• Ƀ/$

აშშ-ის კერძო სექტორში დასაქმების ბუმი გრძელდება

5 აპრილი 09:40, 2018 წელი | ანალიტიკა

კომპანია ADP-მ, რომელიც ადამიანური რესურსების მართვაზეა ორიენტირებული, შეერთებული შტატების კერძო სექტორში დასაქმების სტატისტიკის მარტის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც კვლავ მოსალოდნელზე უკეთეს დონეზეა.

მაგრამ, ამის მიუხედავად, სავალუტო ბაზარზე მკვეთრი მოძრაობა მაინც არ დაფიქსირდა, რადგან აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვის გამო, ინვესტორები კვლავაც სიფრთხილეს იჩენენ.


ADP-ს მონაცემებით, აშშ-ის კერძო საქმეში დასაქმებულთა რიცხვი 241 ათასით გაიზარდა, რაც პროგნოზულ მაჩვენებელზე (208 ათასი) ბევრად მაღალია. უფრო მეტიც, თებერვლის ისედაც კარგი მაჩვენებელი (235 ათასი) დაზუსტების შემდეგ, 246 ათასამდე გაიზარდა.


ADP-ს მონაცემები წინ უსწრებს გაცილებით მნიშვნელოვან სტატისტიკას, რომელსაც აშშ-ის შრომის დეპარტამენტი პარასკევს გამოაქვეყნებს. ესაა არასასოფლო სფეროში ახალდასააქმებულთა (NFP) რიცხვი, რომელიც შრომის ბაზრის განვითარების რეალურ სურათს იძლევა.


ADP-ს დადებითი სტატისტიკა არ ნიშნავს, რომ NFP-ც ასეთივე დადებითი იქნება, თუმცა ისინი უმეტესად თანხვედაშტი არიან.



NFP-ზე მეტად მნიშვნელოვანი იქნება ინფორმაცია საათობრივი ანაზღაურების ზრდის შესახებ. სწორედ ესაა ის ფაქტორი, რომელიც მოსახლეობის ხარჯის ზრდას უზრუნველყოფს, რასაც, შესაბამისად, ინფლაციის ზრდა მოჰყვება. ფედრეზერვს კი, როცა მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავს, პირველ რიგში სწორედ ინფლაციის მიზნობრივი (2%) დონის მიღწევის პერსპექტივა აინტერესებს.


მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ურთიერთობის დაძაბვა იმ ფაქტორმა გამოიწვია, რომ შეერთებულმა შტატებმა, იმის მომიზეზებით, რომ ჩინეთში ამერიკული კომპანიები ადგილობრივი კომპანიებისგან ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ვერ ახერხებენ, რიგ ჩინურ საქონელზე იმპორტის ტარიფები დამატებით 25%–ით გაზარდა. ამას ჩინეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა და ახლა მსოფლიო ბიზნესი დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის მოლოდინშია.


სწორედ ამის გამო, სავალუტო ბაზარი ფაქტობრივად იგნორირებით პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან სტატისტიკას, რომელიც, როგორც წესი, დოლარს ბიძგს აძლევს ხოლმე.


სხვა სიახლეები