• Ƀ/$

განათლების სისტემამ ბიზნესს შესაბამისი კადრები უნდა მიაწოდოს

21 მარტი 15:19, 2018 წელი | ინტერვიუ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში 2016 წელს დაარსდა. მის გეგმებსა და მიზნებზე M2B-ის უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ესაუბრა.

M2B: - უნივერსიტეტი არსებობის მეორე წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში რა დანერგეთ ისეთი, რაც აქამდე უცხო იყო ქართული განათლების სისტემისთვის?


- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, თანამედროვე ტექნლოგიები, რომელიც ისე სწრაფად ვითარდება და იმდენად მოთხოვნადი მიმართულება გახდა, ჩვენი უნივერსიტეტის სახელშიც აისახა „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“. ჩვენი პროგრამა ამ ორი მიმართულების კარგ ნაერთს წარმოადგენს. დღევანდელი ტექნოლოგიები წარმოდგენილია ბიზნესის მიმართულებად, ბიზნესის განვითარება ტექნოლოგიებს და ჩვენი იდეაც და კონცეფციაც მიმართული იყო ამისკენ. უკვე 1000-მდე სტუდენტი გვყავს, წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით.


სტუდენტები მხოლოდ ერთი ნაწილია, მეორე ნაწილი კი  10-მდე  ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიაა, მათ შორის Microsoft, IBM, HP – პრაქტიკულად ყველა ბრენდი, ზოგი ლაბორატორიებით არის წარმოდგენილი და სასწავლო პროცესშიც ჩართული. პრაქტიკულად შევქმენით გარემო, სადაც, ბიზნესი და ტექნოლოგიები თანამშრომლობენ, ეს ეხმარება სტუდენტს კარგი განათების მიღებასა და შემდგომში დასაქმებისთვის.


M2B: - მიმდინარე წელს ბიზნესის ფაკულტეტზე მენეჯმენტის განხრით 488 და ფინანსების განხრით 250 ადგილი გაქვთ გამოცხადებული. რამდენად საჭიროდ მიიჩნევთ, რომ წელიწადში მხოლოდ 1 უნივერსიტეტი 738 კადრს უშვებდეს ბიზნეს სპეციალობით? რამდენად ექნებათ მათ საკუთარი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა? რამდენად ჰყოფნის უნივერსიტეტს ადამიანური რესურსი ამდენი სტუდენტისთვის?


– განათლების სისტემამ უნდა შეძლოს ისეთი კადრების მომზადება, რომელიც დააკმაყოფლებს ბაზარს. დღეს კომპანიებში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, ზოგჯერ თავადაც გვიჭირს ხოლმე კადრის პოვნა. დღეს ცოტა ალოგიკური სიტუაციაა შექმნილი: ერთის მხრივ, ბიზნესი უზარმაზარ შიმშილს განიცდის კადრების მიმართულებით, მერეს მხრივ, ვუშვებთ კადრებს, რომლებსაც უჭირთ სამუშაო ადგილის მოძებნა. მთავარია სწორი სისტემის შექმა. ბიზნესის მიმართულების გარდა IT მიმართულებაზეც შიდა ბაზარზე მოთხოვნა 8-10 ათასს აღწევს.  შესაბამისად, მოთხოვნა არის იმ განათლებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიზნესზე. ჩვენც ოროენტაცია ამ მიმართულებით ავიღეთ. 100-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ იმ მიზნით, რომ სტუდენტები ადაპტირებული იყვნენ იმისთვის, რაც ბაზარს რეალურად სჭირდება.


M2B: - სამომავლოდ თუ განიხილავთ მისაღებ გამოცდებზე მინიმალური ზღვარის აწევას, თუნდაც მხოლოდ ზოგად უნარებში?


– ეგ ჩვენზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ერთ-ერთი განმსაზღვრელი მაინც არის ეროვნული გამოცდები, რომელიც, ვფიქრობთ, ძალიან მოწესრიგებულად მიდის. უნივერსიტეტიც მზად არის, რომ მსურველებს, რომლებიც ბარიერს გადალახავენ, შესბამისი განათლებით მოვემსახუროთ.


M2B: - სწავლის საფასური - 2250 ლარი – რამდენად საკმარისია პროფესიონალი ლექტორების დასაქირავებლად, ლიტერატურის სათარგმნად, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის შესაძენად, კვლევების საწარმოებლად?


– ჩვენი ჯგუფი საკმაოდ დიდ ინვესტიციას ახორციელებს, ახლაც 5 მილიონზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული. განათლება გრძელვადიან ინვესტიციად უნდა განვიხილოთ, რომელიც ოროენტირებულია ხარისხზე. დამატებით ინვესტიციებზე ჩვენი საინვესტიციო ჯგუფი ზრუნავს.


M2B: - განათლების რეფორმაზე წლების განმავლობაში საუბარი არ წყდება, რეალურად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით სიტუაცია ისევ მძიმეა. საერთო განათლების სისტემით 107-ე ადგილზე ვართ და რა უნდა გაკეთდეს ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად?


– განათლების ახალი მინისტრის მხრიდან რეფორმების მიმართულებით საკმაოდ აქტიური საუბარი მიდის. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდსი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა ვიხილოთ. საუბარია ავტორიზაციის პირობების გამკაცრებაზეც, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ინსტიტუციებმა დააკმაყოფილონ ხარისხი. ერთი-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პროფესიული განათლების კუთხით მუშაობა, რომელიც ბევრ პროფესიაში მნიშვნელოვანია და რასაც მუშაობა სჭირდება იმიჯის კუთხით. დღეს ალოგიკური სიტუაცია გვაქვს. დღეს რომ დავთვალოთ მოთხოვნა, შეიძლება არის 70-80 ათას სამუშაო ადგილზე და მეორეს მხრივ სამუშაოს მაძებრებს უჭირთ ამ ბაზარზე მოხვედრა. რეფრომის კუთხით შეიძლება მოხდეს განათლების ხარისხის ამაღლება და რაც შეიძლება მეტი პროფესიული პროგრამის განვითარება, რასაც ბაზარი შემდგომ უკვე თავისით დაარეგულირებს.


M2B: - მშპ-ის რა ნაწილი უნდა დაიხარჯოს განათლებაზე, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, რეალური ხელშესახები შედეგი მივიღოთ?


– ასეთი კვლევა არ ჩაგვიტარებია. ერთია რომ გამართული, სწორი სისტემა მუშაობდეს და სწორი სისტემის შემთხვევაში რესურსის ეფექტიანად გამოყენება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არაეფექტურ სისტემაში. რაც შეეხება დანახარჯს, ცოტა რთულია ამის თქმა, მაგრამ ალბათ 5-6%.


M2B: - IV ინდუსტრიული რევოლუცია იწყება. რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს 5G ინტერნეტი, უპილოტო ელექტრომობილები, 3D პრინტერი, ვირტუალური რეალობა, ჰოლოგრამული გამოსახულება, კვანტური კომპიუტერი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები აღარ გააკვირვებს. რა როლი ეკისრება ამ პროცესში საქართველოს? III ინდუსტრიულმა რევოლუციამ აზიური ვეფხვები სიღატაკიდან ამოიყვანა და მსოფლიო დონის მოთამაშეებად აქცია. რა შანსი აქვს ამჯერად საქართელოს?


– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი რომლის პრეზენტაციაც ტექნოპარკში ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გვქონდა, არის ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი, რომელიც მნიშვენლოანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში პროექტს სერიოზული პერტნიორები გამოუჩნდება. განვითარებულ ქვეყნებშიც კი გიგანტ კომპანიებს ცოდნა და ტექნოლოგიები შექავთ. ჩვენს უნივერსიტეტში IBM-ის პროექტი მიმდინარეობს, რასაც ანალოგი არ ჰქონია. რაც მეტი ცოდნა გვექნება, რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ამ პროექტში ჩართული, ეს მეტად დაგვეხმარება, იმიტომ რომ ცოდნის გარეშე მხოლოდ სურვილით შეუძლებელია განვითარება. სურვილის განსახორციელბლად კი კარგად მომზადებული კადრებია საჭირო. დღეს ტექნოლოგიური მიმართულებით კადრების დეფიციტია. ის, რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგით და ამდენი გლობალური კომპანია ჩვენს უნივერსიტეტშია ჩართული, ესეც მიანიშნებს, რომ ქვყნის მიმართ ინტერესი დიდია. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი პრფესიონალი კადრი გაჩნდება.


M2B: - როგორ მოვიზიდოთ გიგანტი კომპანიები APPLE, SAMSUNG ან თუნდაც TESLA GIGAFACTORY 2-ის ასაშენებლად?


– პრობლემა კადრებია, თუ კადრები არ მოიძებნა, დიდი პროექტები, თუნდაც, მაგალითისთვის HP-ის ქარხნის აშენება, წარმოუდგენელია. საქართელოში საინვესტიციო გარემო ფანტასტიურია, იგივე საგადასახადო კუთხით. ბიზნეს გარემო მართლა იდეალურია საქართველოში. ერთი კომპონენტი, რაც ტექნოლოგიების მიმართულებითაა მნიშვნელოვანი, ესაა კადრები. დღეს მხოლოდ ოფისებით ვერავის გააკვირვებ. ჩვენი, უნივერსიტეტის მისია, სწორედ კადრების მომზადებაა.


M2B: - თუ საქართველო ტექნოლოგიური მიმართულებით სწორედ განვითარდა, როგორ გესახებათ ის 10, 20 ან 30 წლის შემდეგ?


– ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ტექნოპარკი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. ის ერთ-ერთი მოტივატორი გახდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად გამოიყურებოდა. გეგმები კიდევ ბევრია, იგივე ტექნოლოგიური ინივერსიტეტი, რომელიც ქუთაისში გაიხსნება. რაც მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდება, რაც მეტი კადრი გაჩნდება, გლობალურ პროექტებში ჩართვის შანსები მით უფრო გაიზრდება.


M2B: - რას ფიქრობთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებსა და კრიპტოვალუტებზე?


– ბლოკჩეინ ტექნოლოგია მართლაც მომავლის ტექნოლოგიაა. კრიპტოვალუტებზე ვერაფერს გეტყვით, რომელიც მთელს მსოფლიოში საკამათო თემაა. ბლოკჩეინ ტენოლოგიები კი მომავლის ტექნოლოგიებია, რომელიც უკვე დღეს სწრაფად ვითარდება და ჩვენს უნივერსიტეტში, სავარაუდოდ ზაფხულამდე, ბლოკჩეინ ლაბორატორია შეიქმნება.


სხვა სიახლეები