• Ƀ/$

ჩინეთი უკან არ დაიხევს

6 აპრილი 15:11, 2018 წელი | ანალიტიკა

ჩინურ პრესაში გავრცელებულ სარედაქტორო სტატიებში ხაზგასმულია, რომ ჩინეთი გარედან მომდინარე ზეწოლის ქვეშ, უკან არასდროს დაიხევს და შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ სავაჭრო ომს მოიგებს.

ამ თემაზე სტატიები, ორ ქვეყანას შორის ტარიფებთან დაკავშირებით წარმოქმნილ დაძაბულობას მოჰყვა.


იმ დროს, როდესაც შეერთებულ შტატებში ჩინეთის ელჩი კუი ტიანკაი ხაზგასმით ამბობს, რომ პეკინი ვაშინგტონთან წარმოქმნილი უთანხმოების მოლაპარაკების გზით გადაჭრას ემხრობა, ცისქვეშეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს უფრო მკაცრი პოზიცია უკავიათ. ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის გაზეთი წერს, რომ ჩინეთის სწრაფი საპასუხო ქმედება, ამერიკას უკან დახევას აიძულებს.


„ამერიკის მიერ სიის გამოქვეყნებიდან 24 საათზე ნკლებში ჩინეთმა საკუთარი ხმალი  ზუსტად იმ დონეზე იშიშვლა, რამდენადაც საჭირო იყო. სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, რითაც საკუთარი განწყობა გამოხატა. იმის თავდაჯერებას, რომ ჩინეთი სავაჭრო ომს მოიგებს, მისი სამომხმარებლო ბაზრის პოტენციალი იძლევა, რომელსაც სხვა ეკონომიკები ვერ შეედრება“, - წერს ჩინური გამოცემა „გლობალ ტაიმსი“.



ამერიკული სამომხმრებლო პროდუქციის მწარმოებელი და ინდუსტრიული კომპანიების დიდი ნაწილი ჩინეთს განიხილავს, როგორც საკუთარი ზრდის და განვითარების უზარმაზარ წყაროს. ამის საფუძველს იძლევა ის გარემოებაც, რომ ჩინეთის მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი, საშუალო შეძლების კლასს მიეკუთვნება. ამასთან, მდიდარი კლასის რიცხოვნობაც ძალიან სწრაფად იზრდება.


შეერთებული შტატები, როცა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური პროდუქციის დამატებითი ტარიფით დამძიმება გადაწყვიტა, ჩინეთის მთავრობაზე ზეწოლას იმ მიმართულებით ცდილობდა, რომ ამერიკული კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების დაცვისკენ ებიძგა. ჩინურ მრეწველობაში ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, რაც იქაურ კომპანიებს დიდ მოგებას აძლევს. ამერიკულ და სახვა ქვეყნების კომპანიებს კი, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაზე, მილიარდებს ხარჯავენ, ძლიერ აზარალებს.


მაგრამ ჩინეთმა უხეშ ძალას ადეკვატური რეაქცია შეაგება და ამერიკული კომპანიების იგივე მოცულობის პროდუქცია, ანალოგიური ტარიფებით დაბეგრა. სააგენტო სინჰუას ინფორმაციით, აშშ-ს ტარიფების ზრდა „ძალიან ძვირად დაუჯდება“.


„თუ სავაჭრო ომი გარდაუვალი გახდება, ჩინეთს ეს არც შეაშინებს და არც უკან დაახევინებს. ქვეყანა არასდროს ნებდება გარე ზეწოლებს და არც ამჯერად აპირებს დანებებას. ეს არის თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორ ლარი კუდლოუს მიერ „ფოქს ნუსისთვის“ მიცემული კომენტარის საპასუხო რეაქცია. სატელევიზიო გამოსვლისას, კუდლოუმ განაცხადა: „მჯერა, რომ ჩინეთი უკან დაიხევს და თამაშის წესებს დაიცავს


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, დამატებითი ტარიფებით დაბეგრილი ჩინური პროდუქციის სიის გამოქვეყნებიდან მოკლე დროში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთის ელჩმა, ამ ორგანიზაციის (WTO) წევრებს პეკინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


„ჩინეთის საასუხო ქმედება არის არამხოლოდ საკუთარი, არამედ იმ ქვეყნების ინტერესების დაცვაც, რომლებზეც შეერთებული შტატები ზეწოლას ახდენს, როცა ახალი სავაჭრო წესების დამკვიდრებას ცდილობს“, - წერს ჩინური „გლობალ ტაიმსი“.


მაგრამ, იმ დროს, როცა ჩინეთი ამერიკას სავაჭრო პროტექციონიზმში ადანაშაულებს, ბევრ განვითარებულ ქვეყანას და მათ კომპანიებს არაერთხელ უჩივლიათ ჩინეთისთვის იმის გამო, რომ იქ WTO-ს წესები ხშირად ირღვევა. მაგალითად, ჩინეთში აკრძალულია უცხოური კომპანიების ჩართვა რიგ სექტორებში, რისი მიზანიც, ადგილობრივი კომპანიების გაძლიერებაა. უფრო ხშირ შემთხვევებში კი, უცხოური კომპანია ჩინეთში საქმიანობას ვერ შეძლებს, თუ ადგილობრივი თანაბარუფლებიანი პარტნიორი არ ეყოლება. ესეც იმისთვის კეთდება, რომ ჩინურმა კომპანიებმა უცხოელებისგან საქმის გაძღოლაც ისწავლონ და მათი ტექნოლოგიებიც აითვისონ.


ჩინეთმა არაერთხელ დადო პირობა, რომ უცხოური კომპანიებითვის ფინანსური მომსახურების სექტორს გახსნიდა. შარშან ამის პირობა ტრამპის ადმინისტრაციამაც მიიღო, მაგრამ ეს არ შესრულდა. არადა, WTO-მ ჯერ კიდევ 2012 წელს დაადგინა, რომ ჩინეთში უცხოური საგადამხდელო ბარათების კომპანიების მიმართ დისკრიმინაციული კანონი მოქმედებს. ამის მიუხედავად, აქამდე იქ მუშაობის ლიცენზია, არცერთ ამერიკულ კომპანიაზე არ გაცემულა.


ტრამპი ხშირად იმეორებდა, რომ ჩინეთისთვის ასეთი უპირატესობის დათმობას არ აპირებს. ვაშინგტონში მუდმივად მუშაობს ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებს ეძებს. ერთ-ერთი ასეთი გზა, ჩინური პროდუქციისთვის არასახარბიელო პირობების შექმნაა. ვაშინგტონის სიაში 1 300 დასახელების ჩინური პროდუქტი შევიდა, რომელთა უმეტესობა სამრეწველო, სატრანსპორტო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამედიცინო სფეროდანაა.


ჩინეთის საპასუხო სიაში სოიო, გაყინული ხორცი, ბამბა და ბევრი სასოფლო პროდუქტი შევიდა, რომლებსაც აიოვასა და ტექსასში აწარმოებენ, ანუ იმ შტატებში, სადაც ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებისას, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა. ჯერჯერობით, ახალი ტარიფები არცერთ მხარეს არ აუმოქმედებია. ამერიკელები ამას უახლოეს ორ თვეში გეგმავენ, ჩინეთი კი მათ ნაბიჯებს ელის.


სხვა სიახლეები