• Ƀ/$

ჩინეთში ფოტოელემენტებიანმა გზამ 100 ათასი კილოვატსაათი გამოიმუშავა

13 აპრილი 14:15, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ას დღეზე მეტია, რაც ჩინეთში სატესტო რეჟიმში მუშაობს საავტომობილო ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც ფოტოელემენტების პანელებით არის დაფარული.

პანელები ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სააგენტო სინჰუას ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში, გზამ დაახლოებით 100 ათასი კილოვატსაათი ენერგიის გენერირება შეძლო.


გზის ფოტოელემენტებიანი მონკვეთის სიგრძე 1 080 მეტრია. ის ქალაქ ცინანში მდებარეობს, რომელიც პროვინცია შანდუნის ცენტრია. გზამ ელექტრო ენერგიის გამომუშავება 26 დეკემბერს დაიწყო, გახსნიდან ორ დღეში კი მასზე ავტომობილების მოძრაობაც დაუშვეს. გზის მზის ელემენტებიანი მონაკვეთის საშუალო დღიური გამომუშავება 923 კილოვატსაათს შეადგენს.


გზის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიით, საგზაო ფარნები, გზაზე არსებული საინფორმაციო ეკრანები და გზის მოყინვის საწინააღმდეგო რეაგენტების გამფრქვევი სისტემები მარაგდება. მისივე ენერგია მიეწოდება საგზაო გვირაბებს და ფასიანი გზების გამშვებ პუნქტებს. ჭარბი ენერგია კი ელექტროქსელს მიეწოდება.


მომავალში ფოტოელემენტებით გაწყობილი საგზაო მონკვეთები სხვა ფუნქციებსაც შეასრულებს. კერძოდ, მასზე მოძრავ ელექტრომობილებს უკონტაქტოდ დამუხტავს, გაათბობს გზას და ამგვარად, მასზე ყინულს არ გააჩერებს. მისივე მეშვეობით, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება და გადამუშავება.


როგორც პროექტის ავტორი, შანხაის ტუნძის უნივერსიტეტის პროფესორი ჯან ჰუნჩაო ამბობს, კილომეტრიან გზაზე დამონტაჟებული მზის ელემენტების ჯამური ფართობი 5 875 კვადრატული მეტრია. მათი პიკური სიმძლავრე 817.2 კილოვატს აღწევს. საექსპლუატაციო ვადა კი 20 წელია.


პროფესორისვე თქმით, გზა სამი ფენისგან შედგება. ესენია შუქგამტარი ბეტონის ფენა, კრისტალური კრემნიუმის ბაზაზე დამზადებული ფოტოელემენტები და წყალგაუმტარი დამცაცავი ფენა. სამივე ფენის ჯამური სისქე სამ სანტიმეტრზე მეტი არაა.


ფოტოელემენტებიან გზაზე ყოველდღიურად საშუალოდ 40 ათასი ავტომობილი გადის. გზის ზედაპირი კარგი მზიდი მახასიათებლებით გამოირჩევა და მაღალი ხარისხის ჩაჭიდებასაც (მათ შორის, ექსტრემალურ პირობებშიც) უზრუნველყოფს.


საინტერესოა, რომ ეს პირველი „მზიური გზა“ არაა. პირველად მსგავსი პროექტი შეერთებულ შტატებში შეიმუშავეს (2006 წელს), 2016 წელს კი საფრანგეთში გზის სატესტო მონაკვეთი გახსნეს, რომელიც მზის ელემენტებით იყო დაფარული. მათგან განსხვავებით, ჩინური პროექტი გაცილებით იაფია. კერძოდ, თუ ფრანგებს „მზიური გზის“ ყოველი კვადრატული მეტრი 2 000 ევრო დაუჯდათ, ჩინური პროექტის შემთხვევაში, ფასი განახევრებულია. უფრო მეტიც, ჩინელების მიერ გამოყენებული გამჭვირვალე ბეტონის ფენა გაცილებით მტკიცე გამოდგა, ვიდრე ფრანგებისა.


სხვა სიახლეები