• Ƀ/$

კომუნიკაციების მარეგულირებელი "ჯეოსელის" გაყიდვას დასთანხმდა

13 მარტი 16:14 | კომპანიები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტს“ შპს „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

კომისიამ „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებით, 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კომისიამ გადაწყვიტა,  რომ მხარეებზე  დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს კომპანია „სილქნეტისთვის“  „ჯეოსელის“ 100 %-იანი წილის შეძენაზე  წინასწარ თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი.


კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების, აბონენტებისა და კონკურენტი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, კომპანია „ჯეოსელსა“ და „სილქნეტს“  მთელი რიგი ვალდებულებები დააკისრა.


მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომისიამ მხარეებს დავალა, რომ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც აბონენტების პირობებს შეცვლის, მომხმარებლებს ერთი თვით ადრე და ინდივიდუალურად უნდა აცნობონ.


კომისიამ კომპანიებს ასევე დააკისრა ვალდებულება, რომ აბონენტებს არ შეუზღუდონ არჩევანის თავისუფლება მიიღონ მათთვის სასურველი მობილური ან ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება გონივრულ, არადისკრიმინაციულ და ხელმისაწვდომ ფასად.


შპს „ჯეოსელმა“ და სს „სილქნეტმა“,  შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენის თაობაზე, კომუნიკაციებს ეროვნულ კომისიას თანხმობის მიღების თხოვნით 2018 წლის 6 თებერვალს მიმართეს. გარიგების ფასი $153 მლნ-ს შეადგენს.


 


სხვა სიახლეები