• Ƀ/$

კვანტური კომპიუტერის პროექტში ნოდარ სამხარაძის გამოგონება და საერთაშორისო აღიარება

ექსკლუზივი
19 თებერვალი 13:13, 2018 წელი | ინტერვიუ

ილონ მასკის Spasx-ის წარმატებით განხორციელებამდე რამდენიმე დღით ადრე თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიომ კიდევ ერთი გამოგონების შესახებ შეიტყო.

კვანტური ტექნოლოგიების კვლევითმა ცენტრმა (QuTech) სულ ცოტა ხნის წინ მთელ მსოფლიოს აცნობა, რომ კვანტური კომპიუტერის შექმნის პროცესში გარკვეულ წარმატებას მიაღწია. საქართველოსთვის კი ამ ისტორიაში ყველაზე სიანტერესო ამბავი ისაა, რომ  პროექტზე ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ნოდარ სამხარაძე მუშაობს.


საქმიანი სიახლეების სააგენტო M2B დელფტში ახალგაზრდა ქართველ მეცნიერს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ მოიპოვა. 


ნოდარ სამხარაძე: ახლა ვმუშაობ QuTech-ში, ეს არის კვანტური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი დელფტში, ვმუშაობთ კვანტური კომპიუტერის შექმნაზე. კვანტური კომპიუტერების ხშირად ციტირებადი გამოყენებები არის ოპტიმიზაციის და ძიების ალგორითმების და ქიმიური სიმულაციების ექსპონენციალური აჩქარება. ამ იდეამ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ყურადღებაც მიიქცია, ჩვენ ორი წლის წინ თანამშრობლობა დავიწყეთ Intel-თან. IBM, Microsoft და Google ასევე ჩართული არიან "კვანტურ რბოლაში". ამ ეტაპზე რთულია იმის განსჯა, თუ რამდენად რეალურია კვანტური კომპიუტერის შექმნა, და მაინც რამხელა სარგებლობას (ან ზიანს) მოიტანს. კვანტური კომპიუტერის უმცირესი შემადგენელი ნაწილი არის კვანტური ბიტი (ქუბიტი), კლასიკური ბიტის - ტრანზისტორის ანალოგი.


M2B: რა ფორმით ხართ ჩართული ამ პროექტში და კონკრეტულად რა წვლილი მიგიძღვით ამ აღმოჩენაში?


ნოდარ სამხარაძე: ჩემი პროექტი იყო კვანტური ბიტების ერთერთი ინკარნაციის - სპინის ქუბიტებს შორის მაკროსკოპულ მანძილზე კავშირის დამყარება. სამი წლის მუშაობის შედეგად ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადავდგით, შევძელით სპინში კოდირებული კვანტური ინფორმაციის მიკროტალღურ ფოტონზე გადაცემა. შემდეგი ნაბიჯია ამ ფოტონის მეშვეობით ინფორმაციის სხვა სპინისთვის გადაცემა, რაზეც ახლა ვმუშაობთ (დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ სამი წელი არ დაჭირდება ამ საქმეს). რამდენად მნიშვნელოვანია ეს შედეგი, ისევდაისევ რთული სათქმელია ამ ეტაპზე, რადგან ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში რამდენად რეალური და სასარგებლოა კვანტური კომპიუტერი, ან ქუბიტის რომელი ტიპი იქნება საბოლოოდ გამოყენებული. ამ საკითხში, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ჰორიზონტალური მიდგომით ვმუშაობთ, ანუ კვლევა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. ერთს ვიტყვი, რომ პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა... ჯერჯერობით ჩემი ცხოვრების 10%-ზე მეტი ამ ერთი მიზნისკენ მუშაობაში მაქვს გატარებული და სულ არ იყო გარანტირებული, რომ თუნდაც ტექნიკურად შესაძლებელი იყო ამის გაკეთება. ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე სამუშაოა, მითუმეტეს კონკურენციასაც თუ გავითვალისწინებთ. პრინსტონის და ციურიხის ჯგუფები 2012 წლიდან მუშაობენ ამ პრობლემაზე, მე 2014-ში ჩავერთე. საბოლოოდ ისე დაემთხვა, რომ სამივე ჯგუფმა ერთი თვის განმავლობაში გამოვაქვეყნეთ შედეგი. მე იმით ვამაყობ, რომ სამივე ჯგუფი ორი წლის წინ გამოქვეყნებული ჩემი იდეით მივიდა შედეგამდე.


M2B:  ქართველი ახალგაზრდა როგორ მოხვდა მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების გვერდით, ასეთ მეგაპროექტში? რა გზა გაიარა ნოდარ სამხარაძემ QuTech-ამდე? 


ნოდარ სამხარაძე: თბილისში საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ლიცეუმი დავამთავრე, ბაკალავრიატი მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტში, და დოქტორანტურა აშშ-ში, პურდუს უნივერსიტეტში. ხარისხის დაცვის შემდეგ დელფტის უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა. რამოდენიმე თვეში კონტრაქტი აქაც მიმთავრდება... ალბათ ისევ ამ სფეროში გავაგრელებ მუშაობას, მაგრამ რაიმე სხვა პოზიციაზე. საერთოდ, სტუდენტების და პოსტდოკების უმეტესობა აქ საშუალოდ 4 წლიანი კონტრაქტებით მუშაობენ. ერთის მხრივ, დასანანია, როცა ამდენ ხანს პროექტზე მუშაობ და გაგრძელების საშუალება არ გეძლევა, მაგრამ მეორეს მხრივ, ხშირად ყველაზე ინოვაციური იდეები ახალგაზრდა მეცნიერებს სწორედ საკითხში გამოუცდელობით მოსდით. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. იდეა, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა, მუშაობის დაწყებიდან ერთ თვეში გამიჩნდა. შემდგომი სამი წელი ამ იდეის რეალიზაციას დაჭირდა (იდეის განხორციელებაში გამოცდილება ალბათ მაინც სასარგებლო იქნებოდა).



როგორც ნოდარ სამხარაძე აღნიშნავს, კვანტური კომპიუტერი რა შედეგს მოუტანს კაცობრიობას, ამაზე მსჯელობა ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში ქართველი მეცნიერიც არის ჩართული, საქართველოში ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივას აჩენს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხელოვნური ინტელექტით და თანამედროვე ტექნოლოგიებით უკვე არაერთი ქართველი ახალგაზრდა მეცნიერი დაინტერესდა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტეში განათლებას იღებენ, ამ მიმართულებას მომავალი ნამდვილად უჩანს.


ავტორი: მარი ონეზაშვილი, სპეციალურად M2B–სთვის.  


სხვა სიახლეები