სოფლის მეურნეობა
თხილი
რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხს ერთწლიანი კულტურებისა და თხილის მსხვილ მწარმოებლებს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს.ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ საშუალებას აიღონ სესხი. ეს სესხი იქნება კულტურების მოსაყვანად, საბრუნავი სახსრების სახით და დავუფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 ათასი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარში დავუდგეთ ფერმერებს ამ ნაწილში, ერთწლიანი კულტურების მოვლა - მოყვანაში საჭირო ხარჯების დაფინანსებაში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა გაითვალისწინებს თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის მხარდაჭერასაც. იცით, რომ ვეხმარებით ფერმერებს სუბსიდიის სახით ერთ ჰექტარზე 500 ლარით, ვისაც აქვს, არაუმეტეს, 3 ჰექტრის ოდენობის თხილის ბაღი, ეს პროგრამა კი გაითვალისწინებს უფრო დიდი ფართობების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით და აქ სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 300 ათასი ლარი ერთ ბენეფიციარზე“, - განაცხადა შამუგიამ.

1711543300

1710763935

საქართველოში უკანონო ნადირობის 700-მდე ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონი დასრულდა, თუმცა გასული წლების მსგავსად სექტორში გამოწვევები მრავლადაა, სამონადირეო მერნეობების ფინანსური პრობლემების გარდა, დარღვევების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ძირითადად აკრძალული იარაღით ან და აკრძალულ სახეობებზე ნადირობას, მომზიდავი ელექტონული მოწყობილობების გამოყენებას და სალიცენზიო პირობების დარღვევას უკავშირდება.საქართველოში სულ 13 სამონადირეო მეურნეობა არსებობს, ხოლო გასულ სეზონზე, უკანონო ნადირობის 700-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4 სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდა, დანარჩენი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აკრძალული იარაღით ნადირობის 344 ფაქტია გამოვლენილი.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკა, რომელიც 2023 წლის 19 აგვისტოდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასე გამოიყურება:🔵 სულ, სამართალდარღვევების რაოდენობა -  691🔵 უკანონო ნადირობა (სისხლის სამართალი)  - 4🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 344🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გარეშე - 214🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 10🔵 იმ სახეობაზე ნადირობა, რომელზეც აკრძალულია - 27🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 92🔵 ჩამორთმეული ე.წ. მანოკების რაოდენობა - 372🔵 ჩამორთმეული სანადირო თოფების რაოდენობა - 141გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე „ბიზნესპარტნიორთან”  აცხადებს, რომ დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახდენს კონტროლს და სამწუხაროდ სამართალდარღვევის ფაქტები საკმაოდ ხშირია.„დეპარტამენტმა გააძლიერა მუშაობა, არა მხოლოდ ადამიანური რესურსით, არამედ მონიტორინგის პროცესში სმარტ ტექნოლოგიების გამოყენებით. თუ გადავხედავთ, ძირითადად სამონადირეო მეურნეობები კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქარელსა და რაჭაშია. ამ ტერიტორიებზე თუ კარგად განვითარდება სამონადირეო ტურიზმი და სამონადირეო მეურნეობაშიც სწორად წარიმართება პროცესები, აქ განვითარებული ეკოტურიზმი საკმაოდ კარგი შემოსავლის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის”, -აცხადებს მაია ჩხობაძე.ცნობისთვის, სამონადირეო მეურნებაში დაშვებულია მხოლოდ ცხოველებზე ნადირობა, მის გარეთ კი გადამფრენ ფრინველზე, მონადირეს სეზონის მანძილზე მხოლოდ 10 ლარიანი ქვითრის შეძენა უწევს.სამონადირეო მეურნეობების შექმნის მიზანი გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა, გამრავლება, მათი საბინადრო პირობების უზრუნველყოფა და ორგანიზებული ნადირობის დაგეგმვაა.

1710313506

ხე-ტყის უკანონო ჭრისათვის სასჯელი გამკაცრდება - პრემიერი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების საჭიროებაზე

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება - ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 11 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არ არის უფრო ნაკლები დანაშაული, თუ სხვა მძიმე დანაშაულებთან შევადარებთ."რამდენიმე ადამიანმა მომმართა მე პირადად ამ საკითხზე. იყო ინფორმაცია, რომ კონკრეტულ რეგიონებსა და ხეობებში იჭრება ტყეები. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ვერ ვიტყვი, რამდენად მართალია ეს ინფორმაციები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულების პრევენცია. მე მინდა, რომ [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის] სამინისტრომ და ძალოვნებმა შესაბამისი ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს. ძალიან მძიმე დანაშაულია ხე-ტყის უკანონო მოპოვება. არა ნაკლებ მძიმე დანაშაულია, სხვა მძიმე დანაშაულებს, რომ შევადაროთ, იქიდან გამომდინარე რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის.აქედან გამომდინარე, უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ამ კანონპროექტზე მუშაობას დაუყოვნებლივ დავიწყებთ", - განაცხადა პრემიერმა.შეგახსენებთ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სასჯელი ბოლოს, 2018 წელს გამკაცრდა. მაშინ, ცვლილებები შევიდა როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსშიც. 

1709812585

საქართველოში ჭიაყელების ბიო-ფერმა ამოქმედდება - „მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“

„მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“ - როგორც კომპანია „მაკრო პრიმის“ დამფუძნებელი, გურამ გეჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და ის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებს.გურამ გეჯაძე: წლიურად დაახლოებით 150 ტონა სასუქს ვაწარმოებთ. წლიდან წლამდე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. წელს მაგალითად, მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია, ამიტომ ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით არც კი მოიაზრება.სასუქის რეალიზაცია ხდება როგორც ქსელურ მაღაზიებში - „კარფურში“, „გორგიაში“, „დომინოში“, ისე ფერმერებთან. 1 კილოგრამი მყარი სასუქი 1,2 ლარი ღირს, ხოლო თხევადი - 6 ლარი. მაღაზიებში კი ფასი განსხვავებულია. გურამ გეჯაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰყავს ჭიაყელების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც სასუქის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ სამომავლოდ ჭიაყელების ბიო-ფერმის გაკეთებას გეგმავს.„ჭიაყელებით ცილის, პროტეინის წარმოება მოხდება, როგორც საკვები დანამატი მეცხოველეობაში. როგორც კი რაღაც მასშტაბზე გავალ, რომ გამოიხშიროს, ფერმას აუცილებლად გავაკეთებ“ - ამბობს ის.ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება.„მაკრო პრიმმა“ წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.


სხვა სიახლეები
ვალუტის კურსი
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9063 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9112 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0833 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 30 მარტს შევა ძალაში.

ეკონომიკა 1711717654

მწვანილი
იმპორტირებული მწვანილი თითქმის 4-ჯერ გაძვირდა - რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოს იმპორტირებული მწვანილი (სხვადასხვა დასახელების მწვანილების 80%) თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაუძვირდა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს, 2 თვეში საქართველომ 360.5 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც თითქმის, 2 ჯერ ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2022 წელს იანვარ-თებერვალში იმპორტირებული მწვანილის მოცულობამ 671.05 ტონა შეადგინა.ამასთან, წელს 2 თვეში, საქართველომ 360.5 ტონა მწვანილში 264.3 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, შესაბამისად, 1 კგ პროდუქტი, საშუალოდ 73 ცენტი დაჯდა. ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს 671.05 ტონა პროდუქტში 141.5 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, ანუ 1 კგ-ში დაახლოებით21 ცენტი. შესაბამისად, წელს ფასი 248%-ით არის გაზრდილი.

ეკონომიკა 1711715784

ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა.უფრო კონკრეტულად კი, დ. აღმაშენებლის აეროპორტს დამატებით 4 ადგილიანი 36 ერთეული სავარძელი და რიგის კონტროლის 300 ერთეული ტენსაბარიერი დაემატა.პროექტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 185 600 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

საზოგადოება 1711715045

შავი ზღვა
შავი ზღვის დაბინძურებისთვის 65 000-ლარიანი ჯარიმის გაზრდა იგეგმება - კანონპროექტი

შავი ზღვის დაბინძურებისთვის არსებული 65 000-ლარიანი ჯარიმის გაზრდა იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტით, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა, ჯარიმის ₾100 000-მდე ზრდაა გათვალისწინებული.„სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი საშუალებებიდან ხდება შავი ზღვის დაბინძურება. დღესდღეობით კანონმდებლობით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ საჯარიმო სანქცია“, - განაცხადა თანდილაშვილმა.მისივე თქმით, საქართველოს მეზობელ თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, გაცილებით უფრო მაღალი საჯარიმო სანქციები მოქმედებს.„ამ ყველაფრის მიზეზი არის პრევენცია, ვინაიდან როგორც იცით საზღვაო ზოლი გამოიყენება როგორც ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის, ასევე იქ ბიომრავალფეროვნების სახეობებია წარმოდგენილი და საჭიროა მაქსიმალურად მოვახდინოთ დაბინძურების ფაქტების პრევენცია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.რაც შეეხება დაბინძურების შემთხვევების სტატისტიკას, ნინო თანდილაშვილის თქმით, 2021-2023 წლებში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დაბინძურების 40-მდე შემთხვევა იყო.“ჩვენ გვაქვს ნავთობშემცველი პროდუქტების ჩაღვრის ფაქტები, ასევე ფეკალური მასებით დაბინძურების შემთხვევები ძირითადად უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი საშუალებების მხრიდან, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ წყლებში შემოდიან. ჯამურად 2021-2023 წლებში 40-მდე ასეთ შემთხვევა იყო და საერთო ჯამში დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ 2 535 000 ლარი შეადგინა. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფაქტები მზარდია, ვფიქრობთ, მეტი პრევენციისთვის ჯარიმის თანხის ზრდა საჭიროა”, - განაცხადა თანდილაშვილმა.ცნობისთვის, პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანონი 2024 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდება.

საზოგადოება 1711712367

ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

გავლენიანი იტალიური გამოცემის “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” მინიმუმ 2025 წლამდე დარჩება და ზაფხულში მისი გაყიდვა არ იგეგმება.გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველის კონტრაქტი 2027 წელს იწურება, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდეს და ახალი კონტრაქტის დეტალებზე გაესაუბროს. ევრო 2024-ზე ასპარეზობის შედეგად დიდი ალბათობით კვარაცხელიას შეძენა კიდევ უფრო მეტ ტოპ კლუბს მოუნდება, თუმცა ნეაპოლში სჯერათ, რომ შემტევი კონტრაქტს 2028 ან 2029 წლამდე გაახანგრძლივებს და სეზონში ბონუსების ჩათვლით 4,5 მილიონ ევროს გადაუხდიან. დღესდღეობით ხვიჩა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი მოთამაშეა, რადგან სეზონში მისი შემოსავალი 1,2 მილიონ ევროს შეადგენს.როგორც “გაძეტა დელო სპორტი” წერს, ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან კონტრაქტში ჩასადებ გამოსასყიდი თანხის პუნქტზე, რომელიც ამჟამინდელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის. კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის მითითება გულისხმობს ფეხბურთელით დაინტერესებული კლუბის მხრიდან აღნიშნული საფასურის გადახდის შემთხვევაში მოთამაშის აუცილებელ ტრანსფერს, რაზედაც სპორტსმენის მფლობელი კლუბი უარს ვერ იტყვის.იტალიური პრესის ინფორმაციით, თავად კვარაცხელიას “ნაპოლიში” კიდევ ერთი სეზონით დარჩენა და განვითარება სურს, რაშიც მისი აგენტი და ოჯახის წევრებიც ეთანხმებიან. 

საზოგადოება 1711711435

მომხმარებლების საჩივრები
ბანკების მიმართ მომხმარებლების საჩივრები 41,2%-ით გაიზარდა

2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 41,2%-ით გაიზარდა.კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ორ თვეში მათ მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 339 საჩივარი დაიწერა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 1 656.ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში დაფიქსირებული პრეტენციებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის თებერვალში) ასე გამოიყურება:🔵 მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1 021 განაცხადი;🔵  სამომხმარებლო სესხი - 629 განაცხადი;🔵  საკრედიტო ბარათი - 120 განაცხადი;🔵  ინტერნეტბანკი – 102 განაცხადი;🔵  იპოთეკური სესხი - 66 განაცხადი.პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 898 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 604 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ადმინისტრაცია/მომსახურება 389 საჩივრით და ა.შ.ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში 2 339 საჩივრიდან ბანკებმა 1033 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 388 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 913 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 5-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.

სხვადასხვა 1711710598