• Ƀ/$

„მოიმარაგეთ წყალი და საკვები“ – ბუნკერებმა რუსეთში აქტუალობა დაიბრუნეს

12 აპრილი 15:13, 2018 წელი | ანალიტიკა

გამოცემა Newsweek-ის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია Vesti 24 მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბუნკერებში მოიმარაგონ წყალი და აუცილებელი საჭიროების დიდხანს გამძლე საკვები.

ასეთი სამზადისის მოტივად ტელეკომპანია იმ გარემოებას ასახელებს, რომ რუსეთი ვაშინგტონთან ომში ჩაბმას აპირებს. 


პოტენციურ კონფლიქტზე მითითებით, რომ ომი „კატასტროფული“ იქნება, ხსენებულ ტელევიზიაში აჩვენებდნენ ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ხალხმა აირწინაღები ატომური შეტაკების შემთვევაში.


ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ იგი მზადაა ამერიკის პრეზიდენტს წარუდგინოს სირიაზე შეტევის სამხედრო გეგმა, მიუხედავად რუსეთის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღებაზე გაფრთხილებისა.


ამერიკის ჯარები და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ განიხილავენ, იდგა თუ არა აჯანყებულების კონტროლირებად დუმაში ქიმიური თავდასხმის უკან რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი. მეტისმა 11 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკა მზადაა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება, თუკი ამის საჭიროება დადგება.


არსებულ პოლიტიკურ კონსტელაციას ისიც ართულებს, რომ სირიის შეტაკებაში ჩართვის მზაობას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოთქვამს. ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს, რომ სამხედროებმა საფრანგეთის პრეზიდენტს წარუდგინეს გეგმა, რომელიც მოიცავდა სირიაზე თავდასხმას სენ-დიზიეს (Saint-Dizier) ავიაბაზიდან. სირიაზე თავდასხმით, ასევე, დაინტერესებული არიან დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და საუდის არაბეთი.


ირანი და ჩინეთი რუსეთს შეუერთდნენ ამერიკის საწინააღმდეგო გაფრთხილებებში, სირიაზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დიდ ხნის მანძილზე იყო ასადის რეჟიმის მხარდამჭერი, იგი სირიის კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, აღნიშნულ რეგიონში ტერორისტულ დაჯგუფებებს შებრძოლებოდა. რუსეთმაც და ამერიკამაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ტერორისტების დასამრცხებლად.


2017 წლისთვის ტერორისტული დაჯგუფება  ISIS თითქმის დამარცხებული იყო, როცა სირიის ლოკალზე ურთიერთშეტევა უკვე სირიაში არსებული ნავთობსაბადოებით დაინტერესებულმა ინტერნაციონალურმა ძალებმა დაიწყეს. პენტაგონისგან მხარდაჭერილი ქურთები ასადს დაუახლოვდნენ თურქეთის მხრიდან შეტევის საფრთხის გამო. სირიის აღმოსავლეთ რეგიონში კი დაპირისპირება შენარჩუნდა სირიის დემოკრატიული ძალების არაბულ ფრაქციასა და სირიის მთავრობის ძალებს შორის.


უკანასკნელმა ცნობამ, რომ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა აჯანყებულთა ბოლო ბასტიონის მოსაშორებლად, ყველაზე დიდ ინტერნაციონალურ ესკალაციას მისცა ბიძგი.


რუსეთის და სირიის ძალებს დაძაბულობა დაეტყოთ. ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ კი, Newsweek-ს განუცხადა, რომ უახლოეს 72 საათში სირიაში მოსალოდნელია ძლიერი სამხედრო შეტაკებები.


ამერიკელებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი სამხედრო საზღვაო ფლოტი ვირჯინიიდან ახლო აღმოსავლეთში მიემართება. სარაკეტო გამანადგურებელი USS Donald Cook კი კვიპროსისკენ გაემართა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, სწორედ იმ რაკეტებით, რომლებიც ტრამპმა წინა წელს გამოიყენა ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საპასუხოდ.


ამ მოვლენებთან დაკავშირებით კი ოფიციალურმა მოსკოვმა, გენერალ ვალერი გერასიმოვის მეშვეობით, განაცხადა, რომ იგი აუცილებლად გადაუჭრის გზას ამერიკულ რაკეტებს, შესაბამისი ზომებით.


ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მათი ურთიერთობა რუსეთთან ახლა ისეა დაძაბული, როგორც არასდროს. ტრამპი, რომელიც ერთ დროს რუსეთის პრეზიდენტის ახლო პოლიტიკურ მოკავშირედ ითვლებოდა და დადანაშაულებულიც კი იქნა 2016 წლის ამერიკის არჩევნებში რუსეთთან კოლაბორაციის გამო, ამჟამად ამერიკა პოტენციური კოლიზიის საფრთხეში ჩააყენა თავის ყველაზე დიდ მეტოქესთან, რომლის ლიდერიც იმედოვნებდა, რომ მოვლენები დარეგულირდებოდა.


თავის მხრივ, პუტინი აცხადებს, რომ მიმდინარე გლობალური დაძაბულობა შეშფოთების მეტს ვერაფერს გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, რუსულ სახელმწიფო სამაუწყებლო სააგენტოებთან ინტერვიუებში, მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები დასტაბილურდება, კალაპოტში ჩადგება და ყველაფერი კონსტრუქციულ სახეს მიიღებს. თუ რა იგულისხმა მან საერთაშორისო ურთიერთობების დასტაბილურებაში, ამას მოვლენათა განვითარება აჩვენებს...


ავტორი: მარიამ ხაზარაძე, M2B-ს მიმომხილველი.


სხვა სიახლეები