• Ƀ/$

ფედრეზერვის ახალი შეფი დოლარის განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას ემხრობა

28 თებერვალი 09:52, 2018 წელი | ეკონომიკა

ფედრეზერვის ახალმა თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა, კონგრესის წინაშე თავისი პირველი გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი მიზანი იქნება ბალანსის დაცვა ეკონომიკის გადახურებასა და სტიმულირების აუცილებლობას შორის.

ამასთან პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ისეთი სტიმულების მიუხედავად, როგორებიცაა გადასახადების შემცირება და სახელმწიფო ხარჯების გაზრდა, ცენტრალური ბანკი დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას გააგრძელებს.


ფედრეზერვის წევრები წელს დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევას სამ ეტაპად გეგმავენ. ეკონომიკის განვითარების მაღალი ტემპის გამო, ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ ბანკი დოლარის განაკვეთის აწევას ოთხ ეტაპად გადაწყვეტდა. მაგრამ პაუელმა თავისი გამოსვლისას მინიშნებაც კი არ გააკეთა იმაზე, რომ ეს პროცესი შეიძლება დაჩქარდეს.


პაუელის გამოსვლაში ნათქვამია, რომ ბევრი ფაქტორი, რომლებიც ამერიკული ეკონომიკის განვითარებას კრიზისის დროს ხელს უშლიდა, ახლა პირიქით, ხელშემწყობ ფაქტორად იქცა. მაგალითად, ზრდა დაიწყო გლობალურმა ეკონომიკამ. ამას დაერთო ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკის შეცვლა.


„ღია ბაზრების საკითხთა ფედერალური კომიტეტი (FOMC) გააგრძელებს ძალისხმევას, რათა დაიცვას ბალანსი ეკონომიკის გადახურების თავიდან აცილებას და ინფლაციის 2%–იან ზღვართან სტაბილურად შენარჩუნებას შორის“, - ნათქვამი პაუელის მოხსენებაში, რომელიც კონგრესში მის წარდგენამდე გამოქვეყნდა.


„იმავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინფლაცია კვლავაც ჩვენს მიერ დასახულ მიზნობრივ 2%–იან ზღვარს ქვემოთ რჩება. ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის აზრით, განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის გაგრძელება ჩვენი მიზნების მისაღწევად, საუკეთესო საშუალება იქნება“, - ნათქვამია პაუელის მოხსენებაში.


პაუელი ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინცირებული მასშტაბური საგადასახადო რეფორმა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა, ვერ განაპირობებს დოლარის საპროცენტო განაკვეთის ზრდის ტემპის დაჩქარებას. ტერმინი „ეტაპობრივი ზრდა“ ფედრეზერვის რიტორიკის განუყოფელი ნაწილი გახდა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა, პაუელის წინამორბედ ჯანეტ იელენის მეთაურობით, დოლარზე განაკვეთის ზრდა დაიწყო.


მოსალოდნელია, რომ ფედრეზერვი წელს დოლარზე განაკვეთს პირველად მარტის სხდომაზე ასწევს, რომლის შემდეგაც პაუელი თავმჯდომარის რანგში პირველ პრეს–კონფერენციას ჩაატარებს.


როგორც მოსალოდნელი იყო, კონგრესში პაუელის პირველმა გამოსვლამ დაადასტურა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ახალი თავმჯდომერე, თანამოაზრე წინამორბედის პოლიტიკას გააგრძელებდა. შესაბამისად, ბაზრის რეაქცია არ ყოფილა მკვეთრი. დოლარის ინდექსი მცირედით გაიზარდა (90.14-მდე), სააქციო ინდექსები ოდნავ შემცირდა, ობლიგაციების ფასები კი არაერთგვაროვანი იყო.


სხვა სიახლეები