• Ƀ/$

„ნისანის“ ძველი და ახალი ელექტრომობილები

15 აპრილი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

თანამედროვე ავტოინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური ტრენდი, ჰიბრიდული მოდლების და ელექტრომობილების წარმოებაა.

ამას, ძირითადად, ის გარემოება განაპირობებს, რომ კომპანიებს გამონაბოლქვზე მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილება უწევთ.


თუმცა, ელექტრომობილი მხოლოდ თანამედროვეობის პროდუქტი არაა. ელექტრულ ძალაზე მომუშავე ავტომობილების წარმოების დამკვიდრება კომპანიებმა გაცილებით ადრე სცადეს. უფრო მეტიც, ავტოინდუსტრიის ეპოქის გარიჟრაჟზე, ბევრი თვლიდა, რომ ელექტრომობილს და შიდაწვისძრავიან ავტომობილს, განვითარების თანაბარი პერსპექტივა ჰქონდათ.


მსოფლიო ბაზარზე ამჟამად ყველაზე პოპულარული და შესაბამისად, ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი „ნისან ლიფია“, რომელსაც თბილისის ქუჩებშიც უკვე საკმაოდ ხშირად შეხვდებით. იაპონური კომპანია კიდევ ერთ ელექტრომობილს - e-NV200-ს აწარმოებს, რომელიც ნიუ იორკმა ტაქსებად „აირჩია“. თუმცა, ყველამ როდი იცის, რომ ამ ორ მოდელამდე, „ნისანი“ ათეულობით წლის წინადაც აწარმოებდა ელექტრომობილს.


„ნისანმა“ თავისი პირველი ელექტრომობილი ახლახანს გაიხსენა, როცა ის და „ლიფი“ ერთად გადაიღო ვიდეორგოლში, რომელიც ინტერნეტით გაავრცელა. 70 წლის წინათ, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში საწვავის სერიოზული დეფიციტი იყო, ელექტრომობილმა ბაზარზე ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. ავტომობილი, სახელად „ტამა“ 1947 წელს შეიმუშავა კომპანია „პრინს მოტორსმა“, რომელიც მოგვიანებით „ნისანად“ გარდაიქმნა.


ეს იყო პატარა პიკაპი, რომლის კაბინაშიც მხოლოდ ორი ადამიანი ეტეოდა, საბარგულზე კი ნახევარ ტონამდე ტვირთის დადება შეიძლებოდა. ავტომობილს მამოძრავებელი ძალით 4.5-ცხენისძალიანი ელექტროძრავი უზრუნველყოფდა, რომელსაც ენერგიით ტყვია-ტუტოვანი აკუმულატორი კვებავდა.


„ტამას“ ერთი სრული დამუხტვით, დაახლოებით 65 კილომეტრის გავლა შეეძლო, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი, სულ რაღაც, 35 კმ/სთ-ს აღწევდა.


ამ მონაცემებით, დღეს ვერავის გააკვირვებ, მაგრამ 1947 წელს ურიგო არ იყო. სხვათა შორის, იმ ავტომობილის მსგავსად, „ნისანმა“ ელემენტების ბლოკი „ლიფზეც“ ძირზე განალაგა, რითაც ადგილიც მოიგო და სიმძიმის ცენტრიც მაქსიმალურად დაბლა დასწია.


სხვა სიახლეები