• Ƀ/$

კალათბურთელი რობოტი ხელოვნური ინტელექტით ნამდვილი სნაიპერია

24 მარტი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

„ტოიოტას ინჟინერთა საზოგადოების“ მიერ შექმნილი ანდროიდი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აქვს, კალათბურთის პროფესიონალ მოთამაშეებზე ზუსტად ტყორცნის კალათში ბურთს.

რობოტის სახელია CUE და მას ტყორცნის სიზუსტეში ხელოვნური ინტელექტი ეხმარება, რომელიც მას დისტანციურად უკავშირდება.


რობოტი ვარჯიშისას ზუსტად ტყორცნას სწავლობს და მერე, მოკლე დისტანციიდან 100-პროცენტიანი სიზუსტით ისვრის. ამ საქმეში მან იაპონიის B ლიგის გუნდ „ალვარკ ტოკიოს“ (რომლის სპონსორიცაა ტოიოტა) მსროლელებს აჯობა, რომლებთან ერთადაც ინჟინერ-პროგრამისტების დახმარებით „ივარჯიშა“. გუნდმა ახალ წევრს თავისი მაისურიც მოარგო, 70 ნომრით.


სამწუხაროდ, რობოტს, რომლის სიმაღლეც 190 სანტიმეტრია, ჯერ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და ტყორცნებსაც ადგილიდან ასრულებს. ამიტომ, B ლიგაში მისი თამაშის საკითხი არც განიხილება.


როგორც ადგილობრივი გამოცემები „ასაჰი შიმბუნი“ და „ნიუსუიკი“ წერენ, ვარჯიშის დროს რობოტმა 200 000 ტყორცნა შეასრულა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შედეგი თანდათან გააუმჯობესა. CUE-ზე მუშაობისას, 17-მა ახალგაზრდა ინჟინერმა, რომლებსაც მანამდე რობოტის შექმნაზე არასდროს უმუშავიათ, შთაგონების წყაროდ კომიქსის გმირი საკურაგი ჰანამიჩი გამოიყენეს, რომელიც კალათბურთის თამაშს შეყვარებულის ყურადღების მისაზიდად სწავლობს და საბოლოოდ, მასზე გაცილებით გამოცდილ მეტოქეს სჯობნის.


ინჟინრები ამბობენ, რომ „ტოიოტას“ მხარდაჭერით, პროექტზე მუშაობას გააგრძელებენ და CUE კიდევ უფრო სრულყოფენ. არაა გამორიცხული, რომ მალე რობოტმა მოედანზე გადაადგილება და ტყორცნის ნახტომში შესრულებაც ისწავლოს.


სხვა სიახლეები