• Ƀ/$

რატომ არ ყრიან შვეიცარიელები კვირას მინის ნარჩენებს

31 მარტი 14:50, 2018 წელი | ტექნოლოგიები

როგორ იღებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან ოქროს და ენერგიას, რატომ არ უნდა გადაყარო ნაგავი კვირას და არსებობს თუ არა შვეიცარიაში ნაგავსაყრელები.

წლების განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში მოსახლეობის რაოდენობა სულ უფრო მატულობს. შესაბამისად, დღითი–დღე აქტუალური ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა. ეს პრობლემა მწვავედ დგას ბევრ განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყანაში. M2B გთავაზობთ ტელეკომპანია currenttime–ის ჟურნალისტის ინტერვიუს, რომელიც მან შვეიცარიის ქალაქ ციურიხის ნარჩენების გადამამუშავებელი სამმართველოს თანამშრომელთან დენიელ ებერხარდთან ჩაწერა:


– რა მოცულობის ნაგავი გადამუშავდება ციურიხში?


– საყოფაცხოვრებო ნარჩენების 43% – მინა, ლითონი, ქაღალდი ხელმეორედ გადამუშავებას ექვემდებარება.


– როგორ მიხვედით აქამდე?



– 90–იანი წლების დასაწყისამდე შვეიცარიაში ნაგვის სორტირება ნებაყოფლობითი იყო. დღეს ყველა მოქალაქეს აქვს ფინანსური სტიმული, რათა ნარჩენების სორტირება მოახდინოს. თქვენ უფასოდ შეგიძლიათ ქაღალდის, ლითონისა და მინის უტილიზაცია სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერებში – ქალაქში 160 ასეთი ადგილი არსებობს. დანარჩენი ნაგავი სპეციალურ თეთრ პაკეტებში მოთავსებული უნდა გადააგდოთ. ერთი ასეთი პაკეტის ღირებულება 1,5 ევროს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო უკეთ ახორციელებთ თქვენივე ნარჩენების სორტირებას, მით ნაკლები ასეთი ძვირფასი პაკეტი გესაჭიროებათ და ფულს ზოგავთ. როგორც კი ეს სისტემა შემოვიღეთ, გადასამუშავებელი ნარჩენების მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა.


– საყოფაცხოვრებო ნარჩენების 57% სად მიდის?


– დანარჩენს ვწვავთ. ციურიხის გარეუბანში მდებარე ქარხანაში ყოველწლიურად 250 ათას ტონა ნაგავს ვწვავთ, აქედან მიღებულ ენერგიას ქალაქის დაახლოებით 170 ათასი სახლის გასათბობად ვიყენებთ.


– გამოდის, დანარჩენი ნაგავი ენერგიად გარდაიქმნება?


– არა. ნაგვიდან ათობით ტონა ალუმინს, ფოლადს და ძვირფას ლითონებსაც კი – მათ შორის ოქროს ვიღებთ. ეს ყველაფერი ნაგვის დაწვის შემდეგ ფერფლში რჩება.


– ოქროც?


– დიახ. ფერფლი ქალაქიდან მოშორებით, სპეციალურ ადგილზე გადააქვთ, სადაც ამ მასიდან ლითონს იღებენ. ამ ტექნოლოგიას უკვე 2 წელია, ვიყენებთ. ეს უნიკალურია შვეიცარიისთვის.


– ნაგვის საწვავი ქარხანა ქალაქის ფარგლებშია მოქცეული. ეს არ არის საშიში?


– კვამლი, რომელიც მილიდან გამოდის, აბსოლუტურად სუფთაა. არსებობს კანონი, რომელიც გვავალდებულებს, მაქსიმალურად ეფექტიანი მეთოდით გავწმინდოთ კვამლი. ამით არავითარი ზიანი არ ადგება არც მოსახლეობას, არც ცხოველებს და არც გარემოს. საკმაოდ რთული პროცესის შედეგად, კვამლი ყველა მჟავასგან იწმინდება.


– ფასიან პაკეტებს დავუბრუნდეთ: კონტეინერში ნაგავს ჩვეულებრივი პაკეტით თუ ჩავყრი, რა მოხდება?


– პირველ რიგში, ეს უსამართლობა იქნება სხვა დანარჩენი ადამიანების მიმართ, რომლებიც ფასიან პაკეტებს იყენებენ. მეორეც, არსებობს სამსახური, რომელიც არალეგალურად ნაგვის გადაყრას აკონტროლებს. თუ კონტეინერში უფასო პაკეტში შეფუთული ნაგავი აღმოჩნდა, სამსახური შეეცდება დაადგინოს, თუ ვინ გადააგდო ის. პირველ ჯერზე დამნაშავეს მხოლოდ გააფრთხილებენ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ასეთი დაუდევრობის გამეორების შემთხვევაში საქმეში პოლიცია ერთვება, რომელიც უფლებამოსილია, ურჩ მოქალაქეს ჯარიმა გამოუწეროს.


– შვეიცარიაში ნაგავსაყრელები, ან ნაგვის პოლიგონები არსებობს?


– შვეიცარიაში მოქმედებს კანონი, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, დაწვას ნაგავი, და არა დაასაწყობოს. კანონი კრძალავს ნაგვის მინდორში გატანას და იქ დამარხვას.


– გამოდის, ნაგავსაყრელები ჩქვენთან არ არსებობს?


– აღარ არსებობს. დაახლოებით, გასული საუკუნის 50–იან წლებამდე იყო ასეთი ადგილები. მაშინ კანონი არ კრძალავდა ნაგავსაყრელებს. ციურიხის ქარხანა 70–იანი წლებიდან მუშაობს.


– როგორ ყალიბდება ნაგვის სორტირების კულტურა?


– ქარხანაში ექსკურსიაზე ათასობით ადამიანი მოდის. მათ შორის სკოლების მოსწავლეები. აქ ისინი ხედავენ, რამხელა ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ნაგავს თავი დავაღწიოთ, რომელსაც ჩვენ ყველა ვაწარმოებთ. აქ ხვდებიან, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავიდან მოშორების დროს ნაგვის სორტირებას.


– დიდი გაბარიტების მქონე ნაგავს რა უკეთებენ ციურიხელები?


– ნაგავი, რომელიც არ ეტევა სტანდარტულ კონტეინერში, შეგიძლიათ სპეციალურ სორტირების პუნქტში მიიტანოთ. აქ წელიწადში 160 კილოგრამი ნაგვის მიტანა უფასოა. დამატებით წონაზე უკვე ფულის გადახდა გიწევთ. იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ავტომობილი არ ყავთ, სპეციალური ტრამვაები არსებოს, რომლებიც ბოლო გაჩერებებზე განრიგით ჩერდებიან, სულ 11 ლოკაციაზე – იქ შეგიძლიათ ჩააბაროთ ძველი ელექტრონიკა და გაბარიტული ნაგავი.


– მინის ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებს აწერია, რომ ნაგვის გადაყრა ნებადართულია 7–დან 20 საათამდე, ხოლო კვირას და დასვენების დღეებში – საერთოდ აკრძალულია. ეს როგორ გავიგოთ?


– როდესაც თქვენ ყრით მინას, ეს გარკვეულ ხმაურს იწვევს. ხმაურის წესებიც არსებობს, რომლებიც იმ ადამიანებს იცავენ, რომლებიც ასეთ კონტეინერებთან ახლოს ცხოვრობენ. თქვენ უკვე აღნიშნეთ – კვირას საერთოდ არ შეიძლება მინის, ალუმინისა და ზოგადად ლითონის ნარჩენების გადაყრა. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ემორჩილება ამ წესებს. ეს კულტურის ნაწილია. ეს პატივისცემაა, რომელსაც თქვენ ირგვლივ მცხოვრები საზოგადოების მიმართ იჩენთ.



სხვა სიახლეები