• Ƀ/$

ბრიტანეთმა ბრექსიტის გარდამავალი პერიოდის გეგმა გამოაქვეყნა

26 თებერვალი 14:28, 2018 წელი | ანალიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში სულ უფრო ძლიერდება ბრექსიტის საწინააღმდეგო კამპანია, ქვეყნის მთავრობამ ევროკავშირიდან გასვლის მისეული ხედვა უკვე გამოაქვეყნა.

დოკუმენტი დროულია - გამოყოფა 2019 წლის მარტში უნდა შევიდეს ძალაში და კარგად გათვლილი გარდამავალი გეგმის გარეშე ქვეყანა ბევრი, მათ შორის ეკონომიკური პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.


აღნიშნული გეგმა ჯერ მხოლოდ ბრიტანეთის მთავრობის ხედვაა იმისა, თუ როგორი უნდა რომ იყოს გარდამავალი პერიოდი.


გეგმის შესაბამისად, ბრიტანეთისთვის მისაღები იქნება ის კანონები, რომლებსაც ევროკავშირი მიიღებს, ასევე ჩაერთვება მოლაპარაკებაში, რომლის მიზანიც, მაგალითად, თევზჭერის კვოტების განაწილება იქნება. მაგრამ ევროკავშირის ნებართვის გარეშე, ახალ სავაჭრო ხელშეკრულებებს ვერ გააფორმებს.


გარდამავალი პერიოდი ბრექსიტის ძალაში შესვლითანავე დაიწყება და, შესაძლოა, ადრე დაგეგმილ ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდეს. გარდამავალ პერიოდში მოხდება სამართლებრივი სისტემებისა და ეკონომიკების დაშორიშორება. ამ პერიოდს ბიზნესები ახალ გარემოებებთან ადაპტაციისთვის გამოიყენებენ.


გარდამავალი პერიოდის გეგმის შესაბამისად, ქვეყანაში ევროკავშირის მოქალაქეები იმავე რეჟიმით შეძლებენ შესვლას, როგორც ბრექსიტამდე. არადა, თავისუფალი შესვლის შეზღუდვა, ბრექსიტის მომხრეთა ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო. გარდა ამისა, ბრიტანეთს არ ექნება ევროკავშირის ახალ კანონებზე ვეტოს დადების უფლება.


ევროპული გაერთიანების ნებართვის გარეშე, კუნძულელებს არც საერთაშრისო სავაჭრო კავშირების დამყარების უფლება მიეცემათ.


ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, გარდამავალი პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს. ის კავშირის წლის ბიუჯეტის დასრულების დღეს დაემთხვევა. მაგრამ ბრიტანულ გეგმაში ნათქვამია, რომ გარდამავალი პერიოდი შესაძლოა უფრო მეტ ხანსაც გაგრძელდეს, რათა მხარებს შორის სრულყოფილი და თანასწორი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს.


ბრიტანელი ლეიბორისტები შიშობენ, რომ მთავრობას გარდამავალი პერიოდის უსაშველოდ გაწელვა სურს, რადგან კაბინეტი ევროკავშირთან ახალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს. ბრექსიტის მინისტრის სტივ ბეიკერის თქმით, ის მოხარული იქნება, თუ პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდება, მაგრამ ეს ევროკომისიასთან მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული.


ბრექსიტის მოლაპარაკებებისას, ერთ-ერთ ყველაზე რთულად მისაღწევად მოქალაქეების უფლებების საკითხზე თანხმობა გამოიყურება. შეთავაზებული პროგრამის თანახმად, ბრიტანეთში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის მოქალაქეები, გარდამავალ პერიოდში შეუზღუდავი უფლებებით ისარგებლებენ.


ბრიტანეთს სურს, რომ ბრექსიტის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ წესები შეიცვალოს. თუმცა, კუნძულელები თანახმა არიან, ახალი წესები არ შეეხოს იმ ევროპელებს, რომლებიც უკვე ხანგრძლივად იმყოფებიან და საქმიანობენ ბრიტანეთში. მაგრამ ევროკავშირი ამის წინაღმდეგია.


გარდა ამისა, კონსერვატორები მოითხოვენ, რომ გარდამავალ პერიოდშივე, ბრიტანეთს სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების დადების უფლება დაუყოვნებლივ მიეცეს და ამ მხრივ, რეგულაციების კუთხითაც, სრული ავტონომია მიიღოს.


დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ტერეზა მეი ამბობს, რომ ევროკავშირთან ინდივიდუალური ეკონომიკური პარტნიორობის ჩამოყალიბება სურს და ამავდროულად, ბრიტანეთმა თავად უნდა უნდა მიხედოს თავის კანონებს, ფულსა და საზღვრებს.


„ჩვენ ევროკავშირთან კარგი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება გვსურს, თუმცა, ამავე დროს, ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის გარეთაც დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს კავშირების დამყარება, რათა ჩვენი ეკონომიკის განვითარება უზრუნველყოს“, - ამბობს მეი.


დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი გაერთიანებულ სამეფოში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%–მა ბრექსიტს დაუჭირა მხარი.


სხვა სიახლეები