• Ƀ/$

მსოფლიო ეკონომიკა 3,9%-ით გაიზრდება – პროგნოზი

14 მარტი 14:32, 2018 წელი | ანალიტიკა

გლობალური სავაჭრო ომის საფრთხეების მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2018 წელს 3,9%-იან ნიშნულს მიაღწევს.

ასეთი პროგნოზი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შუალედურ ანგარიშშია მოყვანილი. დოკუმენტის ავტორების თქმით, ზემოხსენებული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2011 წლის შემდეგ.


OECD-ის მთავარი ეკონომისტის ალვარო პერეირას მტკიცებით, ეკონომიკის ზრდის აღნიშნული ტემპი 2019 წელსაც შენარჩუნდება.


დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ეკონომიკა კვლავ მწვავედ რეაგირებს საერთაშორისო ვაჭრობაში შექმნილ დაძაბულობაზე. კერძოდ, აშშ–ის მიერ ალუმინისა და ფოლადის იმპორტის დაბეგვრა „ხელს შეუშლის ეკონომიკის აღორძინებას“, ვინაიდან ეს საკითხი მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, მიაჩნია OECD–ის მთავარ ეკონომისტს.


აშშ–ისა და გერმანიისთვის პროგნოზი გაუმჯობესდა


OECD–ის ანგარიში რეგიონების მიხედვით შეიცავს მონაცემებს. აშშ–ის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის 2,9%–მდე, ხოლო 2019 წლისთვის 2,8%–მდე გაიზარდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელსაყრელი კონიუნქტურისა და მზარდი ინფლაციის ფონზე ფედრეზერვი საბაზისო განაკვეთს ოთხჯერ გაზრდის, ნაცვლად ნავარაუდევი გასამმაგებისა.


ევროზონას რაც შეეხება, აქ ეკონომიკური ზრდის შენელება შეინიშნება. OECD–მა საწყისი პროგნოზო 0,2%–ით შეამცირა – 2018 წლისთვის 2,3%–ის, ხოლო 2019 წლისთვის 2,1%–ის დონეზე.


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის პროგნოზო გაუმჯობესებულია. ექსპერტების მტკიცებით, მიმდინარე წელს გერმანიის ეკონომიკა 2,4%–ით გაიზრდება, ნაცვლად ნავარაუდევი 2,3%–ისა. ზრდის საფუძვლად ექსპერტები „დიდი კოალიციის“ მიერ სახელმწიფო ხარჯების გაზრდას ასახელებენ.


სხვა სიახლეები