წელს 1.308 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2017 წლის პირველ 3 კვარტალში 1.347 მილიარდის. ამავე პერიოდში ექსპორტი 27%-ით $2.44 მლრდ-მდე გაიზარდა. დოლარებში გამოხატული უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 50 მილიონით გაიზარდა, მაგრამ პროცენტულ ჭრილში 54.6-დან 49 პროცენტამდე შემცირდა. 2016 წლის იანვარ-ნოემბერში ფულადმა გზავნილებმა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შეადგინა 1.032 მილიარდი აშშ დოლარი, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.241. საქართველოდან გადარიცხული თანხები 176-დან 189 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ტურისტების რიცხვი 27 პროცენტითაა გაზრდილი, წინასწარი მონაცემებით იანვარ-ნოემბერში შემოსავალმა ტურიზმიდან 2.56 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 400 მილიონი დოლარით აღემატება მთელს 2016 წლის მაჩვენებელს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით მოლოდინი რომ 2017 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.7 მილიარდს მიაღევს რეალურია.


მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესებმა გავლენა ლარის კურსზეც იქონია და რყევები შეამცირა.



2017 წელს დოლარის მაქსიმალურმა ღირებულებამ 2.7674 შეადგინა, მინიმალურმა 2.3824, მათ შორის სხვაობამ კი 38.5 თეთრი, მაშინ როცა 2016 წელს დოლარი 2.7846-მდეც იყო გაძვირებული და 2.1272-მდეც გაიაფებული, სხვაობა 65.74 თეთრს შეადგენდა. ექსპერტთა მოსაზღებით გარდა არახელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოსი, ასეთი რყევები ცრუ მოლოდინებითაც იყო გამოწვეული, კერძოდ მოსახლეობის ნაწილმა მიიჩნია, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი მოახერხებდა ლარის საგრძნობ გამყარებას და ამის გამო მათ დოლარის მასობრივად გადახურდავება დაიწყეს.


რეგიონში ადგილობრივი ვალუტების გაუფასურების ტალღა 2014 წლიდან აგორდა. თუ 2014 წლის 1 იანვარს დოლარი 33 რუბლი ღირდა, 2016 წლის იანვარში 80 რუბლს გადსცა, დღეს 57 რუბლი ღირს. 2014 წლის იანვარში 1 დოლარის შესაძენად 0.78 აზერბაიჯანული მანათი საკმარისი იყო, 2017 წლის იანვარში 1.94-მდე გაძვირდა, დღეს 1 დოლარი 1.7 მანათი ღირს. თურქული ლირა 2.15-დან 3.78-მდე დაეცა. იმავე პერიოდში დოლარის ღირებულება 8-დან 28 გრივნამდე გაიზარდა. დოლართან მიმართებაში რეგიონის ქვეყნების გარდა თითქმის ყველა სხვა ვალუტა გაუფასურდა ბულგარული ლევიც, ბრაზილიური რიალიც, ჩინური იუანიც და იაპონური იენიც.


საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება დოლართან მიმართებაში არაა მოსალოდენელი. საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიც ლარი-დოლარის კურსი 2.5 ნიშნულზეა დაგეგმილი.


სხვა სიახლეები