• Ƀ/$

90-იანებიდან XXI საუკუნის ბიზნესამდე – წარმატების ზიგზაგები

ექსკლუზივი
12 მარტი 12:13, 2018 წელი | ინტერვიუ

ბიზნესი საქართველოში, წარმატების მიღწევის გზები და გამოწვევების გამკლავების თავისებუნებები – M2B-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ბიზნესმენ სოსო ფხაკაძესთან.

„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელმაც ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა და სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და სწრაფი კვების რესტორნების სეგმენტებშიც ავითარებს ბიზნესს.


- თქვენი, როგორც წარმატებული ბიზნესმენის ისტორია, 90-იანი წლების საქართველოში იწყება, მაშინ, როცა, როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე, ნავთობსექტორში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა იყო...


- ყველასთვის ცნობილია, რომ 90-იანი წლები იყო სირთულეების, ველური კაპიტალიზმისა და იმ ზოგადი სიდუხჭირის წლები, რაც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ. ეს  კატაკლიზმები მოსალოდნელიც იყო, რადგანაც ძალიან დიდი იმპერია დაინგრა და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ის, რაც ჩვენს ერს ძალიან უნდოდა - ქვეყნის დამოუკიდებლობა. ამ დამოუკიდებლობას შეეწირა ის რამდენიმე წელი, როცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოგვიწია ყოფნა. იმ პერიოდში გზის გაკვლევა სექტორში, სადაც ვიყავით, არ გახლდათ ადვილი. საწვავი საკმაოდ მძიმე ინდუსტრია იყო.      


- დიდი კონკურენციის ფონზე, რამ განაპირობა თქვენი მაშინდელი წარმატება? 


- იმ დროინდელი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, იყო ობიექტური ხასიათის პრობლემები, თუმცა ჩვენ ვცდილობდით, რომ ჩვენს საქმიანობაში მთავარი პრინციპები არ დარღვეულიყო. მაშინ, როცა ქვეყანაში 70%-ზე მეტი კონტრაბანდა იყო და საწვავი ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნებიდან სხვადასხვა გზით შემოდიოდა, ჩვენ არ ვუღალატეთ ჩვენს მთავარ პრინციპს, ვაწარმოებდით ბიზნესს ყველა წესის დაცვით, ლეგალურად. ვიხდიდით ყველა გადასახადს და ვიყავით პირნათელი როგორც კანონის, ასევე საზოგადოების წინაშე. ამ სტრატეგიამ გაამართლა და ამიტომაც ნავთობსექტორში „ ვისოლი“ ერთადერთი ქართული კომპანიაა სხვა დანარჩენ, მულტინაციონალურ კომპანიებს შორის.


მირჩევნია, ჩვენს მიღწევებზე სხვებმა ისაუბრონ, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ იმ განვლილ გზაზე, რომელიც გავიარეთ და არც ისე ადვილი გასავლელი იყო. ბიზნესმენი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ადაპტირება მოახდინოს გარემო პირობებთან. სირთულეები ყოველთვის იყო და არის, მთავარია ამ გზაზე გადარჩე და შენი საყვარელი საქმე აკეთო.


ასე რომ, ჩვენ  წარმატებებზე არ ვსაუბრობთ, წარმატებას ვქმნით. 


- დღეს ვის მიიჩნევთ თქვენს რეალურ კონკურენტად?


- მხოლოდ „ვისოლზე“ ვერ ვისაუბრებ, რადგან „ვისოლ-ჯგუფში“ რამდენიმე ბრენდი შედის. ყველა ის კომპანია, რომელიც მომხმარებელს დაახლოებით იგივე მომსახურებასა და პროდუქტს სთავაზობს, რასაც ჩვენ, შეიძლება ჩვენს კონკურენტად ჩაითვალოს. მათი გამოყოფა ბრენდების მიხედით არ მინდა. ჩვენ საკმაოდ ცივილურად და რაციონალურად ვუდგებით კონკურენციას და ვიღებთ ახალ გამოწვევებს.


- სხვანაირად გკითხავთ, რა არის ის უპირატესობა, რაც განგასხვავებთ კონკურენტებისგან?


- ცალსახად ხარისხი! ჩვენი ნებისმიერი ბრენდი ხარისხზე საუბრობს. პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი ყოველთვის გამორჩეულია. კომპრომისი ამ ნაწილში არასოდეს ყოფილა და არც იქნება. თუმცა, მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, რომელიც დღესდღეობით იდეალური არ არის, თუმცა აუცილებლად გახდება.


საკუთარი შეცდომების დანახვა და სწრაფვა უკეთესობისკენ - ეს არის კრედო, ეს არის ქვაკუთხედი, რაზეც დგას ეს კომპანია.


- 2010 წელს ევროპის ბიზნეს-დაჯილდოებაზე „ვისოლ ჯგუფი“ ევროპის წარმატებულ კომპანიათა ათეულში შევიდა და აღმოჩნდა სიაში ისეთი წარმატებული კომპანიების გვერდით, როგორებიცაა  „დოიჩე ბანკი“ და „დრეზდნერ ბანკია“...


- კი, ეს ფურცელი ჩვენი კომპანიის ისტორიაში, ნამდვილად საამაყოა, რადგანაც მსოფლიო გიგანტების გვერდით „ვისოლ-ჯგუფი“ დასახელდა. ამიტომაც ჩვენი კომპანიის პრეზენტაციებში, დღემდე, ერთ-ერთი პირველი სლაიდი სწორედ ამ ფაქტს ეხება. მე ვამაყობ, რომ ეს ჯილდო მიღებული გვაქვს.


- „ვისოლის“ ისტორია ერთი ბენზინგასამართი სადგურით იწყება...


- ნამდვილად ასეა, ჩვენი პირველი ბენზინგასამართი სადგული ორთაჭალაში მდებარეობდა...


- დღეს რამდენ ბენზინგასამართ სადგურს ფლობს თქვენი კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით?


- 165 ბენზინგასამართ სადგურს, თუმცა ვაპირებთ კიდევ უფრო გავფართოვდეთ.


- დიდი კომპანია, რომლის საქმიანობა საცალო გაყიდვებსაც მოიცავს, ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის. რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული კომპანიაში?


- „ვისოლ-ჯგუფში“ შემავალ ცხრა კომპანიაში 5000-მდე ადამიანია დასაქმებული და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის აპრიორი, იმისთვის რომ ქვეყანა განვითარდეს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი დღესაც დაუსაქმებელია. ეს არის პრობლემა,  რომელსაც ებრძვის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი. ამიტომ, თითოეული სამუშაო ადგილი ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ჩემი თაობის ბიზნესმენებს ერთგვარად სოციალური პასუხისმგებლობაც კი გვაქვს ამ კუთხით, რადგან ვართ პირველი თაობის ბიზნესმენები, რომლებმაც ახალი საქართველოს ჩამოყალიბების, დამოუკიდებელი საქართველოს შექმნის შემდეგ გადადგეს პირველი ნაბიჯები ბიზნესში და დააგროვეს პირველადი კაპიტალი.


- ბიზნესი თქვენთვის  ფინანსური უზრუნველყოფაა? მეტი ფული ნიშნავს მეტ მოგებას?


- ორი წესი არსებობს: პირველი - საქმე რომელსაც აკეთებ, უნდა გიყვარდეს და მეორე - ყოველთვის უნდა დასვა კითხვა, „რა ფინანსურ სარგებელს მიიღებ ამ კონკრეტული საქმიდან?“. ბიზნესი არაა ქველმოქმედება, ის  არის იმისთვის, რომ მიიღო სამართლიანი მოგება.


- რა არის თქვენთვის „ვენდისი“?


- ეს არის კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველად თქვა, რომ მომხმარებელს უნდა შესთავაზოს მხოლოდ საქართველოში დამზადებული პროდუქტი - იქნება  ეს ხორცი, ბურგერის პური თუ ყველა სხვა პროდუქტი, რომლის შეთავაზებაც ხდება „ვენდისში“. ვფიქრობ, ეს კომპანიის დიდი გამარჯვებაა, მომხმარებელს შესთავაზო პროდუქტი, დამზადებული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში.


- კომპანიის უახლოესი გეგმები...


- 2018 წელი კონსოლიდაციის წელი იქნება, 2019-ში კი ახალ პროექტებზე ჩამოვყალიბდებით, ამიტომ, წინასწარ ვერაფერს ვამბობ.


- არაერთხელ დაგასახელეს წლის ბიზნესმენად. ამაში ცოდნა უფრო დაგეხმარათ, იღბალი თუ ორივე ერთად?


- მე ადამიანების იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანის ცხოვრებაში ცოდნას და განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს, მაგალითისთვის სტივ ჯობსის მოყვანა შეიძლება. მას არ დაუმთავრებია ცნობილი უნივერსიტეტი და სულ რაღაც ოთხი თვე ისწავლა, თუმცა ამან მის წარმატებას ხელი არ შეუშალა. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის გამონაკლისი იმ დიდი სურათიდან, რაც ჩვენს წინ იხატება. ყველა სტივ ჯობსი არ არის.  ჩემს შემთხვევაში, ცოდნამ ითამაშა უდიდესი როლი.


...იღბალი?


როგორ გითხრათ... ამბობენ, ღმერთი ეხმარება ყველა ადამიანს, ვისაც შრომა უყვარსო.



ავტორი: მაია ჯანგულაშვილი.


ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი


სხვა სიახლეები