• Ƀ/$

ელექტროენერგიის მოხმარება 7.7%-ით გაიზარდა

18 იანვარი 17:23, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოში 2017 წელს ელექტროენერგიის გამომუშავებამ 11.531 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, რაც 0.35%-ით ნაკლებია 2016 წელთან შედარებით. იმავე პერიოდში მოხმარება 7.7%-ით 11.875 მილიარდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. 

წარმოების შემცირება, არახელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა. ჰიდრო რესურსით მიღებული ელექტროენერგია 119 მლნ კვტ/სთ-ით  9.21 მლრდ-მდე შემცირდა. ეს მაშინ როცა დარიალჰესმა, რომელიც საცდელად 2016 წლის ნოემბერში გაეშვა, 2017 წელს 244 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა და ასევე ახლადგახსნილმა ხელვაჩაურჰესმა კი 136 მლნ. კვტ/სთ. ზაფხულში საცდელად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი შუახევჰესიც გაეშვა, მაგრამ მისი გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა, რამაც ჰესის ექსპუატაციაში შევლა გაურკვეველი ვადით გადადო.



წარმოების შემცირებამ და მოხმარების ზრდამ იმპორტზე მოთხოვნა ბუნებრივად გაზარდა. 2016 წელს იმპორტის მოცულობამ 478 მლნ. კვტ/სთ შეადგინა, 2017 წელს კი 1497 მლნ. კვტ/სთ. იმპორტის მოცულობის ზრდა თანხობრივადაც აისახა. 2016 წელს სულ 21.8 მილიონი დოლარის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში კი 60 მილიონზე მეტის.



გაზრდილია როგორც აფხაზეთის, ასევე „თელასისისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ მოხმარება. „კახეთის ენერგო დისტრიბუცია“ 24 ივლისს „ენერგო პრო ჯორჯიამ“ აუქციონის გზით შეიძინა, თუმცა იქამდე მისი მოხმარებაც იზრდებოდა. გაზრდილია პირდაპირ მომხმარებელზე მიწოდებაც. თუ „ჯორჯიან მანგანეზმა“ 2016 წელს 933 მლნ კვტ/სთ მოიხმარა, 2017 წელს კი 1182.


ექსპორტის მოცულობა 559-დან 685 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ტრანზიტი კი მკვეთრად 849-დან 254 მლნ. კვტ/სთ-მდე შემცირდა.



მთლიანმა მოთხოვნა დანაკარგების გათვალისწინებით, 2016 წელს 12.693, ხოლო 2017 წელს 13.066 მლრდ. კვტ/სთ შეადგინა.


გორში მდებარე პირველი ქარის ელექტროსადგური შეიძლება ცალკე გამოიყოს, 2017 წელს ის საპროექტო სიმზლავრეზე გავიდა და 87.8 მილიონი კვტ/სთ გამოიმუშავა, რამაც პოტენციოურ ინვესტორებს დარგის პერსპექტიულობა დაანახა.


თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ოჯახის სახლის სახურავზე განთავსებულ მზის პანელებს და ცალკეულ საპილოტე პროექტებს, თელავში, თბილისის აეროპორტში, ილიუნის ეზოში საქართველოში მზის ენერგიის კოლოსალური რესურსი ელექტროენერგიის წარმოებაში პრაქტიკულად გამოუყენებელია.


ელექტროენერგიის მოხმარებასა და წარმოებას შორის სხვაობამ 340 მლნ. კვტ/სთ შეადგინა, იმპორტსა და ექსპორტს შორის კი 872-მა, ამის მიზეზი სასადგურე დანაკარგები და ტრანსპორტირების ხარჯია. დეკემბერში სახელმწიფო ელექტროსისტემამ გადაცემისა და დისპტჩერიზაციის ტარიფი გაზარდა, რომელიც დაგეგმილი 600 მილიონი ლარის ინვესტირებით ახსნა.


ამჟამად საქართველოში რამდენიმე მსხვილი ჰიდრო პროექტი განხორციელების ფაზაშია, ან მემორანდუმია გაფორმებული. განიხილება ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის საკითხიც.


 


მსგავს თემაზე


ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონი ევრო გამოიყო


ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა


ქართლის ქარის ელექტროსადგური საპროექტო სიმძლავრეზე გავიდა


ჩერნობილში მზის ელექტროსადგური ააშენეს


სხვა სიახლეები