• Ƀ/$

ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება

9 მარტი 15:40, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ველობილიკებისა და სათავგადასავლო მარშუტების მოწყობა იგეგმება. პროექტს ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

თბილის მერმა კახა კალაძემ პროექტის მნიშვნელობაზე და ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე ისაუბრა.  „ზოგადად, ბოტანიკური ბაღი თავისი ფუნქციითა და ადგილმდებარეობით ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი განვითარებული ქალაქი ინატრებდა ასეთ ადგილს ქალაქის ცენტრში და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობას მთლიანად მოიცავს. აქ მოეწყობა, როგორც საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრი. პროექტის განხორციელებით, ბოტანიკურ ბაღს ალტერნატიული შესასვლელი გაუჩნდება, სადაც საპარკინგე ადგილები მოეწყობა. ასევე, ძალიან ბევრ ველომოყვარულს ექნება შესაძლებლობა, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ხეობაში დაახლოებით, ოთხი კილომეტრი ველოსიპედით გაიაროს. განხორციელებული პროექტით ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება კმაყოფილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.


წავკისისწყლის ხეობაში სათავგადასავლო მარშრუტის მოწყობა და მისი პოტენციალის ათვისება საერთაშორისო ექსპერტების ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს, რომელიც ბოტანიკური ბაღის განვითარების სტრატეგიულ გეგმაშია გათვალისწინებული. დღეისთვის, ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილი წავკისისწყლის ხეობაა.


პროექტის თანახმად, წავკისისწყლის ხეობაში, რომელიც განსაკუთრებული ლანდშაფტითა და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა, სათავგადასავლო მარშრუტი, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. ბაღს  ალტერნატიული შესასვლელი და საპარკინგე ზონა ექნება ასევე, ამოქმედდება ვიზიტორთა ცენტრი.


 


სხვა სიახლეები