• Ƀ/$

მსოფლიო ეკონომიკა ფედრეზერვის ახალი შეფის პირველი მოხსენების მოლოდინში

27 თებერვალი 19:11, 2018 წელი | ეკონომიკა

აშშ–ის ფედრეზერვის ახალი ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი კანონმდებლების წინაშე გამოსვლის ტექსტში აღნიშნავს, რომ ეკონომიკის გადახურების რისკებსა და ზრდის აუცილებლობას შორის „ბალანსს დაიცავს“.

მომზადებული ტექსტის თანახმად, ცენტრალური ბანკი თანდათანობით გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, მიუხედავად დამატებითი სტიმულების გამოჩენისა, როგორიცაა გადასახადების შემცირება და სახელმწიფო ხარჯების გაზრდა.


ფედრეზერვის მაღალჩინოსნები 2018 წელს საპროცენტო განაკვევთების სამ ეტაპად გაზრდას გეგმავენ და წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის წევრების წინაშე გამოსასვლელად პაუელის მიერ მომზადებულ ტექსტში არ არის მითითებული, რომ განაკვეთის გაზრდის ტემპის მომატება აუცილებელია. ეს იმ ფონზე, როდესაც ამერიკის ეკონომიკის ზრდის სტიმულირების ბევრი ფაქტორი არსებოს, მათ შორის საბიუჯეტო სტიმულირება და გლობალური ეკონომიკის გაძლიერება.


„ღია ბაზრების საკითხთა კომიტეტი გააგრძელებს ბალანსის შენარჩუნებას ეკონომიკის გადახურების თავიდან აცილებასა და ინფლაციის 2%–იან ნიშნულთან მიახლოებას შორის“, – ნათქვამია პაუელის მოხსენების ტექსტში, რომლითაც ის კანონმდებლების წინაშე პირველად წარსდგება.


„ზოგიერთი შემაკავებელი ფაქტორი, რომლებსაც ამერიკის ეკონომიკა წინა წლებში აწყდებოდა, დღეს წამახალისებელ ფაქტორებად გადაიქცნენ“, – ნათქვამია პაუელის ტექსტში. პაუელი ამის მაგალითან  საბიუჯეტო ცვლილებებსა და ეკონომიკის გლობალურ აღორძინებას ასახელებს.


ამასთან, „ინფლაცია გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი 2%–იანი სამიზნე ნიშნულის ქვემოთ დარჩა“.


პაუელი წარმომადგენელთა პალატაში პირველი მოხსენებით დღეს, თბილისის დროით დაახლოებით 19:00 საათზე იწყება. მოხსენების შემდეგ ფედრეზერვის შეფი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს.


სხვა სიახლეები