• Ƀ/$

სირიის კონფლიქტის მსოფლიო ომად ტრანსფორმაცია

26 თებერვალი 13:14, 2018 წელი | ანალიტიკა

სირიის სამოქალაქო ომმა, როგონც მას თავდაპირველად მოიხსენიებდნენ, ბევრი პატარა ომი გამოიწვია და დღეს რეალური ხდება მხარეების მხარდამჭერ მესამე ძალებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გიგანტებს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება.

საწყისი დაპირისპირება სირიის მთავრობასა და აჯანყებულ ძალებს შორის დღეს ერთ დიდ შეუსაბამობად გადაიქცა, პრეზიდენტ ასადის რადიკალურად დასუსტებული, თუმცა არსებითად შეუცვლელი პოზიციით.


სირიის საომარი სივრცე გარე ძალების მრავალრიცხოვანი ჯარებითაა შევსებული, რომლებიც მთავრობისგან არაკონტროლირებადი ტერიტორიების დიდ ნაწილს იკავებენ. ამ ძალების აუთსაიდერი სპონსორები დიპლომატიური დაპირისპირებიდან აშკარა სამხედრო ინტერვენციაზე გადადიან.



გარე დამფინანსებლებიდან, რუსეთი და ირანი ყველაზე აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში - სამხედრო მზაობით, ფინანსურად თუ პოლიტიკურად.


მაგალითად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიის კონფლიქტში რუსი სამხედროების მონაწილეობას უწევს ლობირებას. ოფიციალურად, რუსი სამხედროების როლი საჰაერო შეტაკებებით შემოიფარგლება, რათა დახმარება გაეწიოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებს. თუმცა, რუსი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული კონფლიქტში, იბრძვიან რა ასადის მთავრობის მხარეს.


აღმოსავლეთ გუტა ამ დროისათვის ინტენსიური ცეცხლის ალშია გახვეული. სირიის პრეზიდენტს სურს, რომ ძირფესვიანად გაანადგუროს აჯანყებულთა კერა. უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, ეს შეტაკება ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ამ დროისათვის აღმოსავლეთ გუტაში, ბოლო დროინდელმა შეტაკებებმა 500-მდე ადამიანი იმსხვერპლა.


დამასკოს რეჟიმი, ვლადიმირ პუტინის დახმარების გარეშე, ამდენ ხანს არსებობას ვერ შეძლებდა. პუტინმა განაცხადა, რომ „სწრაფი, მტკიცე და გაბედული ქმედებით, რუსები ეხმარებიან სირიელებს, რათა გაანადგურონ კარგად შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფებები“.


იმ ფაქტის გამო, რომ აღმოსავლეთ გუტაში ცეცხლი დღემდე არ წყდება, რასაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ეწირება, რუსეთმა დასავლეთის მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა.


ამ ასპექტით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნაკლებად გარისკა და აჯანყებულთა რეალური მხარდაჭერის ნაცვლად, მხოლოდ რიტორიკითა და აგიტაციით შემოიფარგლა, რითაც მან თავისი გავლენები შეასუსტა და მიზნები ბუნდოვანი გახადა.


თურქეთიც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, რომელიც მხარს უჭერდა აჯანყებულებს; თუმცა, თურქეთის შემთხვევაში, მთავარი მაინც მისი მიზანსწრაფულობა აღმოჩნდა – შეეჩერებინა სირიელი ქურთების მიერ ახალი პატარა სახელმწიფოს შექმნა მის საზღვრებთან ახლოს, რომლის მეორე მხარეს თურქეთის სეპარატისტულად განცწობილი ქურთები კომპაქტურად ცხოვრობენ.  


კონფლიქტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მრავალი გარე მოთამაშის ინტერესები დაპირისპირებული აღმოჩნდა და ამ ფაქტმა ომის დასრულების პერსპექტივა ჩაშალა. მაგალითად, ქურთების „სახალხო თავდაცვის რაზმებისა“ და სირიის პრეზიდენტის, ასადის დაპირისპირებაში, რომელთა უკან ამერიკული და რუსული ძალები დგას, თურქეთი თამაშგარე აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნატოს მოკავშირე ქვეყანაა.


თუმცა, როდესაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ყველა მხარემ უკან დაიხია ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით და სირიამ, როგორც ყოველთვის, მძიმე შედეგები იწვნია.


ამასობაში, გაეროს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნად მიიღო რეზოლუცია 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რათა აღმოსავლეთ გუტაში სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დაზარალებულებისთვის შესაძლებელი გახდეს.


ხმის მიცემა რამდენჯერმე გადაიდო, რადგან საერთო შეთანხმებამდე მისვლა გართულდა. სირიის მთავრობის მოკავშირე რუსეთს ცვლილებების შეტანა სურდა, რის გამოც დასავლელმა დიპლომატებმა მოსკოვი გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.


რეზოლუციის თანახმად, სამხედრო ოპერაციები კვლავ გაგრძელდება ტერორისტული დაჯგუფებების „ალ-ქაედასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.


გაეროს უშიშროების საბჭოში ამერიკის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ მოითხოვა, რომ დაუყონებლივ შეწყდეს ცეცხლი, თუმცა მან საფუძვლიანი ეჭვი გამოთქვა, რომ სირია ამ მოთხოვნას არ დაემორჩილება. მოლაპარაკებების შეფერხებაში მანაც რუსეთი დაადანაშაულა.


გამწვავებული დაპირისპირების რისკები


რთულია სირიაში არასტაბილურობაზე, როგორც ომის ახალ ელემენტზე საუბარი, თუმცა საერთაშორისო ძალების ჩართულობა მრავალწახნაგოვანი ბრძოლის პროცესში ზრდის რისკებს, რომ ეს ომი სხვადასხვა ინტერნაციონალური ძალების პირდაპირ შეტაკებაში გადაიზრდება, რაც საკმაოდ სახიფათო შედეგების მომტანი იქნება.


ისრაელის რეაქტიული თვითმფრინავი სირიელების რაკეტით ჩამოაგდეს მას შემდეგ, რაც ირანულ უპილოტო თვითმფრინავს გზა გადაუღობეს ისრაელის საჰაერო სივრცეში.


ეს მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც აცხადებდნენ, რომ ამერიკისა და ქურთების ბაბაზე გადაადგილებისას, ამერიკელებმა რუსი სამხედროები მოკლეს. სირიელი ქურთების წინააღმდეგ ომიც თურქეთს მის მოკაშირე ქვეყანასთან - აშშ–თან წინააღმდეგობაში აყენებს.


სხვა თუ არაფერი, ეს მოვლენები, სულ მცირე, სირიის ომს კიდევ კარგა ხანს გაახანგრძლივებს, თუმცა, არცთუ უსაფუძვლო ეჭვები იბადება, გარე მოთამაშეების პირდაპირი სამხედრო დაპირისპირიების საფრთხეებთან დაკავშირებითაც.


სხვა სიახლეები