• Ƀ/$

NASA-ს ზებგერით „X-პლეინ“-ს „ლოკჰიდ მარტინი“ გამოუშვებს

8 აპრილი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ავიაციის დიდი ტრანსფორმაცია იწყება - ასე აფასებს NASA თავის პირველ ნაბიჯს, რომელიც მსოფლიოში პირველი ჩუმი ზებგერითი თვითმფრინავის წარმოებისკენ გადადგა.

აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) თავისი ახალი პროექტის, ჩუმი ზებგერითი სადემონსტრაციო თვითმფრინავის (LBFD) პირველი დეტალები გამოაქვეყნა. სადემონსტრაციო ფრენებისას, ახალი ტიპის საჰაერო აპარატი დასახლებულ პუნქტებს გადაუფრენს, რა დროსაც განხორციელდება ტელემეტრიული მონაცემების ჩაწერა და სპეციალური ჯგუფი, მოსახლეობისგან ხმაურთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს აღნუსხავს.


ზებგერითი თვითმფრინავების ერთ-ერთი მთავარი მინუსი, მათ მიერ გამოწვეული ძლიერი ხმაურია. NASA-ს პროექტი კი სწორედ ისეთი ზებგერითი აპარატის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც დაახლოებით ისეთივე ხმაურს გამოსცემს, როგორსაც ამჟამად გავრცელებული რეაქტიული ლაინერები.


„შეგროვებულ მონაცემებს აშშ-ის და საერთაშორისო რეგულატორებს გადავცემთ, რომლებსაც ზებგერითი აპარატების ხმაურთან დაკავშირებული ახალი წესების შემუშავების საფუძველი მიეცემათ. მათი დამკვიდრების შემთხვევაში, ავიაციის ბაზარზე ახალი ტიპის ხომალდები შემოვა, რომლებიც სატვირთო და სამგზავრო ფრენების ბგერაზე სწრაფი სიჩქარით შესრულებას შეძლებენ“, - ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.


სადემონსტრაციო პროტოტიპის სახელია „X-პლეინ“. მას კომპანია „ლოკჰიდ მარტინი“ დაამზადებს, რომელმაც ადმინსტრაციასთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, $247.5 მლნ მიიღო. თვითმფრინავი პირველი საცდელი ფრენების შესრულებას 2021 წლის ბოლოს შეძლებს.


ტესტების დროს, „X-პლეინი“ ფრენებს 16 700 მეტრის სიმაღლეზე შეასრულებს, რა დროსაც, მისი სიჩქარე 1 512 კმ/სთ-ს მიაღწევს. მისი ხმაურის დონე მაქსიმუმ 75 დეციბელი იქნება. შედარებისთვის, ამ დონის ხმაურს, ავტომობილის კარი დახურვისას გამოსცემს.


დასახლებული პუნქტების თავზე სატესტო ფრენები 2022 წელს შესრულდება. ამისათვის, აშშ-ში ქალაქები სპეციალურად შეირჩევა. ტესტების შემდეგ, იმავე სადემონსტრაციო „X-პლეინის“ ბაზაზე ჩუმი ზებგერითი თვითმფრინავის წარმოება დაიწყება, რომელიც ბაზარზე „კონკორდის“ ადგილს დაიკავებს. ის ნიუ–იორკსა და ლონდონს შორის ფრენებს დაახლოებით სამ საათში შეასრულებს, ნიუ–იორკიდან ჰავაიმდე ფრენას კი დაახლოებით 4.5 საათი დასჭირდება.


სხვა სიახლეები