• Ƀ/$

საფინანსო ბაზრების მოლოდინები მიმდინარე კვირაში

19 მარტი 15:38, 2018 წელი | ანალიტიკა

გლობალური საფინანსო ბაზარი ამ კვირაში ფედრეზერვის სხდომის მოლოდინშია, რომელიც დოლარის საპროცენტო განკვეთთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

ეს სხდომა უფრო იმითაა საინტერესო, რომ მას თავმჯდომარის რანგში პირველად გაუძღვება ჯერომ პაუელი.


ფედრეზერვის მსგავსად, მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ინგლისის ბანკი და ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკიც მიიღებენ.


დღეს კი ბუენოს აირესში (არგენტინა) სტარტს აიღებს G20-ის სამიტი, რომელშიც მონაწილეობას, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების მმართველები მიიღებენ.


ფინანსური და პოლიტიკური კუთხით, კვლავ ყურადღების ცენტრშია ბრექსიტის ამბები, რასთან დაკავშირებითაც, კვირის ბოლოს ევროპის საბჭოს სამიტი შედგება.


გარდა ამისა, საინტერესო იქნება ევროზონის კერძო სექტორის ზრდის სტატისტიკა, რომელსაც ევროპის ცენტრალური ბანკი აუცილებლად გაითვალისწინებს, როცა მონეტარულ პოლიტიკასთან, უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შესაძლო შეწყვეტასთან (ან შეკვეცასთან) დაკავშირებით იმსჯელებს.


ფედრეზერვის გადაწყვეტილება


ანალიტიკოსები და ინვესტორები მოელიან, რომ ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთს 0.25 საბაზისო პუნქტით ასწევს (ოთხშაბათს). ამ გადაწყვეტილების გარდა, ინვესტორებს აინტერესებთ მინიშნებები იმაზე, თუ რამდენჯერ არის მოსალოდნელი ფედრეზერვის მიერ წელს დოლარზე განაკვეთის აწევა.


დეკემბრის სხდომაზე ფედრეზერვმა განსაზღვრა, რომ წელს განაკვეთი სამ ეტაპად აიწევს. მაგრამ დადებითი სტატისტიკა ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ ეს შესაძლოა ოთხჯერაც მოხდეს. ამ ვარაუდის გაჩენას იმანაც შეუწყო ხელი, რომ კონგრესის და სენატის წინაშე თავისი პირველი გამოსვლისას პაუელმა საკმაოდ „ქორული“ განწყობა გამოავლინა.


გასათვალისწინებელია ახალი ფაქტორიც, რომელსაც ინვესტორები აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას - ესაა ე.წ. სავაჭრო ომის რისკები.


ინგლისის ბანკის გადაწყვეტილება


ინგლისის ბანკი თავის გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც ბანკის მმართველი მარკ კარნი პრეს–კონფერენციას გამართავს. ანალიტიკოსები და ინვესტორები რაიმე სიახლეს არ მოელიან. მაგრამ არსებობს იმის ვარაუდი, რომ კარნი სტერლინგზე განაკვეთის მომავალი აწევის შესახებ მინიშნებას გააკეთებს.


ბაზრის მოლოდინით, სტერლინგზე განაკვეთის პირველი აწევა მაისში განხორციელდება. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდბა, თუ ინფლაციის და შრომის ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები დადებითი იქნება. რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრშია ბრექსიტი და მასთან დაკავშირებით, ევროკავშირთან მიმდინaრე მოლაპარაკებათა პროცესი. ამ თემაზე ევროკავშირის საბჭო ხუთშაბათიდან ორი დღის განმავლობაში იმსჯელებს.


G20-ის შეხვედრა


წამყვანი 20 სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხემძღვანელები, გლობალურ ეკონომიკასა და მასთან დაკავშირებულ რისკ ფაქტორებზე იმსჯელებენ. შეერთებული შტატების სავაჭრო პოლიტიკის გამკაცრება, სულ უფრო მეტად ზრდის ე.წ. სავაჭრო ომის საშიშროებას და შესაბამისად, ბუენოს აირესის შეხვედრაზე ეს მთავარი თემა იქნება.


იქვე, განხილვის საგანი, ციფრული ვალუტების თემაც იქნება. განვითარებულ ქვეყნებს სურთ, რომ ეს ახალი და სწრაფად მზარდი ბაზარი, გარკვეული კონტროლის ქვეშ მოაქციონ, რათა ახალი ტექნოლოგიები ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების უკონტროლო წყაროდ არ იქცეს.


სხვა სიახლეები