• Ƀ/$

გერმანიის ორმაგი თამაში: სირია და „ჩრდილოეთის ნაკადი–2“

14 აპრილი 17:17, 2018 წელი | ანალიტიკა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სირიაზე სამხედრო იერიში აუცილებელი და მოცემულ ვითარებასთან მიმართებაში ადეკვატურია, წერს გერმანული გამოცემა Spiegel.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ჩვენი ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი კოლეგები, როგორც გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს წევრები, ამგვარად აიღებენ პასუხისმგებლობას, რათა დაუპირისპირდნენ ქიმიურ იარაღზე კონვენციის დარღვევას. გერმანია მხარს დაუჭერს ასევე ყველა დიპლომატიურ ნაბიჯს ამ მიმართულებით“.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა პარასკევი–შაბათის ღამეს მიიტანეს სარაკეტო იერიში სირიის სამიზნეებზე, რაც დასაბუთებული იყო ბაშარ ალ-ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებით. დასავლური მხარის მტკიცებით, ქალაქ დუმაზე ქიმიური იარაღით იერიშს 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 500–მდე მოიწამლა.


მერკელის ნაბიჯს მხარი დაუჭირეს თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ვონ დერ ლაიენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მასმა.


გერმანიის თავდაცვის მინისტრი სირიის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღების ინიციატივით გამოდის. მან „აუცილებელი და პროპორციული“ სამხედრო ზომები უწოდა ვაშინგტონის, ლონდონისა და პარიზის მიერ სირიის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „თუ გვსურს, რუსეთი ზეწოლის ქვეშ მოექცეს, დასავლეთის ქვეყნები სხვადასხვა გზებს ვერ დაადგებიან“.


მიუხედავად ამ განცხადებისა, გერმანია მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით შემოიფარგლება. გამოცემა Deutsche Welle-ს ცნობით, მერკელმა ნათელი მოჰფინა გერმანიის პოზიციას სირიის კონფლიქტთან მიმართებაში და განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ გერმანელი სამხედროები ამ კონფლიქტში არ ჩაერთვებიან.


ეს პოზიცია მან ხუთშაბათს, პრეს-კონფერენციაზე დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ბერლინი აცნობიერებს აუცილებლობას, რომ სირიის მთავრობას მიეწოდოს ცხადი სიგნალი ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.


აღნიშნულ პრეს-კონფერენციაზე მერკელმა, ასევე, რბილად გააკრიტიკა რუსეთიც, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიების დაბლოკვის გამო.


მერკელის მსგავსი პოზიცია ჰქონდა მის დანიელ კოლეგას ლარს ლოკ რასმუსენსაც, რომელმაც განაცხადა, რომ დანიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მისი სამხრეთელი მეზობლის მსგავსია.



მერკელის ორმაგი თამაში, რომელიც, ერთის მხრივ, მხარს უჭერს დასავლეთის სამხედრო რეაგირებას, თუმცა, მეორეს მხრივ, თავს იკავებს მათ სამხედრო დახმარებაზე და რუსეთის მხოლოდ „რბილი კრიტიკით“ შემოიფარგლება, ალბათ გასაგები გახდება იმ გარემოებით, რომ გერმანული მხარე მეტწილად რუსულ ენერგო-რესურსებზეა დამოკიდებული და ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდება სამომავლოდ, თუ ის დათანხმდება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მეშვეობით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით ბუნებრივი გაზის მიწოდებას, რასაც საფუძველი ჯერ კიდევ 2005 წელს ჩაუყარა გერმანიის კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა ბალტიის ზღვის პირველი მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“–ს (Nord Stream 1) შექმნით. ეს პროექტი მისი საბოლოო ოფიციალურ აქტი გახდა, რომლითაც პირად ანგარიშებზე სოლიდური თანხებიც მიიზიდა და სარფიანი პოზიციაც დაიკავა რუსეთის ენერგოსექტორის სათავეებში.


ამ დროისათვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე პროცედურები ევროპარლამენტში შეჩერებულია. ევროკავშირის ქვეყნების საბჭომ პარასკევს გადადო ევროკომისიის მოთხოვნის განხილვა, რომელიც უწყებისთვის მანდატის მიცემას ითვალისწინებდა რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. დიალოგის მიზანს კი „ჩირდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობისთვის სპეციალური იურიდიული ბაზის შექმნა წარმოადგენს. ევროკომისიამ ასეთი მანდატის მინიჭებაზე განაცხადი ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში გააკეთა. მანდატის საკითხი იურიდიულად ევროპარლამენტთანაც უნდა შეთანხმდეს.


შაბათის დილის 8 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკავშირეებმა სირიის მიმართულებით 30–დან 100–მდე ერთეული რაკეტა გაუშვეს. რამდენიმე მათგანმა მიზანს ვერ მიაღწია და ჩამოაგდეს.


პენტაგონის შეფმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ორჯერ მეტი რაკეტა გამოიყენეს, ვიდრე გასულ წელს, აპრილში ასადის სამხედრო აეროდრომის დაბომბვისას.


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ 24–48 საათის განმავლობაში მიიტანდა სარაკეტო იერიშს სირიაზე.


ავტორი: მარიამ ხაზარაძე. M2B–ს მიმომხილველი.


სხვა სიახლეები