• Ƀ/$

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამაზე 132 განაცხადი შევიდა

10 აპრილი 16:08, 2018 წელი | ტექნოლოგიები

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა. სულ 132-მა აპლიკანტმა შეიტანა საგრანტო განაცხადი.

განაცხადები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნება და მოდის ინდუსტრია, ბიოტექნოლოგია და ფარმაცია, კომპიუტერული მოწყობილობები და ელექტრონიკა, საკონსულტაციო სერვისები, ენერგეტიკა და მწვანე ტექნოლოგია, საინფორმაციო ტექნოლოგია, სოფლის მეურნეობა, ნანო ტექნოლოგია და ა.შ.


განაცხადების შეფასებასა და შერჩევაში მონაწილეობას სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეული უცხოელი ექსპერტები მიიღებენ.


პროგრამის ნახევარფინალისტები 8 მაისს გამოვლინდებიან. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კონკურსანტები მოსამზადებელ პერიოდს გაივლიან. 25 მაისს კი ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული, გამარჯვებულ სტარტაპებს დაასახელებს.


ინოვაციების სააგენტო თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირებაა.


GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი 2 მლნ ლარს შეადგენს. მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.


სხვა სიახლეები