• Ƀ/$

265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ

31 მარტი 15:34, 2018 წელი | ანალიტიკა

გლობალური დათბობა უკვე წლებია ფაქტადაა მიჩნეული და არა მოსაზრებად. მიზანი ახლა მისი გავლენის შემცირებაა. უმოქმედობა და პოლიტიკის არ შეცვლა საუკუნის ბოლომდე ტემპერატურის 6 გრადუსით მომატებას და ზღვის დონის 1 მეტრით აწევას ნიშნავს.

არსებობის მანძილზე დედამიწაზე კლიმატი მრავალჯერ  შეიცვალა. მას ისეთი პერიოდიც კი ახსოვს როცა ატმოსფერო მეთანს შეიცავდა,  ასტეროიდებით იბომბებოდა,  მჟავური წვიმები  სიცოცხლის წარმოშობას პერსპექტივას უკლავდა. უკანსაკნელი 400 მილიონი წლის  მანძილზე დედამიწამ 5 მასობრივი გადაშენება გადაიტანა. 


პერმულ პერიოდში 250 მილიონი წლის წინ, სახეობათა 90%-ზე მეტი სრულად განადგურდა. იმ დროისთვის მთელი მატერიკი ჯერ კიდევ 1 სუპერკონტინენტ პანგეაზე იყო თავმოყრილი, თანამედროვე ციმბირის ტერიტორიაზე ასობით ათასი წლის მანძილზე ვულკანები იფრქვეოდა.  დედამიწას  გამყინვარების პერიოდებიც ახსოვს, დათბობებიც, მაგრამ  ცვლილებებს  მილიონობით წლები ესაჭიროებოდა, ახლა კი ყველაფერი რადიკალურად შეცვლილია, პროცესები დაჩქარებულია ბოლო 1 საუკუნის მანძილზე პლანეტის საშუალო ტემპერატურა 0.75-0.85 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა.  



დიდი რაოდენობით ყინულის დნობა პოლუსებთან ოკეანეების წყლის გამტკნარებას გამოიწვევს, ეკვატორთან დიდი რაოდენობით აორთქლება კი პირიქით მარილიანობის კონცენტრაციის გაზრდას, ერთიც და მეორეც საფრთხეს უქმნის თევზს რაც ისევ და ისევ  ადამიანის საკვებია და რომლის მოპოვებაც   1950-წლიდან  დღემდე წლიურად 18-დან  110  მილიონ ტონამდე გაიზარდა. ციმბირში ყინულის ქვეშ  მეთანის გაზია, რომელიც  მომწამვლური თვისებებით ნახშირორჟანგს 20-ჯერ აღემატება. მას ამჟამად ყინულის საფარი  აკავებს, მის გარეშე  მილიონობით ტონა მომწამვლელი გაზი ჰაერში გაიფრქვევა. ყინული  უფრო მეტ მზის სხივს აირეკლავს ვიდრე წყალი ან მიწა, შესაბამისად მისი დნობის შემთხვევაში დათბობის ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს. მეტი წყლის აორთქლება მეტი  ნალექის  მიზეზი გახდება.



ტყის საფარი ნახშირორჟანგის საუკეთესო მშთანთქმელია, 2013 წელს აშშ-ში გამოყოფილი ნახშირორჟანგის 11% სწორედ ტყემ გააუვნებელყოფა. მისი ფართობის შემცირებით ადამიანს   უფრო მეტი CO-ს და უფრო ნაკლები ჟანგაბდის შესუნთქვა მოუწევს. ზოგადად წელიწადში პლანეტა 37 მილიარდ ტონაზე მეტ  CO-ს გამოყოფს რის ნახევარსაც 3 ტრილიონამდე ხე,  მინდვრები,  ტბები და მსოფლიო ოკეანე შთანთქავს. მოსახლეობის  27%, თითქმის 2 მილიარდი ადამიანი, სათბობად ისევ შეშას იყენებს.



ქაღალდის წარმოება ბოლო 50 წელიწადში 5-ჯერ გაიზარდა, გაიზარდა ავეჯის წარმოებაც.  შედეგად  დღეს წელიწადში  130 000  კვადრატული კილომეტრი ტყე იჩეხება რაც  საქართველოს ფართობის 187%-ს უდრის. ატმოსფეროში  ნახშირორჟანგის  წილი 408 ერთეულია  ერთეულია  მილიონიდან  და  ყოველწლიურად  2  ერთეულით  იზრდება.  რაც  უკანასკნელი 3 მილიონი წლის  მანძილზე არ  მომხდარა. მოყოლებული I ინდუსტრიული  რევოლუციიდან მისი წილი ატმოსფეროში  40%-ით  გაიზარდა.  პრობლემა  წილის  ზრდაა  და  არა თავად  ნახშირორჟანგი რომელიც გარკვეული დოზით აუცილებელიცაა, წინააღმდეგ შემთხვევაში პლანეტა გაიყინებოდა, მაგრამ მის ზრდას გადახურებისკენ მივყავართ. ვენერას მაგალითი, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია, მაგრამ მაინც საყურადღებო.


საერთაშორისო დონეზე საკითხის მეტ-ნაკლებად სერიოზულმა დაინტერესებამ 80-იანი წლების ბოლოს იჩინა თავი. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით პირველი სამიტი 1992  წელს რიოში გაიმართა სადაც რაიმე კონკრეტულს ვერ მიაღწიეს.  რიოს სამიტს ე.წ. „კიოტოს პროტოკოლი“ მერების შეთანხმება, კოპენჰაგენის სამიტი და პარიზის შეთანხმება მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით აშშ-იმ დატოვა.


2 გრადუსიანი მატების ზღვარის შესანარჩუნებლად, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა, მაგრამ კონტროლირებადი, 2050  წლამდე  2010  წელთან  შედარებით სითბური აირების გამოფრქვევის მინიმუმ 40%-ით შემცირებაა საჭირო. როგორ უნდა მოხდეს ეს როცა ენერგიის მოხმარება მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება? გამოსავალი ორია. 1) ენერგიის მიღება განახლებადი წყაროებიდან და 2) ენერგოეფექტურობა. 


LED ნათურები ენერგიის მოხმარებას 85%-ით ამცირებს. ასეთ დონეზე ვერა, მაგრამ თანამედროვე ელექტრო ტექნიკა იქნება ეს ტელევიზორი თუ მაცივარი ძველ მოდელებთან შედარებით 30-40 პროცენტით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ენერგიის დაზოგვა მშენებლობის პროცესში შესაძლებელია ასევე ენერგოეფექტური ბლოკით, თბოიზოლაციით, იატაკის გათბობით, ენერგოეფექტური კონდენსაციური გათბობის ქვაბით, ჭერის განათების მეშვეობით. ფასები თითოეულ პროდუქტზე წლიდან წლამდე მცირდება.



განახლებადი ენერგიის წარმოება კი უფრო დიდი მასშტაბით იზრდება მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმზლავრე 2001-2016 წლებში 188-ჯერ 1.6-დან 301 გიგავატამდე გაიზარდა. პოტენციალი კი კიდევ უფრო მეტია, რადგან მზე დედამიწაზე  1 წამში იმაზე მეტ ენერგიას ასხივებს რასაც პლანეტა მთელი წლის მაძილზე მოიხმარს. მზის ელექტრო სადგურების დაყენება ნავთობით მდიდარმა არაბულმა სახელმწიფოებმაც კი დაიწყეს, მათ შორის საუდის არაბეთმა, რომელიც 2030 წლისთვის 200 გიგავატიან სადგურს დაასრულებს. ყველაზე მძავრი ელექტროსადგური დღეს „3 ხეობის კაშხალია“ რომლის სიმძლავრეც „მხოლოდ“ 22.5 გიგავატია. არაბულ პროექტზე 8.88-ჯერ ნაკლები. საუდის არაბეთის ელექტროსადგურის სიმძლავრე კი 265 მილიონი ცხენის ძალის ეკვივალენტი იქნება.



იამავე 2001-2016 წლებში ქარის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 23-დან 486 გიგავატამდე გაიზარდა. მზესთან შედარებით მისი რესურსი ნაკლები, მაგრამ მაინც საკმარისზე მეტი.



საქართველოში მზის ელექტროსადგური ჯერჯერობით არ არსებობს თუ რამდენიმე მცირე ზომის საპილოტე პროექტს არ ჩავთვლით. სახურავზე განთავსებული პანელების წილიც მიზერულია. ფასის გამო ქარის სადგური უფრო პერსპექტიულად გამოიყურება. გორში უკვე ფუნქციონირებს ქარის ელექტროსადგური რომელიც საპროექტო სიმძლავრეზე გავიდა.


ელექტრომობილი XXI საუკუნეში პრაქტიკულად თავიდან დაიბადა. დღეს მათი ოდენობა 3 მილიონს აჭარბებს და გეომეტრიული პროგრესიით ზრდას განაგრძობს, მათ შორის საქართველოშიც, სადაც 2017 წელს იმპრორტი 25.6-ჯერ 871 ერთეულამდე გაიზარდა.



ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებსა და განახლებად ენერგიის წყაროებზე მსოფლიოს უმეტეს სახელმწიფოში საგადასახადო შეღავათი ან სუბსიდია მოქმედებს, რაც მათ გაყიდვებს მნიშვნელოვნად ახალისებს, თუმცა ეკონომისტები და ენერგეტიკოსები თანხმდებიან რომ 20-იან წლებში სრულიად ახალი ერა დაიწყება, როცა მათი ფასი სუბსიდირების გარეშე კონკურენტუნარიანი გახდება.


გარდა ეკოლოგიური ენერგიის წარმოებისა ბოლო პერიოდში მწვანე საფარის მიმართაც გაიზარდა ყურადღება. კორეასა და ნორვეგიაში ახალი ეკოქალაქების გაშენებას გეგმავენ. ჩინეთი ტყის მასივს საქართველოზე დიდი ფართობით ზრდის, ახალი ზელანდია 100 მილიონი ხის დარგვას გეგმავს.



 


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთში მატარებლები მზის ენერგიაზე გადავლენ


მასკმა მიწისქვეშა ელექტრობუსების კონცეფცია წარადგინა


უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია


საუდიტები მსოფლიოში უდიდეს მზის ელექტროსადგურს ააშენებენ



სხვა სიახლეები