• Ƀ/$

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკა

ექსკლუზივი
26 მარტი 11:56, 2018 წელი | ინტერვიუ

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე, ეკონომიკის ტენდენციებზე, სესხებზე არსებულ და სამომავლო საპროცენტო განაკვეთებზე M2B საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორს, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ სარეიტინგო კომპანია Fitch Rating-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB- სტაბილურიდან BB- პოზიტიურამდე გააუმჯობესებას, და რამდენად იმოქმედებს ეს საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებაზე?


გიორგი ცუცქირიძე: ნიშანდობლივია, რომ  რეიტინგის გაუმჯობესება რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული. კერძოდ: 2017 წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოში 4,8% იყო, ხოლო დაზუსტებული მონაცემებით 5% შეადგინა. ცნობისათვის BB ჯგუფის რეიტინგის მქონე ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, საშუალოდ, 3.5%–ზე ფიქსირდება. ზოგადად, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება არის თავისებური სიგნალი ინვესტორებისათვის, უფრო აქტიურად ჩადონ ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკაში.


აქვე მსურს აღვნიშნო, რომ გარდა მაღალი ეკონომიკური ზრდისა, გაუმჯობესებულია ისეთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორი, როგორიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია. გასულ წლებში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის თვალსაზრისით, ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდა საფინანსო ბაზარზე, მათ შორის სავალუტო კურსის დინამიკაზე.


2017 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა,  დეფიციტი 12,8%–დან 8,7%–მდე შემცირდა, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2011 წლიდან მოყოლებული, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან 11%–დან 13%-მდე მერყეობდა, თუ არ ჩავთვლით 2013 წელს, როდესაც მისი მაჩვენებელი 5.8%-მდე შემცირდა. დეფიციტის შემცირება განაპირობა ერთის მხრივ, სავაჭრო ბალანსში, რომელიც საგადამხდელო ბალანსის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, წმინდა ექსპორტის დადებითმა დინამიკამ (საქონლის ექსპორტი წლიურად 19,4%–ით, ხოლო იმპორტი 7,7%–ით გაიზარდა) და მეორეს მხრივ, მომსახურების ექსპორტის, განსაკუთრებით ტურიზმის ზრდამ, რომლის ექსპორტი წლიურად 32,3%–ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა.


ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ხვედრითი წილი სავაჭრო ბრუნვასთან მიმართებაში გასული წლის ბოლოს პირველად ჩამოცდა 50%-ს და 48%-ის ფარგლებში დაფიქსირდა.


ნიშანდობლივია, რომ ეს დადებითი ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-თებერვალში $1.68 მლრდ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16.3%-ით აღემატება. ექსპორტი პირველ 2 თვეში 25.5%-ით, $446.4 მლნ-მდე გაიზარდა, რაც აღემატება იმპორტის ზრდის ტემპებს (იმპორტი 13.3%-ით $1.24 მლრდ-მდე გაიზარდა), რაც წმინდა ექსპორტის ზრდის დადებით ტენდენციას უსვამს ხაზს. შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-თებერვალში 790 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47% შეადგინა.


პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, რომელიც ეკონომიკური ზრდის და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყაროა, დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს ისტორიულ მაქსიმუმს $1.861 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16.2%-ით აღემატება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობას. ამაზე უკეთესი საინვესტიციო ფონი, რაც დიდწილად განპირობებულია პოლიტიკური და ფინანსური სტაბილიზაციით, არასდროს გვქონია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე მიუთითებს.


დღეს ჩვენ გვაქვს კარგი სასტარტო პირობები საინვესტიციო ნაკადების კიდევ უფრო გასაზრდელად და შესაბამისად უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. უსაფრთხოების ინდექსის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, 125 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულშია და მეშვიდე ადგილს იკავებს, ხოლო უსაფრთხოების ინდექსის 2016 წლის შუალედური მონაცემების მიხედვით, 125 ქვეყანას შორის საქართველო სულაც მესამე ადგილზეა. შედარებისათვის, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, უკრაინა 85-ე ადგილზეა, თურქეთი 55-ეზე, რუსეთი 67-ეზე, აზერბაიჯანი 18-ეზე, ხოლო სომხეთი 19-ეზე.


- ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება მაღალი საპროცენტო განაკვეთები ბიზნეს სესხებზე, რაც, ბუნებრივია, სერიოზულად უშლის ხელს ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების ზრდას. არის თუ არა საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოსალოდნელი?


გიორგი ცუცქირიძე: საპროცენტო განაკვეთებმა  შედარებით კლება 2012 წლიდან დაიწყო და  თუ აღნიშნული წლის დასაწყისში  იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 15%-ს შეადგენდა, 2014 წლის ბოლოს  თითქმის 4%-ით შემცირდა და 11.2% იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2015-2016 წლებში საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალ 13-14.5%-ის ფარგლებში მერყეობდა. საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირების შემაფერხებელი ფაქტორი გახდა 2015-2016 წლებში გლობალური შოკების ზეგავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, რაც დიდწილად ლარის გაუფასურებით წარმოქმნილმა ფინანსური არასტაბილურობის რისკმა  გამოიწვია, თუმცა 2016 წლის ბოლოს საპროცენტო განაკვეთები კიდევ შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზე - 10.7%-მდე დავიდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ  სესხებზე წლიური 11%-იანი მაჩვენებელი შენარჩუნდა 2017 წელსაც და ამ  შემთხვევაშიც საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, გასულ წელს საერთაშირისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდის შედეგად, ინფლაციის მიზნობრივზე (4%) მაღალი 7% -ანი მაჩენებელი გახდა.


მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ის ფარგლებშია, რაც ემთხვევა სებ-ის გასული წლის პროგნოზს და თუ ეს მაჩვენებელი შენარჩუნდა, მაშინ საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირება 1.5-2%-ის ფარგლებში, ამ წელსაც არის მოსალოდნელი.


- მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, ექსპეტები მიუთითებენ, რომ კატასროფულად იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც ბანკებში სესხები გაპრობლემებული აქვთ და  საკუთარი ბინებიდან გამოსახლება ემუქრებათ, დღეს აღსრულების ბიუროში ასეთი 237 ათასზე მეტია ჩანაწერია. ეს ყველაფერი რამდენად მიუთითებს წინაკრიზისულ სიტუაციაზე, რამაც ლიკვიდობის კრიზისამდე შეიძლება მიგვიყვანოს?


გიორგი ცუცქირიძე:  ეს თემა ბოლო წლებში არის სპეკულაციების და ინსინუაციების საგანი. ამ თემატიკის გამოყენება კვლავ გრძელდება და სამწუხაროდ აღარ დასრულდა. პრობლემურ მსესხებელთა არმიის ზრდა და მათი ბინებიდან მოსალოდნელი გამოსახლება სიმართლეს არ შეესაბამება. ამის დადასტურება ძალზე მარტივად შეიძლება. გასული წლის ბოლოს ბანკების საკრედიტო პორთფელში შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა 11,7 მლრდ ლარი იყო, სადაც შედის როგორც სამომხმარებლო სესხები, ასევე ინდმეწარმეებზე გაცემული სესხები, რომელიც, როგორც წესი, დატვირთული არის უძრავი ქონებით და იპოთეკური სესხები. თუ ამ მაჩვენებელს სამომხმარებლო სესხებს გამოვაკლებთ (3,7 მლრდ ლარი), მივიღებთ, რომ სულ უძრავი ქონებით გაცემული სესხების ჯამური მოცულობა ყოფილა 8 მლრდ ლარი. თუ ერთ მსესხებელზე საშუალოდ სულ ცოტა 10 ათას აშშ დოლარს, ანუ 24 000 ლარს ვიანგარიშებთ, გამოვა, რომ სესხები გაცემული ყოფილა 333 ათას მსესხებელზე. საკრედიტო პორტფელში უმოქმედო, ანუ გაპრობლემებული სესხების მაჩვენებელი გასული წლის ბოლოს 5.9% ოყო. შესაბამისად, გამოდის, რომ 333 ათასი მსესხებლიდან პრობლემური 19 666 მსესხებელია, რაც თქვენ მიერ მოყვანილი რიცხვის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. თუ თეორიულად დავუშვებთ, და ამ ნუსხაში გავიყვანთ ბიზნეს სესხების ნაწილსაც, პირობითად ნახევარს, ანუ როდესაც გარდა კომპანიების ქონებისა, კერძო პირების ქონების ნაწილიც არის ჩადებული, ხოლო ბიზნეს სესხების ხვედრითი წილი საკრედიტო პორტფელში 46%-ია, ასეთ შემთხვევაშიც კი ჯამური სიდიდე 12%-ზე მეტი ვერ იქნება. როგორც ვხედავთ, ეს მონაცემებიც ადასტურებს პრობლემური სესხების ჩანაწერში უდიდესი ნაწილის არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების ხვედრით წილზე და პირველ რიგში კერძო იპოთეკარების წილზე, რომელიც, სხვადასხვა მონაცემებით, 70-80 %-ს შეადგენს.


ახლა თუ ამას 2016 წლის მონაცემებსაც შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2016 წლის დასაწყისში 19 მლრდ–იანი საკრედიტო პორთფელის პირობებში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 9.4 მლრდ ლარი იყო, სადაც სამომხმარებლო სესხების სიდიდე 2.7 მლრდ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, უძრავი ქონებით დატვირთული სესხების მოცულობა იქნება 6.7 მლრდ ლარი, ხოლო თუ უმოქმედო სესხების ხვედრითი წილსაც გავითვალისწინებთ, რაც 7.3%-იყო, გამოვა, რომ სესხები გაცემული ყოფილა 279 ათას მსესხებელზე, საიდანაც პრობლემური 20 379 იქნება, ანუ 20379-19666=713 მსესხებლით არის შემცირებული და არა გაზრდილი.


აქედან გამომდინარე, ამ მონაცემებიდანაც ჩანს, რომ ბანკებზე ამ თემატიკის განვრცობა და საბანკო დაწესებულებების დადანაშაულება წმინდა სუბიექტურ ფაქტორებს ეფუძნება და რაც იმპროვიზირდება ლიკვიდობის კრიზისთან. დღეს  არანაირი წინაკრიზისული, მით უმეტეს კრიზისული სიტუაცია საბანკო სექტორში არ არის და ამას ადასტურებს პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა თუ მოხსენება, საქართველოს საბანკო სექტორის შეფასებაზე. როგორც ვხედავთ, უმოქმედო სესხების ხვედრითი წილი საკრედიტო პორთფელში სულაც შემცირებულია 7.3% დან 5.9%-მდე. აი ეს არის რეალობა. უბრალოდ, ამ თემაზე პერიოდულად ხდება ცალკეული საექსპერტო ჯგუფების თუ ოპოზიციის მიერ კრიზისული სიტუაციის წარმოსახვითი ტირაჟირება და მეტი არაფერი. ბუნებრივია, მათ ამით სურთ ქულების ჩაწერა მოსახლეობის ნაწილის თვალში და დიდწილად ამიტომაც არის ხოლმე, რომ გარდა ცალკეული ციფრებისა, მათ საერთო სტატისტიკასთან და არსებულ რეალობასთან არაფერი აქვს. იგივე შეიძლება ითქვას მათი მხრიდან ზოგადად ეკონიმიკური სიტუაციის შეფასებაზეც.


სხვა სიახლეები