• Ƀ/$

ამსტერდამში 3D პრინტერით ხიდს აგებენ

15 აპრილი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ახალი ხიდი, რომელსაც ამსტერდამში აგებენ, არც გაბარიტებით გამოირჩევა და არც გარეგნობით. თუმცა მაინც აქვს ერთი თავისებურება, რითაც მთელს მსოფლიოში საჩვენებელი იქნება.

12 მეტრი სიგრძის ხიდს უჟანგავი ფოლადისგან, 3D პრინტერული დანადგარებით დაამზადებენ.


მას ექნება მონოლითური კონსტრუქცია და რაც მთავარია, არ იქნება უბრალო საჩვენებელი ნაგებობა, რომელსაც 3D პრინტერული დანადგარების შესაძლებლობათა საჩვენებლად შექმნიან. ის პირველივე დღიდან „შეუდგება“ მოვალეობის შესრულებას.


ლონდონის იმპერიული კოლეჯის ინფორმაციით, ხიდი ამსტერდამის არხ უდეზიიდს ახტერბურგვალზე გაიდება და ის ფეხმავლებს და ველოსიპედით მოსიარულეებს მოემსახურება. გარდა ამისა, ეს ხიდი ერთგვარი საცდელი ნაგებობა იქნება იმისათვის, რომ მსგავსი ტექნოლოგია შემდგომში უფრო ფართოდ დაინერგოს.


მისი აგება უკვე დაწყებულია. მას ჰოლანდიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ამზადებენ, სადაც სამუშაოს დაახლოებით მესამედი უკვე დასრულდა. მას ალან ტურინგის ინსტიტუტი და კომპანია MX3D ქმნიან. ეს უკანასკნელი რობოტიზებული დანადგარების შექმნაზეა ორიენტირებული. წინასწარი ვარაუდით, ხიდი მზად წლის ბოლოსთვის იქნება.


რამდენადაც ეს პირველი მსგავსი პროექტია, მის ავტორებს ხიდზე დაკვირვება მას შემდეგაც მოუწევთ, რაც აიგება და დამონტაჟდება. ამისათვის მასზე სენსორებს დაამაგრებენ, რომლებიც ხიდის დატვირთვებს, გაჭიმვაზე მუშაობას, ვიბრაციებს და სხვა პარამეტრებს გაზომავენ. მიღებულ ინფორმაციას მომავალში მსგავსი პროექტების შემუშავებისას გამოიყენებენ.


სხვა სიახლეები