• Ƀ/$

ბლოკჩეინ სისტემაში საქართველოდან მილიონამდე ამონაწერია გაგზავნილი

22 მარტი 12:47, 2018 წელი | ტექნოლოგიები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მოხსენებით -  „ბლოკჩეინი - საქართველოს გამოცდილების მეორე ფაზა - გონიერი კონტრაქტები“.  

პაპუნა უგრეხელიძემ უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაზე და პროექტის სარგებლის შესახებ დეტალურად ისაუბრა.  მან საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლისას  აღნიშნა, რომ საქართველო  პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში  ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა და  2017 წლის 20 თებერვლიდან დღემდე სისტემაში უკვე მილიონამდე ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი.


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ  სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის პროექტის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.  პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი ამჟამად  უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოებაში გონიერი კონტრაქტების,  ე.წ.  სმარტ კონტრაქტების დანერგვის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. გონიერი კონტრაქტების სისტემის დანერგვა მხარეებს საშუალებას მისცემს, ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება ციფრულ ფორმატში განახორციელონ და  ქონება ელექტრონულად,  საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე, დაცულად დაირეგისტრირონ. 


ბლოკჩეინი ესაა კრიპტოგრაფიულად დაცული ჩანაწერების ჯაჭვი. მონაცემების შეცვლა ან წაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამისთვის საჭიროა ბლოკჩეინ ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერში შეღწევა, რაც ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. 1 ან რამდენიმე კომპიუტერზე თავდასხმა შესაძლებელია, მაგრამ ინფორმაციის ასლები ინახება სხვაგან და ამ ასლებს ზუსტად ისეთივე იურიდიული ძალა აქვს როგორც სხვა დანარჩენს. რაც უფრო დიდია ქსელი მით მეტად რთულდება მისი განადგურების ალბათობა.


მსგავს თემაზე:

ბლოკჩეინი ბანკებს ანგრევს


ბლოკჩეინი - სიღარიბის დაძლევის რეცეპტი?


ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს, მთავარი კითხვაა - როდის?


საჯარო რეესტრმა შესაძლოა, ბლოკჩეინ ჰაბის ფუნქცია შეიძინოს



სხვა სიახლეები