• Ƀ/$

საქართველოს ენერგო-სატრანზიტო პოტენციალი – სარგებელი და საფრთხე

28 თებერვალი 18:04, 2018 წელი | ანალიტიკა

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილე მაროშ შეფჩოვიჩი აცხადებდა, რომ ევროპა დაინტერესებულია გაზის მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციით.

გაზის სამხრეთის დერეფანი ევრო-კომისიის ინიციატივაა, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი გაზის მიწოდება ევროპისთვის უნდა მოხდეს არა რუსეთიდან, არამედ სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის გავლით. გაზის სამხრეთის დერეფნის მთავარი მიზანია, შეამციროს რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულება და მოახდინოს ენერგწყაროების გამრავალფეროვნება.


ენერგოტრანზიტის აღნიშნული მარშრუტი მას შემდეგ გახდა უფრო მეტად აქტუალური, რაც გერმანიაში აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების რუსულ „ენერგონარკოტიკზე შესმას“ გააძლიერებს.


ენერგორესურსების დივერსიფიცირების განხორციელებას და ალტერნატიული წყაროების მოძიებას ისახავს მიზნად ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის პროექტი (TAP), რომლის მეშვეობით გაზი საბერძნეთიდან და ალბანეთიდან, ადრიატიკის ზღვის გავლით, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს უნდა მიეწოდოს. 867 კმ სიგრძის გაზსადენის მარშრუტი, საბერძნეთის ევროსის პროვინციიდან, იტალიის აპულიას პროვინციამდე იქნება გადაჭიმული. მილსადენის 547 კმ საბერძნეთში გაივლის, 211 - ალბანეთში, 105 კმ ადრიატიკის ზღვის ფსკერზე, 5 კმ კი იტალიის ხმელეთზე, ქალაქ სან ფოკამდე, სადაც TAP-ის გაზსადენი იტალიის გაზგამანაწილებელ ქსელს – Snam Rete Gas შეუერთდება.


TAP-ის გაზსადენში ნედლეული TANAP-დან (ტრანსანატოლიური გაზსადენი) ჩაიტუმბება, რომელიც, თავის მხრივ, აზერბაიჯანული „შაჰ-დენიზის 2“ საბადოდან მომარაგდება. მისი მარაგი დაახლოებით 1 ტრლნ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. მთელი ეს ენერგონაკადი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად მზადაა.


TAP-ის გაზსადენის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, საბერძნეთსა და იტალიაში. პროექტის ღირებულება 5,7 მილიარდი აშშ დოლარია, მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 10 მლრდ კბ/მ იქნება და ის 2020 წლისთვის უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მთლიანობაში, საქართველოში 2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ასევე, პროექტის დასრულების შემდეგ, ქვეყანას შესაძლებლობა ექნება, სატრანზიტო საფასურის სახით მიიღოს ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობები.



TANAP-ის გაზსადენი თურქეთის ტერიტორიაზე 9,2 მლრდ აშშ დოლარი ჯდება. ბოლო მონაცემებით, უკვე გაფორმებულია 4,5 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტები. ყარსი-ერზრუმის მონაკვეთიდან, დარდანელის 18 კილომეტრიანი სრუტის გავლით, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე გაზსადენის მარშრუტის სიგრძე 1802 კმ-ია. აქ ის TAP-ს მიუერთდება.


TANAP-ის გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე, წელიწადში 16 მლრდ კბ/მ იქნება, აქედან 6 მლრდ კბ/მ გაზი ევროპის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. პროექტის დასრულება 2018 წლის ზაფხულშია ნავარაუდევი.


"გაზის სამხრეთის დერეფნის“ საქართველოს მონაკვეთის მშენებლობას ნავთობკომპანია BP (British Petroleum) 2018 წლის შუა პერიოდში დაასრულებს. BP საქართველოს დირექტორი კრის შლიტერი ამბობს, რომ პროექტი გეგმის მიხედვით ხორციელდება და კომპანია მისი წარმატებით დასრულებისთვის მზადაა. მშენებლობის პროცესში საქართველოში 4000-მდე სპეციალისტია დასაქმებული. კრის შლიტერი ამბობს, რომ აღნიშნული მილსადენი კომპანიის საქართველოში ოპერირების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.


კასპიის ზღვის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი - მთავარი პრობლემა


კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ტრანს-ანატოლიური პროექტის განხორციელებისთვის.


დღევანდელ პოლიტიკურ რუკაზე 5 კასპიისპირა ქვეყანაა - აზერბაიჯანი, ირანი, თურქმენეთი, ყაზახეთი და რუსეთი. ზღვის მთლიანი ფართობი 371,000 კვადრატული კილომეტრია, რომლისგანაც 78,200 კვადრატული კილომეტრი წყალს უკავია.


კასპიის ზღვის სმართლებრივი სტატუსის დადგენის პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიყწო, როცა საერთაშორისო სამართლის ახალმა სუბიექტებმა - აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა - კასპიის ზღვის ხუთ ქვეყანას შორის გადანაწილების საკითხი წამოჭრეს.


ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იურიდიულად ზღვის სტატუსი მიენიჭება კასპიას, თუ ტბის. თუ მას იურიდიულად ზღვის სტატუსი მიენიჭება, მაშინ, ჩრდილოეთის ზღვის ანალოგიურად,  მოსაზღვრე ქვეყნების მიერ უნდა იქნეს სექტორებად დაყოფილი. ხოლო, თუ ის განხილული იქნება, როგორც ჩაკეტილი ტბის აუზი, მაშინ ყველა ქვეყანას აკვატორიით სარგებლობის თანაბარი უფლება ექნება.


კასპიისპირა ქვეყნების სამიტზე, რომელიც წელს უნდა გაიმართოს, შესაძლოა შეთანხმება კაზპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ, ირანის პოზიციის გამო, კვლავ ჩავარდეს. ამის მიზეზად ავტორიტეტული საერთაშორისო კონსალტინგური სააგენტოს Wood Mackenzie ანალიტიკოსები ირანის პოზიციას ასახელებენ კასპიის ზღვის აკვატორიის განაწილების მიმართ.


2017 წლის ბოლოს აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების შემდეგ გაცხადდა, რომ კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია.


აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კონვენციას კასპიისპირა ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე მოეწერება ხელი. აზერბაიჯანის საგარეო საქმმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებდა, რომ შეთანხმების ძირითადი პრინციპები შეჯერებულია, თუმცა სადავო საკითხები კვლავ რჩება.


დიდი კამათის შემდეგ, ქვეყნებმა გამონახეს საერთო კომპრომისული შეთანხმება, რომელიც ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ მიღებული და რომლის თანახმადაც წყალი საერთო დარჩება, ხოლო ფსკერი გაიყოფა. ეს ნიშნავს, რომ კასპიის ზღვის წყლის აკვატორია,  მისი ბიორესურსებით, ხუთი ქვეყნის საერთო სარგებლობაში დარჩება, ხოლო გაზისა და ნავთობის საბადოების შემცველი ფსკერი 5 ეროვნულ სექტორად გაიყოფა. ამგვარი გაყოფით რუსეთს შეხვდება ფსკერის–16%, ყაზახეთს–29%,  თურქმენეთს–21%, აზერბაიჯანს–20% და ირანს–14%. ამ გადაწყვეტილების მომხრეა რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, ნაწილობრივ თურქმენეთი. ხოლო მოწინააღმდეგეა ირანი, რომელიც კასპიის ფსკერის ხუთ თანაბარ ნაწილად გაყოფის მომხრეა, რათა თითოეულ ქვეყანას შეხვდეს აკვატორიის 20%.


რადგანაც ყაზახეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, მათ აწყობთ ასეთი დანაწილება, რადგან აუზის 45%-ს ისინი გააკონტროლებენ. ამ სქემით, ენერგობალანსი  თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის დაცული იქნება. რჩება ირანი, რომელსაც აუზის პროცენტული რაოდენობა თანაბრად არ შეხვდება და სწორედ ამიტომ ითხოვს სხვა კრიტერიუმებს - ტერიტორიის თანაბრად გადანაწილებას ხუთივე ქვეყანას შორის. ეს კი რუსეთისა და ირანის პარტნიორული ურთიერთობას გააუმჯობესებს და ამის მეშვეობით, კასპიის ზღვის აუზის 60%-ს საერთო მიზნით გაერთიანებული სამი სახელმწიფო გააკონტროლებს.


საერთო ჯამში, საქართელოს ინტერესი კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსთან მიმართებაში ერთადერთია – ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგორესურსების საკუთარ ტერიტორიაზე ტრანზიტის მოცულობის ზრდა.


გარდა ზღვის აკვატორიის განაწილებისა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მთავარ გამოწვევად რჩება სამხედრო–პოლიტიკური საფრთხეები, რომელიც მეზობელი რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს, მათ შორის მცოცავი ოკუპაციის სახით. ამის დასადასტურებლად, ბოლო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასაზღვრო ზოლში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ბაქო–სუფსის ნავთობსადენის გეოგრაფიული ოკუპაცია განახორციელეს.


თუ გავითვალისწინებთ თურქმენეთის გაზის მარაგების კოლოსალურ მოცულობას, ამ შემთხვევაში ამ ნაკადის საქართველოს გავლით ევროპაში ტრანსპორტირების იდეაც კი თავის თავში რუსეთის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას გულისხმობს ევროპის ბაზარზე. მოვლენების ამ სცენარით განვითარება ზრდის რუსული ოკუპაციის საფრთხეებს როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში.


სხვა სიახლეები