• Ƀ/$

ჯორჯ სოროსი Brexit–ის წინააღმდეგ

17 თებერვალი 12:00, 2018 წელი | ანალიტიკა

ამერიკელმა მილიარდერმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა 100 000 ფუნტი-სტერლინგი გამოყო ბრიტანეთში ანტი-ბრექსიტის კამპანიის მხარდასაჭერად.

დონაციები გადაეცემა საკამპანიო ჯგუფს - „საუკეთესო ბრიტანეთისთვის“ (Best for Britain), რომელიც ბრიტანელთა მოსაზრებებს ევროკავშირიდან გასვლის საწინააღმდეგოდ გაამყარებს.


ინვესტორმა ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბრექსიტის მხარდამჭერებმა გამოავლინეს, რომ მან უკვე დააფინანსა დასახელებული კამპანია. სოროსის განცხადების თანახმად, ბრექსიტი ტრაგიკული შეცდომაა როგორც ევროპისთვის, ისე ბრიტანეთისთვის. გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა ევროპას, დემოკრატიული ღირებულებების განხორციელების გზაზე მნიშვნელოვნად დაასუსტებს.


მან, ასევე, მართებულად შენიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუკი ევროკავშირი და ბრიტანეთი ერთიან ძალებს მიმართავენ პუტინის რუსეთის საწინააღმდეგოდ და ერთსულოვნად შეეცდებიან აღმოფხვრან შიდა კონფლიქტები, რის გამოც ევროკავშირს ბრიტანეთში მტრულად აღიქვამენ.



სოროსმა, რომლის ქონება დაახლოებით $25.2 მლრდ–ს შეადგენს, ამ კამპანიაში ჩართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა თავის სახლში, ჩელსიში, სტუმრად მიიღო ექვსი დონორი. საწყის ეტაპზე სოროსი 40 000 ფუნტი-სტერლინგის გაღებას გეგმავდა, თუმცა, ბრექსიტის მხარდამჭერებთან დაპირისპირების შემდგომ, მან ეს თანხა 100 000-მდე გაზარდა.


ამ დონაციებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, რადგანაც კვლევებმა აჩვენა, რომ ბრიტანელი მოსახლეობის ერთ-მესამედს არც თუ ისე ცხადი წარმოდგენა აქვს პრემიერ–მინისტრის ტერეზა მეის პოლიტიკური კურსის შესახებ - განსაკუთრებით კი, ვაჭრობისა და იმიგრაციის კრიტიკულ საკითხებში.


რა ხდება დღეს?


გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ ხმა მისცა ევროკავშირიდან გასვლას. ქვეყანა ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. ეს გადაწყვეტილება 2016 წლის ივნისში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე მიიღეს, რომელშიც მოსახლეობის 51.9%-მა ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა, მაგრამ შოტლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ ევროკავშირში დარჩენა ამჯობინეს, რაც მოცემულ პრობლემას ერთი-ორად ამწვავებს ბრიტანეთისთვის.


ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორწლიან სატრანზიტო პერიოდზე - ორწლიან გეგმაზე, რამაც ბიზნეს-სექტორს ბრექსიტის შემდგომი პერიოდი უნდა გაუადვილოს.


ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერენ სატრანზიტო პერიოდის იდეას, რათა მოგვარდეს ბიუროკრატიული პროცედურები და ბიზნესმენებს ხელი შეეწყოთ ახალ, პოსტ-ბრექსიტულ კონიუნქტურაზე მოსარგებად, თუმცა ამ ეტაპისთვის გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები გრძელვადიან პერსპექტივაში. ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის შესაძლო ურთიერთობებზე მოლაპარაკებები მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა სატრანზიტო პერიოდზე შეთანხმებებს მიაღწევენ.


თუმცა, გაერთიანებული სამეფოს გამოსვლა ბრიტანეთისთვის არც თუ ისე მომგებიანი სვლაა, რადგანაც შოტლანდია და ირლანდია ევროკავშირში დარჩენის მომხრეები არიან.


 იმ შემთხვევაში, თუ ბრინატეთი ევროპის ერთიან ბაზარს დატოვებს და აკრძალავს უვიზო მიმოსვლას, ეს ფინანსურად წამგებიანი იქნება შოტლანდიისათვის. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯონმა განაცხადა, რომ „დემოკრატიულად მიუღებელია“ შოტლანდიის გასვლა ევროკავშირიდან, მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ხმა სტრუქტურაში დარჩენას მისცეს; სწორედ ამიტომ, მან მეორე რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, თუმცა ამაზე მეისგან უარყოფითი პასუხი მიიღო, რაც საკმაოდ ზრდის გაერთიანებული სამეფოდან შოტლანდიის გასვლის შანსებს, მიუხედავად ბრიტანეთის განცხადებისა, რომ  იგი ეძებს  გზებს, რომელიც მომგებიანი იქნება მათი ეკონომიკსათვის.


შოტლანდიის მთავრობის ანალიზზე დაყრდნობით, ქვეყანა 12 მილიარდი ფუნტი-სტერლინგი უჯდება გაერთიანებული სამეფოს გამოსვლა ევროკავშირიდან. ამ გამოთვლების მიხედვით, ბრიტანეთის გადასვლა ევროკავშირიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებზე, შოტლანდიის მთლიან შიდა პროდუქტს 8.5%-ით შეამცირებს, რაც თითო წელზე 12–მილიარდიან დანაკარგს უდრის 2030 წლამდე; ეს კი, თითო ადამიანზე 2 300 ფუნტი-სტერლინგის ზარალია.


იმ შემთხვევაში კი, თუ ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებას მიაღწევს, შოტლანდიის მშპ 6.1%-ით გაუარესდება 2030 წლამდე, რაც თითო ადამიანზე 1 610 ფუნტი-სტერლინგის დანაკარგია. თუმცა, მიუხედავად ამისა, არც ესაა საუკეთესო გამოსავალი შოტლანდიისათვის, რაც ბრიტანეთს ალტერნატიული გზების მოძიებას აიძულებს.


ამ კრიტიკულ სიტუაციაში, ყველაზე მისაღებ გამოსავლად შოტლანდიას ევროპულ ერთიან ბაზარზე დარჩენა ესახება. ამ შემთხვევაში, მშპ 2.7%-ით დაიკლებს, რაც ფულადი გამოანგარიშებით 4 მილიარდიან ზარალს წარმოადგენს - ერთ სულ მოსახლეზე 688 ფუნტი-სტერლინგის დანაკარგით.


Brexit და ბრიტანეთის ფინანსური მდგომარეობა


ბრიტანეთის ეკონომიკა 2016 წელს 1.8%-ით გაიზარდა. იმავე ტემპით განაგრძო ზრდა 2017-ში. 2016 წლის ივნისის შემდეგ ინფლაცია 3.1%-ზეა შეჩერებული. ამ მონაცემების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ უახლოესი ხუთი წლის მანძილზე ევროკავშირიდან გასვლა ბრიტანეთის ეკონომიკას შეასუსტებს.



ვითარებას ართულებს ის ფაქტორიც, რომ თუ ბრიტანეთი ევროკავშირთან სავაჭრო გარიგებას არ დადებს, უახლოესი 15 წლის მანძილზე იგი 252 მილიარდ ფუნტ-სტერლინგს დაკარგავს; ხოლო, სავაჭრო კავშირების შენარჩუნება ამ ზარალს 131 მილიარდამდე შეამცირებს. თუმცა, ცხადია, რომ  არც ერთი ვარიანტი არ არის მომგებიანი ეკონომიკური ზრდის მასშტაბების შენარჩუნებისათვის.


ხსენებულ მოსაზრებას ადასტურებს გერმანიის ბანკის (Deutsche Bank) კვლევა, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, ყოველგვარი სავაჭრო შეთანხმებების შეწყვეტით, არა მხოლოდ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს ბრიტანეთსა და ევროკავშირში, არამედ ამას გართულებები მოჰყვება გეოპოლიტიკურ დონეზე, რამაც კიდევ ერთხელ უნდა უბიძგოს ბრიტანეთს მოცემული პრობლემების გადაფასებისაკენ.


სხვა სიახლეები