• Ƀ/$

იაპონიის ეკონომიკა საკუთარ შესაძლებლობებს აჭარბებს

5 აპრილი 13:25, 2018 წელი | ანალიტიკა

იაპონიის ბანკის გათვლებით, ქვეყნის ეკონომიკა თავის შესაძლებლობებზე მეტი დატვირთვით მუშაობს და ეს ტენდენცია ბოლო ათ წელიწადში ყველაზე მეტად, გასული წლის მეოთხე კვარტალში გამოიკვეთა.

ბანკის ვარაუდით, ეს უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი მოიმატებს, რაც მას მიზნობრივი 2-პროცენტიანი ზღვარის მიღწევის საშუალებას მისცემს.


ეკონომიკის საკუთარ შესაძლებლობებზე მეტი დატვირთვით მუშაობა იმის მანიშნებელია, რომ საწარმოები და მათში მომუშავენი, თავიანთ სრულ პოტენციალზე მეტი ეფექტიანობით მუშაობენ, რასაც ბაზრის მაღალი მოთხოვნა უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ იზრდება ინფლაციური ზეწოლა, რაც ცენტრალური ბანკისთვის მონეტარული პოლიტიკის შესაცვლელად საკმარისი მიზეზია.



ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, იაპონიის ეკონომიკა, თავის შესაძლებლობებზე 1.5%–ით მეტი დატვირთვით მუშაობდა. იაპონიის ბანკის მონაცემებით, ასეთი ფაქტი უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტლის განმავლობაში ფიქსირდება. შედარებისთვის, ეკონომიკის წინა კვარტლის დადებითი გეპი 1.14% იყო. აღნიშნული ტენდენცია იაპონიის ბანკს აძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპი, ინფლაციის მიზნობრივი დონის მიღწევისთვის საკმარისად მიიჩნიოს.


მაგრამ, დიდი ალბათობით, ცენტრალური ბანკი არ იჩქარებს ეკონომიკის სტიმულირების მასიური პროგრამის შეკვეცის დაწყებას. ამის მიზეზი ისაა, რომ ინფლაცია დასახული მიზნისგან მეტისმეტად შორსაა. სტიმულირების შემცირებას კი ეკონომიკის განვითარების შეფერხება შეუძლია.


„შრომის ბაზრის უკიდურესად შემჭიდროების მიუხედავად, ინფლაციის ზრდის ტემპი ჯერაც არაა დამაკმაყოფილებელი. ახლა რომ სტიმულირების პროგრამის შეკვეცაზე საუბარი დავიწყოთ, ამან შესაძლოა გარკვეული არეულობა გამოიწვიოს“, - ამბობს იაპონიის ბანკის მმართველი ჰარუჰიკო კუროდა და დასძენს, რომ ყოველივეს მიუხედავად, იაპონიის ბანკი უკიდურესად რბილ მონეტარულ პოლიტიკას მანამ შეინარჩუნებს, სანამ ინფლაცია მიზნობრივ დონეზე მაღლა სტაბილურად დარჩება.


იაპონიის ბანკი ეკონომიკის სტიმულირებისთვის, სამი წელი აქტივებს მასობრივად ყიდულობდა. მაგრამ ამით ინფლაციის დაქოქვა ვერაფრით მოხერხდა.


შემდეგ ბანკმა აქცენტი იენზე საპროცენტო განაკვეთის დაწევაზე გადაიტანა. ეს პროცესი იქამდეც კი მივიდა, რომ ბანკებისთვის მოკლევადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მინუს 0.1 პროცენტზე, გრძელვადიან სესხებზე კი ნული პროცენტის ფარგლებში დავიდა. აქტივების შესყიდვების წლიურმა მოცულობამ 80 ტრლნ იენსაც (დაახლოებით $750 მლრდ) კი მიაღწია.


ობლიგაციების ბაზარზე იაპონიის ბანკის დომინირება, მას იმის საშუალებას აძლევს, რომ მოგების მოცულობა დაბალ დონეზე შეინარჩუნოს, რაც შესყიდვების შეკვეცის ხარჯზე მიიღწევა. ამასთან, სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აქტივების შესყიდვების პროგრამამ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა.


ცნობისათვის, იაპონიის ბანკმა აქტივების შეძენის პროგრამა, რომელიც „რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემსუბუქების“ (QQE) სახელითაა ცნობილი, 2013 წელს დაიწყო.


დაბოლოს, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, იაპონიის ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 1.6% შეადგინა. ეს იყო ზედიზედ მერვე კვარტალი, რომელშიც ეკონომიკა იზრდებოდა. ეს კი გლობალურ ბაზარზე იაპონურ პროდუქციაზე სტაბილური მოთხოვნის და კაპიტალდაბანდების ზრდის შედეგია.


იმავდროულად, თებერვალში ძირეული სამომხმარებლო ინფლაცია მხოლოდ 1.0 პროცენტის დონეზე იყო, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და რასაც, ძირითადად, შრომის ანაზღაურების ზრდის დაბალი ტემპი განაპირობებს.


სხვა სიახლეები