• Ƀ/$

როვერ „ოპორტუნიტის“ 5 000 დღე მარსზე

4 მარტი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მარსის როვერი, სახელად „ოპორტუნიტი“, წითელ პლანტაზე სულ რაღაც სამთვიანი მისიით იყო წარგზავნილი, მაგრამ იქ უკვე 5 000 მარსიანული დღე გაატარა და ახლაც მუშაობს, თუმცა ერთობ დასუსტებული კი არის.

მარსზე გატარებული 5 000 დღე დედამიწის 5 151 დღის ტოლფასია. ამ დროში როვერმა მხოლოდ 45 კილომეტრის გავლა მოახერხა, თუმცა კოსმოსური სხეულების კვლევის ისტორიაში, ესეც რეკორდული მანძილია. მოძრაობის პარალელურად, როვერი-ლაბორატორია იღებდა სინჯებს, ატარებდა გეოლოგიურ და ლაბორატორიულ კვლევებს, იღებდა ფოტოებს და აკვირდბოდა გარემოს.


„ოპორტუნიტის“ მისიის დაწყებიდან უკვე 14 წელი გავიდა. აპარატს ურთულეს კლიმატურ პირობებში უწევდა მუშაობა. მთელი ამ დროის განმავლობაში, პასადენას (კალიფორნია) მოძრაობის ლაბორატორიის თანამშრომლებს, მარსის დროის შესაბამისად უწევდათ მუშაობა. ერთი სოლის, ანუ მარსიული დღის ხანგრძლივობა, ჩვენი პლანტის დღისაზე 40 წუთით მეტია. შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში, პასადენას ლაბორატორიაში სამუშაო განრიგს მარსის დროით ადგენდნენ.


მისია 2003 წლის 7 ივლისს დაიწყო, როცა კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა), მარსის მიმართულებით რაკეტა „დელტა II“ გაუშვეს. მისი მთავარი ტვირთი, „ბოინგის“ მიერ დამზადებული როვერი „ოპორტუნიტი“ იყო, რომელიც სრული ეკიპირებით, 185 კილოგრამს იწონიდა. მისი მეორე სახელია „მარს ექსპლორეიშნ როვერ-B“ (MER-B). მისი დაშვება 2004 წლის 25 იანვარს განხორციელდა მარსის სექტორში, რომელიც მერიდიანი პლანუმის სახელით არის ცნობილი. სამი კვირით ადრე, მარსის ზედაპირზე, ოღონდ საპირისპირო მხარეს, „ოპორტუნიტის“ ტყუპისცალი, როვერი „სპირიტი“ დაეშვა.


ორივე როვერის სამუშაო პერიოდი 90 სოლი, ანუ 92 დღე უნდა ყოფილიყო. მაგრამ „ოპორტუნიტი“ ახლაც მუშაობს და არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს. არ გაუმართლა „სპირიტს“, რომელმაც ასევე დაგეგმილზე გაცილებით მეტხანს იმუშავა. მაგრამ 2009 წელს ქვიშაში ჩაეფლო, ერთი წლის შემდეგ კი მასთან კომუნიკაცია გაწყდა.


„ოპორტუნიტის“ ხაგრძლივ მუშაობაში ისაა გასაკვირი, რომ ის ენერგიას მზის ელემენტებისგან ღებულობს და არა ბირთვული მინი რეაქტორისგან, როგორც ეს როვერ „კურიოსიტის“ შემთხვევაში იყო. ამიტომ ამ უკანასკნელის მუშაობაზე ამინდი დიდ გავლენას ვერ ახდენდა. „ოპორტუნტის“ კი ძალიან უჭირს ღამით და ქვიშიანი ქარებისას. გარდა ამისა, მისი მზის პანელები ხშირად იფარება მტვრით და ჭუჭყით, რის გამოც მას თვითმომსახურების ჩატარება უწევს. გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში აპარატი პასიურ მდგომარეობაზე გადადის, რათა ენერგიას გაუფრთხილდეს და ის მხოლოდ ელექტრონიკის გასათბობად გამოიყენოს. ამ ყველაფრის გამო, მართვის ცენტრში გაოცებულები დარჩნენ, როდესაც დააფიქსირეს, რომ როვერმა პირველივე ზამთარს გაუძლო, რასაც მისიის პროგრამა არ ითვალისწინებდა.


მისიის დასაწყისში, „ოპორტუნიტიმ“ ის კრატერი და მისი შემოგარენი გამოიკვლია, სადაც დაჯდა. შემდეგ გაივაკა და იქაც ნიადაგის და იმ ლოდების შესწავლას შეუდგა, რომლებიც გზად ხვდებოდა. პარალელურად, მისი ფოტოკამერა დაუღალავად შრომობდა და მართვის ცენტრს ათასობით ფოტოს აწვდიდა. მანვე ერთხელ იმ კომეტის გადაღებაც მოახერხა, რომელმაც მარსს ჩაუქროლა.


„ოპორტუნიტიმ“ მარსზე წარსულში წყლის არსებობის დამადასტურებელი ნიმუშები აღმოაჩინა. ამისათვის მას სინჯების სიღრმიდან ამოღება დასჭირდა. კვლევებმა აჩვენა, რომ წყალმა მარსის აღნიშნულ რეგიონში ზედაპირის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულა. მარსის ორბიტალურ სადგურ „მარს რეკონესენს ორბიტერის“ მიერ გამოგზავნილი 225 000-ზე მეტი ფოტოს ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შესაძლოა, პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნები არსებობდეს. „ოპორტუნტიმ“ ზედაპირზე მეტეორიტიც კი აღმოაჩინა, რომელიც თავიდან მკვლევარებმა დაშვების პლატფორმის სითბური ფარის ნამტვრევად მიიჩნიეს.


მისიის დროს იყო შემთხვევებიც, რომლებსაც როვერის მწყობრიდან გამოყვანა შეეძლო. მაგალითად, 2005 წელს ის ქვიშის ზვინში ჩაეფლო და მისგან თავის დასაღწევად, რამდენიმე სანტიმეტრის გათხრა დასჭირდა. 2014 წელს როვერის კომპიუტერის მეხსიერების ბლოკი დაზიანდა, რის შემდეგაც მხოლოდ RAM-კონფიგურაციით მუშაობს. ამის მიუხედავად, იმავე წელს როვერმა გავლილი მანძილის რეკორდი გააუმჯობესა - მისმა ოდომეტრმა 40 კილომეტრის გავლა დააფიქსირა. 2015 წლის მარტში მანძილი 42.195 კილომეტრამდე გაიზარდა, ეს კი მარათონის დისტანციაა.


ამჟამად როვერს კრატერ პერსევერანსის (გამძლეობის, მოთმენის) ზეგანის მესამედი აქვს გავლილი, რომელიც კრატერ ენდევორის რკალს კვეთს.


სხვა სიახლეები