• Ƀ/$

Apple, Amazon და Alphabet: რბოლა ტრილიონი დოლარისთვის

2 თებერვალი 14:12, 2018 წელი | კომპანიები

ფინანსური ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ პირველი ამერიკული კომპანია, რომლის კაპიტალიზაცია წელს ტრილიონ დოლარს ასცდება, გიგანტების სამეულიდან იქნება – Apple, Amazon და Alphabet.

ამ კომპანიებიდან რომელი იქნება პირველი ტრილიონერი, მხოლოდ დროის საკითხია.


Apple, Amazon და Alphabet ოთხშაბათს აქვეყნებენ კვარტალურ ანგარიშებს, რომელთა მიხედვით დიდი ალბათობით შეიძლება იმის განსაზღვრა, თუ რომელი მათგანი უფრო ახლოსაა ტრილიონიან ნიშნულთან.


ფინანსური შედეგებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რბოლაში გამარჯვებული Amazon შეიძლება გახდეს, ვინაიდან მისი შემოსავლები, და შესაბამისად, კაპიტალიზაცია იზრდება.


Amazon



Amazon–ის შემოსავლები გასულ წელს 31%–ით გაიზარდა და $177,9 მლრდ–ს მიაღწია. საანალიზო პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ $3 მლრდ შეადგინა, ნაცვლად 2016 წლის $2,4 მლრდ–ისა.


კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი დღეს მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია. Amazon–ის აქციების ღირებულება ბირჟაზე 2017 წლის განმავლობაში 50%–ით გაიზარდა.


Amazon–ის პორტფელში ცოტა ხნის წინ სასურსათო რითეილერი Whole Foods გამოჩნდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Amazon–ისა და Whole Foods–ის სავაჭრო წერტილების გაერთიანება უზარმაზერი მოგების მომტანი შეიძლება გახდეს.


თუმცა, Amazon–ის შეფერხება ხარჯების სიჩქარემ შეიძლება გამოიწვიოს. კომპანია $4 მლრდ–ის დახარჯვას აპირებს Prime Video სერვისის კონტენტის შექმნაზე და გააფთრებულ კონკურენციაში შევა Netflix–თან.


გარდა ამისა, კომპანია ხმოვანი თანაშემწის შექმნაზე მუშაობს, რომელსაც ალექსი ერქმევა. კომპანიის განცხადებით, ეს პროგრამული უზრუნველყოფა არაფრით ჩამოუვარდება Apple–სა და Google-ს ანალოგებს. პროექტზე 5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.


დაბოლოს, იმისათვის, რომ უფრო სწრაფად მიაწოდოს ამანათები დამკვეთებს, Amazon მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ დამხარისხებელ ცენტრებს აშენებს. ეს ყველაფერი კოლოსალურ ხარჯებს მოითხოვს, რომ აღარაფერი თქვათ მეორე შტაბბინის მშენებლობაზე.


აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის კომპანია GBH Insight–ის ანალიტიკოსის დევიდ ივესის განცხადება, რომელიც Amazon–ის ინვესტორების საყურადღებოდ გააკეთა. მისი თქმით, ინვესტორებს თავდაპირველად მოკლევადიანი, მაგრამ მაინც მტკივნეული პერიოდი ელოდებათ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანია სტაბილურად გაიზრდება.


Apple



Apple–ის წარმატება დიდწილად iPhone X–ის ხაზის პროდუქციის გაყიდვების მოცულობაზეა დამოკიდებული. თუ გაყიდვები კარგად წავა, და ყველა შემთხვევაში კარგად უნდა წავიდეს, Apple–ის ფასი აფრინდება და უმოკლეს დროში მიაღწევს ტრილიონ დოლარს.


ვინაიდან iPhone X აშშ–ში $999 ღირს, სულაც არ არის აუცილებელი მისი გაყიდვების რეკორდული რაოდენობა, რომ კომპანიას უზარმაზარი მოგება მოუტანოს. კომპანიას ისედაც შეუძლია ინვესტორების დარწმუნება, რომ ინოვაციურ ტექნოლოგიებში მსოფლიო ლიდერია.


კომპანიის ოთხშაბათის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის ფინანსური წლის პირველ კვარტალში Apple–მა რეკორდული შემოსავალი მიიღო. ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით შემოსავალი 13%–ით გაიზარდა და $88,3 მლრდ–ს მიაღწია. კომპანიაში რეკორდული შემოსავლების საფუძვლად ახალი აიფონების გაყიდვებს ასახელებენ.


„iPhone X–მა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა“, – აცხადებენ კომპანიაში


Alphabet



Google-ს სათაო კომპანია Alphabet აცხადებს, რომ კომპანიის შემოსავლები გასულ წელს 20%–ით გაიზარდა. მაგრამ, როგორც მანამდე, შემოსავლის ძირითადი წყარო ვიდეოჰოსტინგი YouTube–ს საძიებო რეკლამაა.


თუ Alphabet–ს ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვა სურს, რეკლამის გარდა სხვა სფეროებიდანაც უნდა გაზარდოს შემოსავლების მოცულობა.


უპირველესად ტექნიკურ მოწყობილობებს უნდა მიექცეს ყურადღება, ბაზარზე მათი წარმატების უზრუნველსაყოფად.


დღეისათვის Apple–ს ფასი დაახლოებით 860 მილიარდი აშშ დოლარია, რითაც ის ყველაზე ახლოსაა ტრილიონიან ნიშნულთან. Amazon 700 მილიარდზე ოდნავ ნაკლები ღირს, ხოლო Alphabet – დაახლოებით 817 მლრდ დოლარი.


არც ისაა გამორიცხული, რომ წელს ტრილიონიანი ნიშნული სამივე კომპანიამ გადალახოს.


სხვა სიახლეები