• Ƀ/$

უკიდურეს სიღარიბეს დღე-ღამეში თავს 130 000 ადამიანი აღწევს

18 მარტი 14:00, 2018 წელი | ეკონომიკა

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სამყარო უკეთესობისკენ არ იცვლება და ეს არასწორია, როგორც მინიმუმ ეკონომიკური კუთხით. უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი 95-დან 10%-მდე შემცირდა. 

სიღარიბის შემცირებას თან ახლდა პიროვნული თავისუფლების მოპოვება, წოდებრივი, რასობრივი და გენდერული ნიშნით კანონის დონეზე აყვანილი დისკრიმინაციის აღმოფხვრა, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობის ზრდა...



ასეთი დრამატული ცვლილების მიუხედავად შვედეთში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა მხოლოდ გამოკითხულთა 10%-მა აღიარა, შეერთებულ შტატებში 6%-მა, გერმანიაში კი მხოლოდ 4%-მა. ამის მიზეზი დიდწილად იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თუ თავადაა ცვლილების მოწმე ან მონაწილე მას ნაკლებად ამჩნევს. ამასთან შვედთიც, გერმანიაც და აშშ-იც სამივე განვითარებული სახელმწიფოა ასე იყო 30 და 50 წლის წინაც. სამხრეთ კორეაში ან ჩინეთში გამოკითხვის შედეგები სავარაუდოდ განსხვავებული იქნებოდა.


უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებლად ითვლება პირი, რომლის დღიური შემოსავალიც $1.9-ზე ნაკლებია, ამასთან სხვადასხვა სახელმწიფოს შესაძლოა განსხვავებული მეთოდოლოგიაც გააჩნდეს. ერთ სახელმწიფოში შეიძლება ღარიბად ითვლებოდეს პირო, რომელიც შვებულებას საზღვარგარეთ ვერ ატარებს, მეორეში კი ის, ვისაც დღეში 1 პურის ან 1 ულუფა ბრინჯის საყიდელი ფული არ აქვს.


აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოცემულ 200 წლიან პერიოდში სიღარიბე ძირითადად ბოლო 70 წელიწადში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემცირდა. ამავე პერიოდში თითქმის იმავე პროპორციით იკლო წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანთა რიცხვმაც.



შემთხვევითი არაა, რომ ზუსტად ამ დროს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ცხოვრების პირობები ჩინეთში, ასევე ჯერ კიდევ ძალიან ღარიბ ინდოეთსა და ინდონეზიაში. 1960-2016 წლებში მსოფლიო მასშტაბით 1 ადამიანის შემოსავალი $3700-დან $10400-მდე გაიზარდა 2010 წლის მუდმივი ფასებით. ჩინეთის $192-დან $6890-მდე, ინდოეთის 300-დან 1860 დოლარამდე, ინდონეზიის 390-დან 3970 დოლარამდე. ამ სამ სახელმწიფოში კი მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 40% ცხოვრობს. მათ გარდა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კორეაში, მალაიზიაში, აზიისა და ლათინოამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში.



მსოფლიო მოსახლეობა ბოლო 200 წელიწადში 7-ჯერ, ბოლო 70 წელიწადში კი 3.5-ჯერ გაიზარდა, ამის მიუხედავად სიღარიბე დრამატულად შემცირდა. ეს ფაქტი იმ მოსაზრების სიყალბეს ააშკარავებს რომლის მიხედვითაც თუ მოსახლეობის ზრდა გაგრძელდა დედამიწაზე საყოველთაო შიმშილი დაისადგურებს. ეს არ მოხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოზე პატარა ნიდერლანდები წელიწადში $90 მლრდ-ს აგრო პროდუქტი გააქვს ექსპორტზე, ანუ გამოწვევა ტექნოლოგიებია და არა მიწის სიმცირე ან მოსხლეობის სიმრავლე.


მიუხედავად იმისა, რომ აფრიკა, კვლავ რჩება უღარიბეს რეგიონად, როგორც კვლევებმა აჩვენა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეს ბოლო 25 წელიწადში მილიარდზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი. 1990 წლიდან მოყოლებული დღე-ღამეში უკუდურესი სიღარიბიდან 130 000 ადამიანი გამოდის. 


მსგავს თემაზე:

მსოფლიო ეკონომიკა, უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში


ბლოკჩეინი - სიღარიბის დაძლევის რეცეპტი?



სხვა სიახლეები