• Ƀ/$

ECB-მ ევროზე საპროცენტო განაკვეთი ნულზე დატოვა, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვებიც

9 მარტი 09:44, 2018 წელი | ფინანსები

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ევროზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა, რაც ბაზრისთვის  მოულოდნელი არც იყო.

სამაგიეროდ, ინვესტორთათვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა შემდეგი ფაქტი: ბანკის ოფიციალურ განცხადებაში აღარ ფიგურირებს დაპირება იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის ფულადი მოცულობა გაიზრდება.


ამჟამად ევროზე რეკორდულად დაბალი, ნულოვანი საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს. ასეთი დაბალი განაკვეთი ბიზნესებისთვის სტიმულია, რადგან კრედიტის აღება გაადვილებული და გაიაფებულია. იმავდროულად, ბანკებისთვის სასწრაფო კრედიტის განაკვეთი 0.25 პროცენტია.


ევროპის საბანკო სისტემის მთავარი მარეგულირებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ საჭირო გახდა ევროზონის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა, რომელიც სექტემბრამდე მოქმედებს, შესაძლოა უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. თუმცა, ინვესტორთათვის კვლავ გამოცანად დარჩა ის, თუ რას მოიმოქმედებს ევროპის ბანკი მას შემდეგ, რაც სტიმულირების პროგრამის ვადა ამოიწურება.


„ბანკის მმართველი საბჭო ადასტურებს, რომ აქტივების შეძენის მიმდინარე პროგრამა, რომელიც ყოველთვიურად 30 მლრდ ევროს შეადგენს, 2018 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება, საჭიროების შემთხვევაში კი ის უფრო მეტ ხანს გასტანს“, - ნათქვამია ECB-ს განცხადებაში. რაც შეეხება ევროზე განაკვეთს, ბანკისვე განცხადებით, ის გაცილებით დიდხანს, მას შემდეგაც გაგრძელდება, როცა აქტივების შესყიდვის პროგრამა დასრულდება.


პრეს–კონფერენციაზე ECB–ის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეკონომისტების პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპი მალე კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, კავლავ არსებობს რისკები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი, გლობალური ფაქტორია. მათ შორის პროტექციონიზმი და სავალუტო და სხვა ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენები.


დრაგის თქმით, ეკონომიკას კვლავაც ესაჭიროება ფულადი სტიმულირება, რათა საშუალოვადიან პერსპქტივაში, ძირითადი ინფლაციური ზეწოლა გაძლიერდეს. ამ პროცესის მხარდაჭერა აქტივების შესყიდვებით ხდება, შეძენილი აქტივების მნიშვნელოვანი მარაგით და მომავალი რეინვესტირებით.


მარიო დრაგიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბაზისო ინფლაციის გასაზრდელად გატარებული ზომები, ჯერჯერობით გარე ფაქტორებითაა დათრგუნული და მდგრადი აღმავალი ტრენდის ნიშანს არ იძლევა. ამ ფაქტორთაგან ერთ-ერთი სავალუტო ბაზარია, რომლის გაცვლით კურსებზეც ECB დაკვირვებას გააგრძელებს. საქმე ისაა, რომ ევროს გამყარება (პირველ რიგში, დოლართან წყვილში) არაა ექსპორტზე ორიენტირებული ევროზონის ეკონომიკისთვის სასურველი, რადგან სტიმულირების ზემოქმედებას ანეიტრალებს.


სხვა სიახლეები