• Ƀ/$

ბრიტანეთი – რუსი ოლიგარქებისა და ჯაშუშების თავშესაფარი თუ პოლიტიკური სასაკლაო?

14 მარტი 13:12, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის ყოფილი მზვერავისა და მისი შვილის მოწამვლის შემდეგ, იმავე დიდ ბრიტანეთში მოკლული იპოვეს „აეროფლოტის“ ყოფილი ტოპმენეჯერი და ბორის ბერეზოვსკის თანამოაზრე ნიკოლაი გლუშკოვი.

ბრიტანული მედიის ცნობით, გლუშკოვს ყელის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნება. გლუშკოვის ნაცნობი კი ამბობს, რომ მას თავი არ ჩამოუხრჩია.


68 წლის გლუშკოვის გარდაცვალების შესახებ პირველი ინფორმაცია ფეისბუქზე ბიზნესმენმა დემიან კუდრიავცევმა გამოაქვეყნა. კუდრიავცევიც ცნობილ რუს ოლიგარქთან, აწგანსვენებულ ბორის ბერეზოვსკისთან მუშაობდა და საგამომცემლო სახლ „კომერსანტს“ მართავდა, რომელსაც ერთ დროს ბერეზოვსკი და მისი პარტნიორი, ასევე აწგანსვენებული ბადრი პატარკაციშვილი ფლობდნენ.


გლუშკოვის ადვოკატმა დაადასტურა მისი გლიენტის გარდაცვალება, თუმცა ფაქტის გარემოებები, მათ შორის გარდაცვალების ზუსტი თარიღი და დრო, არ იცის.


„კომერსანტი“ წერს, რომ გლუშკოვის ცხედარი მისმა ქალიშვილმა ლონდონის გარეუბანში მდებარე ბინაში აღმოაჩინა.


გამოცემის ცნობით, ცხედარს ყელზე მოგუდვის ნიშნები აქვს, თუმცა უცნობია, მან თავი ჩამოიხრჩო, თუ გაგუდეს.


სხვათაშორის, 2013 წლის მარტში ბორის ბერეზოვსკიც ჩამომხრჩვალი იპოვეს საკუთარ სახლში, ასევე ლონდონის გარეუბანში.


გლუშკოვის საქმეს ბრიტანეთის პოლიციის კონტრტერორისტული ქვედანაყოფი იძიებს. ძალოვანები ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტი სელსბერში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი მაღალჩინოსნის სკრიპალის მოწამვლას არ უკავშირდება.


„იქ შემთხვევით რამე ნივთიერება ხომ არ აღმოაჩინეს? უნდა გავიქცეთ აქედან, თუ რა ვქნათ?“ – კითხა ჟურნალისტებს კლარენს–ავენიუს მშვიდი ქუჩის მაცხოვრებელმა და იმ სახლზე მიანიშნებდა, სადაც გლუშკოვის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დღეებისთვის კითხვა ლოგიკურია.


ბერეზოვსკის სიძემ ეგორ შუპემ, რომელსაც ახლო ურთიერთობები ჰქონდა გარდაცვლილთან, ბი–ბი–სისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ გლუშკოვი არ ავადმყოფობდა. მან ფეხზე გაიკეთა ოპერაცია, რის შემდეგაც კარგად გრძნობდა თავს. „მე გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი უცნაურად გამოიყურება“, – აცხადებს შუპე.


ეგორ შუპეს თქმით, გლუშკოვის გარდაცვალების დღეს სასამართლოში „აეროფლოტის“ საქმეზე მოსმენები უნდა გამართულიყო, თუმცა საქმის მთავარმა ფიგურანტმა პროცესამდე ვერ მიაღწია.


გლუშკოვის გარდაცვალებას ასევე საეჭვოდ მიიჩნევს ბორის ბერეზოვსკის გარემოცვის კიდევ ერთი წევრი ალექსანდრე გოლდფარბი. „ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება, რუს ორმაგ აგენტზე სერკეი სკრიპალზე თავდასხმის ფონზე“, – უთხრაგოლდფარბმა ბი–ბი–სის.


ვინ იყო გლუშკოვი


გასული საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისში გლუშკოვი ბორის ბერეზოვსკის მიერ შექმნილი „ლოგოვაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 1996 წელს „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა.


4 წლის შემდეგ გლუშკოვი დააპატიმრეს. სასამართლომ 3 წლისა და 3 თვის შემდეგ უკვე მოხდილი ვადა მიუსაჯა. ციხიდან გამოსვლისთანავე ის დიდ ბრიტანეთში გადასახლდა, სადაც 2010 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.


გასულ წელს მოსკოვის სასამართლომ გლუშკოვი „აეროფლოტიდან“ $123 მლნ–ის მითვისებაში დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად მიუსაჯა 8–წლიანი პატიმრობა.


ტერეზა მეის ულტიმატუმი კრემლს


დიდი ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის ულტიმატუმის ვადა კრემლისადმი დღეს ამოიწურა. რუსეთის დაზვერვის ექს–პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ნერვულ–მაპარალიზებელი გაზით მოწამვლის გამო მეიმ მოსკოვს ორშაბათს წაუყენა ულტიმატუმი და მოითხოვა პასუხი კითხვაზე – მომწამვლელი ნივთიერება შემთხვევით მოხვდა ინგლისში, თუ სკრიპალი განზრახ მოწამლა რუსულმა მხარემ.


ულტიმატუმის პასუხად რუსეთის საგარეო მინისტრმა ბრძანა: „ვიდრე ულტიმატუმს წამოაყენებთ, ბრიტანეთის მთავრობას 24 საათის განმავლობაში წარუდგინეთ ანგარიში და დაიცავით საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები, ამ შემთხვევაში ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მიმართულებით“.


ლავროვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი ულტიმატუმს თავისებურად უპასუხა: „ნუ აშინებთ რუსეთს!“.


მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა დააკავშირა სკრიპალის მოწამვლასთან კრემლი. ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა განაცხადა, რომ პუტინს არ უნდა მიაჩნდეს დიდი ბრიტანეთი პოლიტიკური მკვლელობების ადგილად. კიდევ ერთმა ამერიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთის, როგორც ტერორიზმის სპონსორ–სახელმწიფოდ გამოცხადება. ოფიციალურმა თეთრმა სახლმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ სკრიპალის საქმეზე დიდი ბრიტანეთის პოზიციას მხარს დაუჭერენ.


სკრიპალის შესახებ


სერგეი სკრიპალი, რომელიც მოწამვლის მძიმე სიმპტომებითაა ჰოსპიტალიზებული ბრიტანეთში, რუსეთიდან გაძევების შემდეგაც განაგრძობდა დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას.


გამოცემა Financial Times ბრიტანეთის სპეცსამსახურებიდან წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ, შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მასზე თავდასხმის მიზეზი.


გაზეთის ერთ–ერთი წყაროს ცნობით, რომელიც ბრიტანეთის სპეცსამსახურის გადამდგარი მაღალჩინოსანია, სკრიპალი 2010 წლის შემდეგ, როდესაც ის „ჯაშუშების გაცვლის“ პროგრამის ფარგლებში გადასცეს ბრიტანეთს, უცხოურ სპეც–სამსახურებთან თანამშრომლობდა. მიუხედავად იმისა, რომ სკრიპალის, როგორც ინფორმაციის ოპერატიული წყაროს მიმართ ინტერესი თანდათან შემცირდა, მას ხშირად იყენებდნენ რუსეთის დაზვერვის შესაძლებლობების შესწავლა–განხილვების პროცესებში.


სკრიპალი სასარგებლო იქნებოდა სპეცსამსახურების თანამშრომლების მომზადებაში


ერთ–ერთი უწყების სხვა თანამშრომელმა მიანიშნა, რომ სკრიპალს შეეძლო აეხსნა, რა პრიორიტეტებს ისახავდა მიზნად რუსეთი დასავლეთში თავისი ჯაშუშების ჩანერგვის პროცესში, ასევე კარგად იცნობდა გადაბირებისა და კონტრდაზვერვის მეთოდებს, რომლებითაც რუსეთის სპეცსამსახურები მოქმედებენ.


მოწამვლა რუსულად – კიდევ ერთი გახმაურებული ფაქტი


ბრიტანეთის გამოძიებამ 2016 წლის იანვარში დაასკვნა, რომ რუსეთის მთავრობა იდგა 2006 წელს რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის უკან და ეს მკვლელობა, „სავარაუდოდ, ნებადართული იყო“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ.


ბრიტანელი მოსამართლის რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“, ლიტვინენკო მოკლეს რუსეთის მოქალაქეებმა დმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით.


"ამასთან, დავასკვენი, რომ ბატონი ლიტვინენკოს მოსაკლავად ფეესბეს ოპერაცია, სავარაუდოდ, ნებადართული იყო ფეესბეს მაშინდელი ხელმძღვანელის, ბატონი პატრუშევის და, ასევე, პრეზიდენტ პუტინის მიერ“, - განაცხადა ოუენმა.


მისი თქმით, პუტინსა და ლიტვინენკოს შორის არსებობდა პიროვნული ანტაგონიზმი და პუტინის ადმინისტრაციის წევრებს ლიტვინენკოს მოკვლისთვის მოტივი ჰქონდათ.


ლიტვინენკომ, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა პუტინს, რუსეთი სიკვდილამდე ექვსი წლით ადრე დატოვა.


ბრიტანელმა გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ 44 წლის ლიტვინენკომ რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დალია ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში, კოვტუნთან და ლუგოვოისთან ერთად. ლიტვინენკო სამი კვირის შემდეგ, 2006 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში.


მსგავს თემაზე:


FINANCIAL TIMES სკრიპალის მოწამვლის შესაძლო მიზეზებს ასახელებს


ბრიტანეთიდან შესაძლოა, რუსი დიპლომატები გააძევონ


სხვა სიახლეები