• Ƀ/$

„მენაშენეთა ასოციაციაში“ იმედოვნებენ, რომ „სითი პარკის“ მონოპოლიის შემდეგ პარკინგი კონკურენტული ბიზნესი გახდება

13 მარტი 17:05 | ეკონომიკა

თბილისის მერის კახა კალაძის მიერ კომპანია „სითი პარკთან“ 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას „მენაშენეთა ასოციაციაში“ პოზიტიურად აფასებენ.

„ეს მოვლენა, რომელიც თბილისელების მონოპოლისტური თამაშის წესებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, თვისობრივად შეცვლის პარკინგის ბაზარზე დამკვიდრებულ არაჯანსაღ მდგომარეობას“, – აცხადებს „მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ირაკლი როსტომაშვილი.


თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება კომპანია „სითი პარკთან“ კონტრაქტის 10 აპრილიდან შეწყვეტის შესახებ. კომპანიასთან მერიამ ხელშეკრულება 2007 წელს გააფორმა, თუმცა „სითი პარკი“ ოპერირებას 2009 წლიდან შეუდგა და დღემდე მონოპოლისტის პოზიცია ეკავა დედაქალაქის პარკირების ბაზარზე.


„ბუნებრივია, ეს არ იყო თბილისის მერიისთვის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო დედაქალაქისთვის. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ პარკინგის პრობლემის მოსაგვარებლად კიდევ უფრო არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს თბილისის მერს და ეს იქნება ადმინისტრირების გამკაცრება და  ჯარიმების ზრდა, რაც თავისთავად გამოიწვევს პარკინგით სარგებლობის ფასის მკვეთრ ზრდს. სხვაგვარად პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, და მიუხედავად გადაწყვეტილების არაპოპულარულობისა ეს ნაბიჯი ნამდვიალდ სწორი იქნება“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.


მენაშენეები მიიჩნევენ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პრობლემის მოგვარების მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მომდევნო გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყონ პარკინგის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნა, და არა „მონოპოლიის ერთი ხელიდან მეორეში გადაბარება“.


„ამის შემდეგ  თავისუფალმა ბაზარმა ან კონკურენციამ უნდა დაარეგულიროს პარკინგის ბაზარი, რათა ეს სფერო მომგებიანი გახდეს და რაც შეიძლება მეტი ინვესტორი, კვალიფიციური კომპანია მოიზიდოს დედაქალაქის უბნებში. მხოლოდ კონკურენტული გარემო გაანეიტრალებს თბილისში დამკვიდრებულ ქაოსური პარკინგის მახინჯ ტრადიციას“, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი როსტომაშილმა


თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას დედაქალაქისთვის კომპლექსური და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ–ერთი პრობლემური საკითხის – პარკინგის მოგვარების კომპლექსური რეკომენდაციებით „მენაშენეთა ასოციაცია“ მიმართავს. ორგანიზაციის ლიდერები უერთდებითან წამოწყებას „შენი იდეა მერს“ და რეკომენდაციების 12–პუნქტიან პაკეტს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ.


სხვა სიახლეები