• Ƀ/$

დაბალი ინფლაცია ევროს კურსზე უარყოფითად აისახება

27 მარტი 16:58, 2018 წელი | ანალიტიკა

მას შემდეგ, რაც ორშაბათს ბოლო ხუთი კვირის მაქსიმუმს ($1.2477) მიაღწია, ევროს კურსმა დოლართან მიმართებით კლება დაიწყო.

ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ევროზონის ქვეყნების დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებლები არ შეესაბამება პროგნოზებს. ეს კი ევროზონის ეკონომიკის განვითარების სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.


კვირის დასაწყიში ევროს გამყარებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ გლობალური სავაჭრო ომის საშიშროება განალდა. ევროპული ერთიანი ვალუტა ახლოს მივიდა ბოლო სამი წლის მაქსიმუმთან ($1.2556), რომელიც თებერვალში დააფიქსირა. თუმცა, მისი განახლება სწორედ ინფლაციის არაოპტიმისტური მაჩვენებლების გამო ვეღარ შეძლო.


გარდა ამის, ევროზონაში კომპანიების დაკრედიტების მოცულობა შემცირდა. ამასთან, ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა ერკი ლიიკანენმა განაცხადა, რომ ევროზონაში ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალ დონეზე იმ შემთხვევაშიც შეიძლება დარჩეს, თუ ეკონომიკის ზრდის ტემპი გაიზრდება.


ამ ყველაფრის შედეგად, ევროს კურსი დოლართან წყვილში $1.24–ზე დაბლა ჩამოვიდა.


ნაწილობრივ, ეს კლება ამერიკული ვალუტის დამსახურებაცაა, რომლის ინდექსი 0.3%–ით გაიზარდა და 89.334-ს მიაღწია. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ორშაბათს ბოლო ხუთი კვირის მინიმუმი განაახლა.


„ევროზონის ეკონომიკა ერთობ კარგად ვითარდებოდა, მაგრამ ინფლაციის ზრდის ტემპი ჩამორჩებოდა. ბაზარმა ყურადღება ეკონომიკის განვითარებაზე გადაიტანა. ახლა კი გამოჩნდა, რომ ეკონომიკის ზრდაც შეფერხდა და ინვესტორებმა მერყეობა დაიწყეს. ბაზარი ვარაუდობს, რომ ევროზე განაკვეთის ზრდა მომავალ გაზაფხულზე დაიწყება. მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს მეტისმეტად ოპტიმისტური პროგნოზია. ვფიქრობთ, ბაზარი წლის განმავლობაში დაბალანსდება და ევრო დასუსტებას დაიწყებს“, - ამბობს „კომერცბანკის“ სავალუტო ბაზრის სტრატეგი თუ ლან ნგუიენი.


ბევრი ინვესტორი დოლარის გაჭიანურებულ სისუსტეზე აკეთებს აქცენტს, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, შეერთებული შტატების ბიუჯეტის და სავაჭრო დეფიციტებია. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ სულ უფრო მეტი ინვესტორი, თავის რესურსს ევრო ზონისკენ მიმართავს, რადგან მისი ეკონომიკა მყარდება. ჯამში, ევრო წელს ჯერჯერობით გამყარებისკენ მიდრეკილებას ავლენს.


მიმდინარე თვეში გლობალური ბაზრები შეარყია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე ტარიფების შემოღების გამო, რაზეც პეკინმა საპასუხო ქმედების მუქარით უპასუხა. მაგრამ ახლახანს მხარეებს შორის მოლაპარაკება დაიწყო, რამაც მსოფლიო სავაჭრო ომის საფრთხეები გაანელა.


„კრედიტ აგრიკოლის“ G10-ის ფორექსის სტრატეგი ვალენტინ მარინოვი ამბობს, რომ სავაჭრო ომის საფრთხის შემცირებამ, ინვესტორებს ყურადღების ევროპის ცენტრალურ ბანკზე (ECB) გადატანის საშუალება მისცა. შესაბამისად, მათთვის მთავარი კითხვა ახლა სწორედ ECB-ს მიერ მონეტარული პოლიტიკის შესაძლო გამკაცრების დაწყებას უკავშირდება.


ორშაბათს ბუნდეს ბანკის შეფმა იენს ვაიდმანმა, ვინც ECB-ს პრეზიდენტის პოსტზე, მარიო დრაგის შესაძლო შემცვლელად განიხილება, განაცხადა, რომ ევროზე საპროცენტო განაკვეთის აწევის მომავალი წლის ზაფხულში დაწყება „სულაც არაა არარეალური“. ამან ევროს გამყარებას შეუწყო ხელი.


სხვა სიახლეები