• Ƀ/$

პუტინი – „კარგად შეიარაღებული“ პრეზიდენტობის კანდიდატი ეკონომიკური გეგმის გარეშე

16 მარტი 12:14, 2018 წელი | ანალიტიკა

რუსი მაღალჩინოსნებისა და ანალიტიკოსების თქმით, ვლადიმირ პუტინი კვირას არჩევნებზე კონკრეტული ეკონომიკური სტრატეგიის გარეშე გადის, მიუხედავად ხელისუფლებაში ამ თემაზე გაჩაღებული ცხარე კამათისა.

სააგენტო „როიტერის“ მიმომხილველები წერენ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის 18-წლიანი ყოფნის განმავლობაში ბევრმა რუსმა მოითბო ხელი ნავთობზე მაღალი ფასებისა და ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპების წყალობით.


თუმცა, 2008 წლის კრიზისის შემდეგ, რაშიც რუსეთიც აღმოჩნდა ჩათრეული, რამდენიმე წელიწადში, ყირიმის ანექსიისა და უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. ამას დაემატა ნავთობის კოტირებების ვარდნა, რუბლის დევალვაცია და ფასების ზრდა, რამაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მოქალაქეების ბიუჯეტებს.


მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა ზრდის მიმართულებით წავიდა და ინფლაციის ტემპი შენელდა, რუსების უმეტესობა თავს კიდევ უფრო ღარიბად მიიჩნევს, ვიდრე კრიზისამდე იყო.


ამომრჩეველი პუტინისგან ეკონომიკურ რეფორმებს ითხოვს. რეალური ოპოზიციის არარსებობის გათვალისწინებით, მოქმედი პრეზიდენტი ადვილად მოიპოვებს გამარჯვებას და მეოთხე ვადით ჩაუდგება სათავეში ქვეყნის ხელისუფლებას. სავარაუდოდ, ეს ვერ გახდება სტიმული ცვლილებების გეგმის შესამუშავებლად. ამასთანავე, კრემლის მაღალჩინოსნებს შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობის გამო, ეკონომიკური რეფორმების განხორციელება ურთულეს ამოცანად გამოიყურება.


ეკონომიკური და პოლიტიკური კონსალტინგის სააგენტო Macro Advisory-ს უფროსი პარტნიორი კრის უიფერი ამბობს, რომ კრემლმა „ოქროს მონსტრი“ შექმნა იმ მოლოდინებზე, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე მუდმივად მზარდი იქნება.


„ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მოსახლეობა მიხვდება, რომ მისი ცხოვრების დონე უარესდება და გაუმჯობესების პერსპექტივა ძალიან დაბალია, – თქვა მან. – ისინი ხელისუფლებისგან მოქმედებასა და ვითარების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ხელისუფლება ისმენს, მაგრამ არავინ იცის, რა უნდა გააკეთოს“.


ამ საკითხზე „როიტერის“ კითხვებს დღემდე პასუხობს კრემლი და კონკრეტულად რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.


პუტინი არაერთხელ გამოვიდა ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესების მოწოდებით და მარტში ფედერალურ საკრებულოში გამოსვლისას თქვა, რომ მომავალი ათწლეულის შუა პერიოდისთვის რუსეთის მშპ 1,5-ჯერ უნდა გაიზარდოს.


მიუხედავად ამისა, არც კრემლსა და არც სამინისტროებს ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმები არ წარმოუდგენიათ.


სააგენტო „როიტერთან“ საუბარში რუსეთის ექვსმა სამთავრობო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ საკვანძო მოთამაშეები, მათ შორის ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ ორეშკინი და პრეზიდენტის თანაშემწე ანდრეი ბელოუსოვი, ვერ თანხმდებიან იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც აუცილებელია ეკონომიკის ზრდის უზრუნველსაყოფად.


რუსეთის მთავრობაში სამომავლო ეკონომიკური გეგმების განხილვის პროცესთან დაახლოებულმა წყარომ, აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გამოსვლის დროს ვლადიმირ პუტინს არანაირი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა არ ჰქონდა და პრაქტიკულად ქაღალდზე არც არის გადმოტანილი წინადადებები, გარდა რამდენიმე პრეზენტაციისა.


პუტინის გამოსვლებში მხოლოდ ერთი რამ გაჟღერდა ამ მიმართულებით – „უნდა გავიმყაროთ პოზიციები მსოფლიოს 5 უდიდეს ეკონომიკაში“. მაგრამ მოქმედ პრეზიდენტს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს და პირდაპირ ახალი ბირთვული იარაღის შესახებ ამბების მოყოლაზე გადავიდა.


წყაროების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსანი საპენსიო ასაკის, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის გაზრდას მოითხოვს, სხვები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ ინიციატივებს. ინტერესების შეუთავსებლობა იმაზეც მიანიშნებს, რომ, იგივე წყაროების აზრით, კანონმდებლები არ ჩქარობენ სიღრმისეული რეფორმების მხარდაჭერას.



იგივე წყაროების ცნობით, მინისტრები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ პუტინი უმეტესად საგარეო პოლიტიკაზეა ფოკუსირებული – საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის მისთვის საჭირო დრაივერზე – ვიდრე ეკონომიკურ რეფორმებზე.


დაპირისპირებული ბანაკები


რუსეთის ეკონომიკა – სიდიდით მე-11 მსოფლიოში – 2017 წელს ზრდის ფაზაში დაბრუნდა და 1,5%-ით გაფართოვდა ნავთობზე ფასების გაზრდის წყალობით.


ეს მაჩვენებელი კარგად გამოიყურება, დასავლური სანქციების გამო, 2015-16 წლებში მშპ-ის შემცირების ფონზე, რომლებმაც უცხოური ინვესტიციები შეზღუდა. თუმცა, ზრდა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 2%-იან მაჩვენებელს მეოთხედით ჩამორჩება. გასული წლის მაჩვენებელი კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება პუტინის მმართველობის პერიოდში მშპ-ის რეკორდულ ზრდას, რამაც 2007 წელს 8,5% შეადგინა.


ინფლაციამ, რომელმაც 2015 წელს 17%-ს აარტყა, ასევე კრედიტების გაძვირებამ, ოჯახურ მეურნეობებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის მაჩვენებელი თანდათანობით დაიყვანა პოსტსაბჭოთა პერიოდის მინიმუმამდე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფრთხილი შემსუბუქების წყალობით.


გასული წლის მეორე ნახევარში უმუშევრობის დონემ 5%-ს გადააჭარბა, ხოლო იგივე პერიოდში საშუალო ხელფასი 2013 წლის $867-დან $553-მდე დავარდა.


ეკონომისტები ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, მათ შორის: სახელმწიფო კომპანიების პრივატიზება, საპენსიო ასაკის არსებითი ზრდა და სასამართლო სისტემის რეფორმა.


რუსეთის ეკონომიკის შესახებ ანგარიშში მსოფლიო ბანკმა აღნიშნა, რომ წარმოების გაუმჯობესებისა და მშპ-ის ზრდისთვის აუცილებელია „გაცილებით ღრმა და სწრაფი სტრუქტურული რეფორმები“.


„ამ მიზნებად პოლიტიკოსები ეკონომიკაში სახელმწიფოს წვლილის შემცირებას, ინსტიტუციური და ნორმატიული ბაზის გაუმჯობესებასა და სამართლიანი კონკურენციის მხარდაჭერას სახავენ“, – იუწყება მსოფლიო ბანკი.


წყაროების ცნობით, ამ მიზნების მიღწევას კრემლის მეტ-ნაკლებად ლიბერალურად განწყობილი ძალების დაქსაქსულობა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მაღალჩინოსნების მოთხოვნები აფერხებს, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის სრული კონტროლის უზრუნველყოფა.


პრივატიზაცია ერთი ჯიბიდან მეორეში – მაგალითისთვის, მთავრობა „ბაშნეფტის“ პრივატიზებას გეგმავდა და ის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ მიჰყიდა. პუტინმა, რომელიც „როსნეფტის“ ხელმძღვანელს უახლოეს თანამოაზრედ მიიჩნევს, განაცხადა, რომ ეს გარიგება პრივატიზების პროცესს შეუწყობს ხელს.


„გამოდის, ჩვენი ეკონომიკა კომპანიების კიდევ უფრო ვიწრო წრეში კონცენტრირდება“, – თქვა სერგეი ბელიაკოვმა, რომელიც არასახელმწიფო საპენსიო ფონდების პრეზიდენტი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილეა.


მისივე თქმით, ნებისმიერი სხვა ძალისხმევა მხოლოდ კორექტირებებს მოიცავს“: „სურდოს მოარჩენთ, მაგრამ გრიპს რა ვუყოთ?“


„ლოკო-ინვესტის“ ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ეკონომიკის სამინისტროს მაკროეკონომიკური პროგნოზირების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი კირილ ტრემასოვი ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდის სტიმულირების გასაღები სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის შერბილებაშია, რისი მიღწევაც შეუძლებელია რუსეთის ეკონომიკური პრიორიტეტების სერიოზული განხილვის გარეშე.


„მაქსიმუმი, რაზეც დღეს მსჯელობა მიდის, ესაა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნიუანსები და საგადასახადო ნოვაციების ცალკეული ინიციატივები“, – თქვა მან.


რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 18 მარტს გაიმართება, რომელზეც მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პრაქტიკულად, უალტერნატივოა.


სხვა სიახლეები