• Ƀ/$

უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია

17 მარტი 15:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

უცხენო ეტლზე კაციობრიობა ათასწლეულები ოცნებობდა. ოცნება კი მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულს აიხდინა, მაშინ როცა კარლ ბენცმა 1886 წლის 29 იანვარს შიდაწვისძრავიანი ავტომობილი დააპატენტა.

ავტომობილს დომინანტის პოზიციის მოსაპოვებლად ათწლეულები დასჭირდა და მის ნამდვილი ბუმი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. ავტომობილმა არამხოლოდ საბოლოოდ განდევნა ეტლი, რკინიგზის როლიც კი შეამცირა.


სახელმწიფოთა კეთილდღეობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ავტომობილთა რაოდენობაც გახდა. თუ შეერთებულ შტატებსა და ლუქსემბურგში ყოველ 1000 მაცხოვრებელზე 800-ზე მეტი ავტომობილი მოდის, რუანდასა და ბანგლადეშში ის 5-ზე ნაკლებია.


ავტომობილთა რაოდენობამ 1 მილიარდს უკვე გადააჭარბა. 2040 წლისათვის კი 2 მილიარდს მიაღწევს. კომფორტულ გადაადგილებას პრობლემებიც თან ახლავს.  გარემოს დაბინძურებით და მის მიერ გამოწვეული პრობლემებით წელიწადში მსოფლიოში 9 მილიონი ადამიანი იღუპება. გაცილებით მეტი ვიდრე ომებისგან და ბუნებრივი კატასტროფებისგან. გარემოს დაბინძურება ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც მეტწილად ტრანსპორტითაა გამოწვეული. ეკოლოგიური ტრანსპორტის აუცილებლობა ეჭვს აღარ იწვევს.



დღეისთვის მილიარდი ავტომობილიდან ელექტრომობილი მხოლოდ 0.3% - 3 მილიონია. ეს კი ყოველთვის ასე არ იყო. ელექტრომობილის ისტორია XX საუკუნის მიწურულს არ დაწყებულა, ის ავტომობილის ხნისაა, 100 კმ/სთ 1899 წელს პირველად ელექტრომობილმა განავითარა და პირველ მსოფლიო ომამდე მისი წილი ავტოინდუსტრიის 1/3-ს შეადგენდა. დარგის ხელახალი აღორძინება დიდი სისწრაფით მიდინარეობს. ნორვეგიაში 2017 წელს გაყიდულ ავტომობილებში ელექტრომობილების წილმა 39.2%-ს მიაღწია, ისლანდიაში 14-ს. ევროკავშირის წევრი არც ერთი არაა, თუმცა ორივეს მაჩვენებელი რეგულაციებით ცნობილ ევროკავშირის მაჩვენებელს 1.75% მნიშვნელოვნად აღემატება. ნორვეგია 29%-იანი წილით 2016 წელსაც ლიდერობდა, საფუძველს არაა მოკლებული ვარაუდი, რომ 2018 წელს ელექტრომობილის წილი მთლიან გაყიდვებში 50%-ს გადააჭარბებს.


მთელ რიგ ქვეყნებში მომავალთან  დაკავშირებით უკვე სახავენ სტრატეგიას.  2030  წლისთვის  ევროპის ქვეყნების უმეტესობაში შიდაწვისძრავიანი ავტომობილის წარმოება/იმპორტი აიკრძალება. 2040 წლისთვის კი გადაადგილებაც. ზოგიერთი მათგანი უფრო შორსაც წავიდა და ვადები შეამცირა. ნორვეგია 2025 წლისთვის შიდაწვისძრავიანი ავტომობილების სრულ აკრძალვას გეგმავს.



ელექტრომობილების პარალელურად ქარისა და მზისგან მიღებული ელექტროენერგიაც დიდი სისწრაფით იზრდება, შესაბამისად „ნახშირზე მავალი მანქანებზე“ ქილიკიც მალე უნდა დასრულდეს. ავტომობილის სახურავზე განთავსებული მზის პანელის ფუნქციაც სულ უფრო მეტად იზრდება და შესაძლებელია ერთ დღეს შტეფსელის საჭიროებაც გამოირიცხოს.


იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრომობილის ფასი მსგავსი კლასის ავტომობილის ფასს აღემატება, სახელმწიფოთა უმრავლესობა სხვადასხვა სახის წახალისების ფორმას მიმართავს. საქართველოში ნულოვანი დაბეგვრის მექანიზმი მოქმედებს და პარკირებაც უფასოა. 2016 წელს 34 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, 2017 წელს კი 871-ის. 2017 წელს განხორციელდა 1100 ტონა ნავთოპროდუქტების იმპორტი 1.43 მლრდ ლიტრს უდრის. (1 ტონა ბენზინი 1300 ლიტრია) 1 ლიტრი ბენზინი დაახლოებით 2 კვტ. ელექტროენერგიის ექვივალენტია. შესაბამისად თეორიული დაშვებით თუ ქვეყანაში ყველა ელექტრომობილზე გადაჯდება ეს მოხმარებას 2.86 მლრდ. კვტ/სთ-ით გაზრდის. თუ საწვავის სიიაფით გამოწვეულ მოხმარების ზრდასაც გავითვალისწინებთ ეს რიცხვი 4 მლრდ კვტ/სთ-მდეც შეიძლება ავიდეს. ამ შემთხვევაშიც კი აღდგენელი „შუახევჰესი“, „ნენსკრაჰესი“, „ნამახბანჰესების კასკადი“ და „ონის ჰესების კასკადი“ სრულიად საკმარისი იქნება.


ელექტრომობილებზე საუბრისას 2 მარკა აუცილებლად გასმოსარჩევია. TESLA და NISSAN-ი. NISSAN LEAF 300 000 გაყიდული მოდელით პირველობას ინარჩუნებს. დაბალი ფასის გამო, მეორადის შეძენა 10 000 ლარიდან შესაძლებელია, ეს მოდელი საქართველოშიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს.



TESLA MODEL 3-მა გარკვეული პერიოდის მანძილზე მთელს მსოფლიოს გაუცრუა იმედი, რადგან წარმოების სისწრაფე დაპირებულთან ახლისაც ვერ მივიდა, თუმცა უკვე 2018 წელს მთელს მსოფლიოში დაწინაურდა და შესაძლოა არც თუ ისე დიდი დროის შემდეგ NISSAN LEAF-საც გაუსწროს. ახალი ავტპმობილისთვის $35 000 არც თუ ისე ბევრია. გარბენი კი 350 კილომეტრს შეადგენს. გაძლიერებული აკუმულატორით ფასი $44 000-მდე იზრდება, მაგრამ გარბენიც 500 კილომეტრს უტოლდება, რაც სიღნაღიდან ბათუმამდე ჩასვლის გარანტიას იძლევა. შეერთებულ შტატებში იანვარში 1875 ერთეული TESLA MODEL 3 გაიყიდა რაც 700 ერთეულით მეტია მეორე ადგილზე გასულ შევროლესთან შედარებით. თებერვალში კი 3030-ს მიაღწია.


ხუთიოდე წლის წინ ელექტრომობილი მცირე ზომის შიდასაქალაქო ავტომობილთან ასოცირდებოდა. ახლა უკვე ვხდებით ან ძალიან მალე შევხდებით ქროსოვერებს, პიკაპებს, 40 ტონიან სატვირთოებს. ელექტრომობილის გამოშვებას იწყებენ ისეთი ბრენდებიც კი როგორებიცაა JAGUAR, PORCHE, FERARI და MYBUCH.



გლობალური დათბობის შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი იაზრებს, მაგრამ მთავარი სტიმული მაინც ეკონომიკურია. თუნდაც საქართველოში ბევრს სურს უბრალო ელექტრომობილის შეძენა, მაგრამ რადგან 3000-3500 ლარზე მეტი არ გააჩნია არჩევანს იცვლის. ელექტრომობილის ფასი იმავე კლასის შიდაწვისძრავიანს 20-იან წლებში, სავარაუდოდ 2025 წლისთვის გაუთანაბრდება. ეს გარდამტეხი მომენტი იქნება. საწყისი ფასი იგივე, მიმდინარე ხარჯი კი 5-ჯერ და მეტად ნაკლები, რადგან ბენზინთან ერთად ელექტრომობილი არც ზეთის გამოცვლას საჭიროებს და ვიბრაციის არქონის გამო, ნაწილებიც უფრო დიდხანს ძლებს. დენის წაყროსთან 5 წუთიანი კონტაქტის შემდეგ თუ ასეთმა ავტომობილმა შეძლო 500-600 კილომეტრის გავლა, შიდაწვისძრავიანი უბრალოდ არაკონკურენტუნარიანი გახდება.


ელექტრომობილი უკვე მომავალი კი არა აწმყოა, მომავალი კი კიდევ უფრო საინტერესოა.  ჯერ კიდევ 150 წლის წინ მოძრავი ეტლი ცხენის გარეშე წარნოუდგენლად ჩანდა. 20 წლის წინ ცოტას თუ წარმოედგინა ავტომობილი შიდაწვის ძრავის გარეშე. დღეს კი უკვე ახლოსაა რეალობა, როცა ავტომობილს მძღოლის გარეშე ვიხილავთ. GOOGLE-ის გარდა მასზე მუშაობს TESLA, VOLKSWAGEN, TOYOTA. სიახლე ბევრს აშინებს, თუმცა რეალურად ალგორითმი ნაკლებრისკიანია. ის არ გაივლის წითელზე იმ მიზეზით რომ ვიდეოკამერები არ აყენია, ან მოძრაობა მაინც თავისუფალია. მხოლოდ უპილოტო ავტომობილების მოძრაობისას ავარიის რისკი ბევრად დაბალია. ამ ეტაპზე მათი სერიულად წარმოება ჯერ არ დაწყებულა. თავდაპირველად მას მაინც ექნება საჭე ყოველიშემთხვევისთვის. რევოლუციური ცვლილება მილიონობით ადამიანს სამსახურის გარეშე დატოვებს, მაგრამ მილიარდობით ადამიანისთვის მგზავრობას და ტვირთის ტრანსპორტირებას მნიშვნელოვნად გააიაფებს.



უპილოტო ავტომობილი მომავლის ერთადერთი სიახლე არ იქნება. ავტომობილები ფრენას ისწავლიან. მათი ნაწილი ასფალტიდან ცაში გადაინაცვლებს. ამ ერთის მხრივ მშვენიერ იდეას ჯერჯერობით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ახლავს. რა სიმაღლეზე იფრენენ ავტომობილები? როგორი იქნება მათი რეგულირება? როგორ უნდა მოხდეს რისკების პრევენცია? ავარიის ან ტექნიკური გაუმართაობის შედეგად თუ ავტომობილი შენობის სახურავს დაეცა, შედეგი ბევრად მძიმე იქნება ვიდრე სგზაო ავარიის დროს. ექსპერტების მოელიან რომ 20-იან წლებში ცალკეული მოდელების წარმოება დაიწყება, დარგი კი რეალურად შედარებით მოგვიანებით განვითარდება.



ილონ მასკს კი მიაჩნია, რომ ავტომობილისთვის ადგილი მიწისქვეშაც მშვენივრად მოიძებნება. ქალაქები უამრავი მიწისქვეშა გვირაბებით უნდა დაისეროს, სადაც ავტომობილები საკუთარ ზოლში 240 კმ/სთ-ით ივლიან. მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი მისი სიძვირეა, გვირაბის გათხრა საკმაოდ ხარჯიანია.



ვარაუდების მიუხედავად, დაზუსტებით იმის თქმა, თუ როგორი იქნება ავტოინდუსტრია 2030 ან 2040 წელს ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ იქნება იმისგან განსხვავებული რაც დღესაა.


 


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი.


მსგავს თემაზე:

2019 წელს Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


ჟენევის ავტოშოუზე მფრინავი მანქანა წარადგინეს


Toyota უპილოტო ავტომობილების წარმოებას 20-იანი წლებიდან დაიწყებს


მასკმა მიწისქვეშა ელექტრობუსების კონცეფცია წარადგინა



სხვა სიახლეები