• Ƀ/$

დოლარი ბოლო სამი კვირის მინიმუმზეა

17 აპრილი 16:58, 2018 წელი | ანალიტიკა

იმ დროს, როცა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობა თანდათან მინელდა, სირიის კრიზისმა კი ამ ეტაპზე პიკი გადაიარა, მსოფლიო ბაზრებს რისკისადმი მადა გაუძლიერდათ.

ჩინეთში მშპ–ის პროგნოზულზე უკეთესი მაჩვენებლების (+6,8%) გამო, საფონდო ინდექსები კვლავ აღმავლობის გზას დაადგნენ. რუსულ ალუმინზე სანქციების გამო, ამ მეტალზე მსოფლიო ფასებმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმი განაახლა. ბრიტანული სტერლინგი კი პოსტ ბრექსიტის პერიოდის პიკზე ავიდა.


ამ ყველაფრის ფონზე, დოლარის ინდექსმა, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი ამერიკული დოლარის საშუალო კურსს ასახავს, ბოლო სამი კვირის მინიმუმამდე დაიწია. კლებამ 0.12% შეადგინა და ინდექსი 89.02-მდე შემცირდა. ეს კი 28 მარტის შემდეგ მისი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


ბაზრებზე რისკის მადის ზრდა ყველაზე მეტად იმ გარემოებამ განაპირობა, რომ სირიაზე განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ, მისი გამეორების საჭიროება თითქმის გამორიცხა. შესაბამისად, სიტუაციის შემდგომი ესკალაცია ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.


პარალელურად, ჩინეთი აცხადებს, რომ უცხოურ საავტომობილო კომპანიებს, თავის ბაზარზე ერთობლივ კომპანიებში წილის შეზღუდვებს თანდათან გაუუქმებს. ეს კი ცისქვეშეთის პრეზიდენტ სი ძინპინის დაპირების შესრულების პირდაპირი ნიშანია, რაც იმასაც მოწმობს, რომ ორ უდიდეს ეკონომიკებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს უკეთესი პერსპექტივა აქვს.


მეორე მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთს და ჩინეთს საკუთარი ვალუტების ხელოვნურად დევალვაციაში ადანაშაულებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ წამყვანი ვალუტების მფლობელი ქვეყნები, სავალუტო კურსებით არ მანიპულირებენ.


დლარის კურსი იენთან წყვილში ჯერ 106.86 იენამდე შემცირდა, შემდეგ კი 107 იენს ასცდა და ამ ნიშნულის მიდამოებში დრეიფობს. ევროს კურსი ჯერ 1.24 დოლარს ასცდა, შემდეგ კი 1.2357-მდე შემცირდა. რაც შეეხება სტერლინგს, 1.4376 დოლარს მისწვდა, რასაც 1.4324-მდე კორექცია მოჰყვა.


სხვა სიახლეები