• Ƀ/$

მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში - ბილეთები და არა მარტო

17 აპრილი 19:56, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ფებბურთის მოყვარულებში სულ უფრო მეტად მძაფრდება ამ უდიდეს საფეხბურთო ფორუმთან დაკავშირებული მოგონებები.

უცნაურია, მაგრამ ამ ბოლო ხანს ჩატარებული ფეისბუქგამოკითხვის მიხედვით, გასული საუკუნის 80-იან წლებში გლობალური ინტერნეტის არარსებობის მიუხედავად, გულშემატკივრებმა ყველა დროის საუკეთესო გოლად 1986 წელს ბულგარეთის ნაკრებთან შეხვედრაში მექსიკელი ნეგრეტეს მაკრატელათი გატანილი ბურთი აღიარეს.


რუსეთის ჩემპიონატზე ბულგარელები არ იქნებიან, მაგრამ ამას ვინ ჩივის, როდესაც მუნდიალი თვით მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ იტალიისა და სამგზის ფინალისტ - ჰოლანდიის ნაკრებების გარეშე ჩაივლის.


კარს მომდგარი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი კი, ამ ტურნირის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე უღიმღამო იქნება. არც მასპინძელი რუსეთის, არც საუდის არაბეთის ნაკრებები, არ არიან ის გუნდები, გულშემატკივარი დიდი ფეხბურთით რომ მოხიბლონ.


აქ სპორტულზე მეტად, უფრო საინტერესო შეიძლება ჩემპიონატის პირველი მატჩის თანმდევი „გარეგანი ეფექტები“ იყოს, უსაფრთხოებით დაწყებული, მსაჯობით დამთავრებული; რადგან ამბობენ - თავიდანვე როგორი მსაჯობაც იქნება, ისეთივე მსოფლიო ჩემპიონატიც გველისო.


რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპისა და აზიის 11 ქალაქის 12 სტადიონზე მსაჯობის ობიექტურობას მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ვიდეორეფერი განსაზღვრავს, უსაფრთხოების თვალსაზრისით კი უპრეცედენტო ზომები იქნება მიღებული.


რუსეთის ხელისუფლება ამისთვის ბილეთის მფლობელ თითოეულ პიროვნებას, ცალკე გულშემატკივრის პასპორტის აღებას ავალდებულებს და ურჩევს, რომ ამ უფასო დოკუმენტის მისაღები განცხადება ელექტრონული ბილეთის აღებისთანავე წარადგინოს მითითებულ უწყებაში.


სტადიონებზე შესვლისას მაყურებელს ბილეთთან ერთად, აუცილებლად უნდა გააჩნდეს გულშემატკივრის პასპორტი. ამ დოკუმენტის მფლობელს რუსეთის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე შესვლა და გარდა ამისა, მთელი მსოფლიო ჩემპიონატის მანძილზე ქალაქებს შორის მატარებლებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო გადაადგილება შეეძლება.


თითქოს ყველაფერი საათივითაა აწყობილი და 13 მარტს ბილეთების გაყიდვა FIFA.com/bilet-ზე ხელახლა გაჩაირთო. იქამდე, გასული წლის 5-დან 31 დეკემბრის ჩათვლით კი 1 303 616 ბილეთი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადანაწილდა. აქედან რუსეთის მოქალაქეებს 197 832 ბილეთი ერგოთ.


შემთხვევითი წილისყრის შედეგად გამოვლენილი იღბლიანი ათეული ასე გამოიყურება: კოლუმბია (33 048), ბრაზილია (24 656), პერუ (21 946), გერმანია (21 639), აშშ (20 347), მექსიკა (18 155), ავსტრალია (15 906), არგენტინა (15 214), ინგლისი (14 890) და პოლონეთი (13 686). საინტერესოა, რომ ამ ქვეყნებიდან 4 სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელია, ხოლო აშშ კი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას სულაც არ ღებულობს.


ბილეთებზე უდიდესი მოთხოვნის გათვალისწინებით, ფიფა გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ FIFA.com/bilet-ის გვერდის ავლით შეძენილი ნებისმიერი ბილეთი გაუქმებულ იქნება. მის მფლობელს არც სტადიონზე დაუშვებენ და არც ბილეთის საფასურს დაუბრუნებენ. ფიფამ ბილეთების გარკვეული რაოდენობა უნარშეზღუდულ პირთათვისაც დააწესა.


ბილეთების გაყიდვის მომდევნო ეტაპი 18 აპრილს დაიწყება. 2018 წლის 1 მაისიდან (თარიღი შეიძლება შეიცვალოს) ჩემპიონატის ფინალურ მატჩამდე კი ბილეთები გასაყიდად ფიფა-ს სპეციალურ ოფისებში დამატებით გადანაწილდება.


მერვედფინალებიდან მოყოლებული, იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის ნაკრები გააგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ამა თუ იმ ეტაპზე, დარჩენილი ბილეთები უკვე საბოლოოდ გადანაწილდება. 


თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ გულშემატკივარი, როგორც ყოველთვის, მაინც ბოლომდე დაკმაყოფილებული ვერ დარჩება შექმნილი ვითარებით. 2018 წლის იანვრის ბოლოსთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბილეთების შეძენის მსურველთა რაოდენობამ 4 905 169-ს მიაღწია. ეს რიცხვი კი გაცილებით აღემატება ზემოთმოყვანილ 1 303 616-ს.


რუსების შემდეგ (2 503 957) მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების მსურველთა ათეული ასე გამოიყურება: 1) გერმანია (338 414), 2) არგენტინა (186 005), 3) მექსიკა (154 611), 4) ბრაზილია (140 848), 5) პოლონეთი (128 736), 6) ესპანეთი (110 649), 7) პერუ (100 256), 8) კოლუმბია (87 786), 9) აშშ (87 052), 10) ჰოლანდია (71 096).


საინტერესო სტატისტიკაა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე არ მონაწილეობის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო თუკი მაინცდამაინც არ გვაკვირვებს აშშ-ის მოქალაქეთა დიდი მოთხოვნა, მართლაც რომ საკვირველია ჰოლანდიელთა ამგვარი აღტკინება. მათ ხომ დაინტერესების მხრივ, თვით ინგლისელებს გადაუსწრეს, რომლებსაც ეტყობა მაინცდამაინც არ სჯერათ მსოფლიო ჩემპიონობისა.


თუმც ინგლისელთა პასიურობას ხელი ალბათ ქვეყნის ხელისუფლების პროტესტმაც შეუწყო რუსეთის მთავრობის მიმართ. ამაში კი არც არაფერია გასაკვირი, რადგან დღესდღეობით კი არა, ისტორიულად, ნებისმიერი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი ხომ იმავე პერიოდის პოლიტიკური მოვლენების საუკეთესო ამსახველია...


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი, სპეციალურად M2B-სთვის.


სხვა სიახლეები