• Ƀ/$

რუსეთ–ისრაელის მყიფე ბალანსი სირიის კონფლიქტში

19 აპრილი 19:23, 2018 წელი | ანალიტიკა

ისრაელის მიერ სირიის სამხედრო ავიაბაზის დაბომბვამ რუსეთი განარისხა: ვლადიმირ პუტინი არ გააფრთხილეს მოსალოდნელი დარტყმის შესახებ იმ ფონზე, რომ თავდასხმის რაიონში რუსი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

კრემლმა საჯაროდ გააკრიტიკა ისრაელი საჰაერო დარტყმის განხორციელების გამო, რასაც 7 ირანელი სამხედრო ემსხვერპლა.


სირიის შვიდწლიან ომში ძალზე მყიფე ბალანსი ჩამოყალიბდა ისრაელსა და რუსეთს შორის. ირანელი სამხედროების დაღუპვის შემდეგ კი ისრაელი თეირანის მხრიდან კონტრშეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ ებრაული სახელმწიფოს მაღალჩინოსნების ციტატები ადგილობრივ მედიაშიც გამოჩნდა.


თავის მხრივ, ისრაელში ანალიტიკოსები მუდმივად აცხადებენ, რომ რუსეთ–ისრაელს შორის სტრატეგიული პარტნიორობა საიმედოა, თუმცა არც ისე ნაყოფიერია, როდესაც საქმე სირიაში ირანულ ექსპანსიას ეხება.


2015 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი სირიის ომში ბაშარ ასადის დასაცავად ჩაერთო, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს, გადაეხედათ რუსეთთან, როგორც „ჩრდილოელ მეზობელთან“ ურთიერთობებისთვის.


ებრაული სახელმწიფო თავს არიდებდა კონფლიქტში უშუალო ჩარევას და მთელი ყურადღება ირანის მფარველობის ქვეშ არსებულ „ჰეზბოლაზე“ გადაიტანა, რაც რუსეთთან კოორდინირებულ მოქმედებებს გულისხმობდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი სირიის საჰაერო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს.


თუმცა, უკანასკნელი მოვლენები ურთიერთობების ზღვარზე მიუთითებენ. ისრაელის მიერ ბაშარ ასადის სამხედრო აეროდრომზე მიტანილი საჰაერო იერიში პუტინისთვის უკიდურესად გამაღიზიანებლად გამოიყურებოდა იმ ფონზე, როდესაც დასავლური სამყარო მას ბაშარ ალ–ასადის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, ასადის, რომელსაც პირდაპირ ადებენ ხელს სირიის ქალაქ დუმაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის საქმეში.


როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები სირიაზე სარაკეტო დარტყმას ამზადებდნენ, ოფიციალური პირები კრემლიდან სერიოზულ საპასუხო ქმედებებზე, ბევრ სისხლსა და კონფლიქტის ფართო მასშტაბებში გადაზრდის საფრთხეებზე მიუთითებდნენ.


ისრაელი არც ადასტურებს და არც უარყოფს ჰომსის პროვინციაში მდებარე საავიაციო ბაზაზე T-4 იერიშის მიტანას. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა – „ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი შეზღუდვა, როდესაც საქმე უსაფრთხოების ინტერესებს ეხება“.


„ჩვენ არ გვინდა რუსების პროვოცირება. ჩვენ მათთან მაღალი რანგის ოფიცრების დონეზე გვაქვს პირდაპირი კავშირი, – უთხრა ლიბერმანმა ებრაულ გამოცემას Walla. – რუსებს ესმით ჩვენი. საქმე ისაა, რომ ჩვენ თავიდან ავირიდეთ მათთან პირდაპირი შეხლა–შემოხლა“.


ისრაელის შეშფოთებას ის გარემოება იწვევს, რომ თეირანს სურს სირიის ომი სახმელეთო დერეფნის გაჭრისთვის გამოიყენოს ისრაელის საზღვრებამდე და რომ „ჰეზბოლასაც“ ამარაგებს საბრძოლო რაკეტებით.


ისრაელის ოფიციალური პირები ლიბანურ სამხედრო დაჯგუფებასაც ყურადღებით ადევნებენ თვალს, რომელთანაც 2006 წელს ერთთვიანი ომი ჰქონდათ და რომელიც სირიის დასავლეთ ტერიტორიაზე რაკეტების მწარმოებელ საწარმოს ხსნის. ამით ლიბანელები ისრაელს ფრონტის ახალ ხაზს უხსნიან.


სირიის ტერიტორიაზე განვითარებულმა მრავალწახნაგოვანმა საომარმა მოქმედებებმა ისრაელს ბევრი პრობლემა შეუქმნა: ჯიჰადისტები, შიიტი ამბოხებულები და ირანული კუდსის ელიტარული ჯარები.


კონფლიქტში აშშ–ის ჩართულობა ჩრდილო–აღმოსავლეთი სირიით შემოიფარგლება. რუსეთი საკვანძო უცხოური კომპონენტია სირიის კონფლიქტში, რომელთანაც ისრაელს კომუნიკაცია შეუძლია.


„ჩვენ ახალი მეზობელი გვყავს ამ ურთულეს სათამაშო დაფაზე – რუსები, – ამბობს ბრიგადის გენერალი იაკობ ნაგელი, რომელიც ისრაელის პრემიერ–მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩევლის პოსტს იკავებდა 2017 წლამდე უსაფრთხოების საკითხებში. – მათ არ სურთ ჩვენთან პირდაპირი კონფლიქტი და ამის სურვილი არც ჩვენ გაგვაჩნია. ამიტომ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მათთან, რათა გათვლებში ცდომილებები არ მოხდეს“.


კარნეგის ცენტრის მოსკოვის ოფისის დირექტორმა დმიტრი ტრენინმა თქვა, რომ სირიის კონფლიქტში რუსეთ–ისრაელის ურთიერთობებში ებრაული სახელმწიფო გამჭვირვალე და პროგნოზირებად მოთამაშედ გამოიკვეთა.


მისივე თქმით, ვითარებას ის ართულებს, რომ რუსეთი ირანისა და „ჰეზბოლას“ მხარდამხარ იბრძვის ბაშარ ასადის რეჟიმის დასაცავად. ისრაელი იმედგაცრუებული დარჩა რუსეთის ინიციატივით მიღწეული შეთანხმების გამო, რომელიც სირიის სამხრეთში კონფლიქტის დეესკალაციას ისახავდა მიზნად და ამით „ჰეზბოლას“ მებრძოლებს ისრაელის საზღვართან გამაგრების საშუალება მიეცათ.


ამის შემდეგ ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშებს მოუხშირა.


„ისრაელი ირანს ებრძვის. რუსები გარკვეულ ეტაპამდე შეეგუებიან ამ გარემოებას, – ამბობს ისრაელის ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში ზვი მაგენი. – მაგრამ რუსეთ–ისრაელს შორის დღეს ახალი ურთიერთობებია საჭირო. რუსეთი საინტერესო პოზიციაზეა, ვინაიდან კონფლიქტის ორივე მხარესთან – ისრაელთან და ირანთან კარგი კონტაქტები აქვს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ომისთვის, არამედ მშვიდობისთვისაც“.


ავიაბაზაზე T-4 იერიშიდან ორ დღეში რუსეთისა და ისრაელის ლიდერები ვლადიმირ პუტინი და ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებებით გამოვიდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, არაფერი გააკეთოს სირიაში დესტაბილიზაციის გასამწვავებლად. პრემიერ–მინისტრმა დაადასტურა ქვეყნის განზრახვა, არ დაუშვას სირიის ტერიტორიაზე ირანის სამხედრო შენაერთების დამკვიდრება. აქვე ისიც თვალშისაცემია, რომ ისრაელი არ შეუერთდა დასავლურ ქვეყნებს რუსეთის კრიტიკაში, როდესაც ისინი კრემლს ბაშარ ასადისთვის დახმარების გაწევაში ადანაშაულებენ ქალაქ დუმაზე ქიმიური იერიშის მიტანის დროს.


ნიკოლაი სურკოვი, ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი რუსეთის უმაღლესი დიპლომატიური სასწავლებლიდან აცხადებს, რომ სირიაში რუსეთს ირანის სახმელეთო ჯარების მხარდაჭერა სჭირდება: „ჩვენი უმაღლესი რანგის დიპლომატები ყოველთვის აცხადებენ, რომ ირანი არც ისეთი საშიში მტერია ისრაელისთვის, როგორც ეს მათ ჰგონიათ. გასაგებიცაა, რომ რუსეთი დიდი სიფრთხილით, დაბალანსებულად თამაშობს ამ რეგიონში“.


მანამდე ისრაელის ტელეკომპანიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ჰომსის პროვინციაში სამხედრო აეროდრომზე მიტანილი საჰაერო იერიშის სამიზნეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატები წარმოადგენდნენ. ისრაელის მაღალჩინოსნები ამ ოპერაციის სირთულეზეც მიანიშნებდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსეთისა და ირანის ჯარები სირიაში მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული და რთული დასადგენი იყო, სად მდებარეობდა ირანული შეიარაღება და სად ეძინათ რუს სამხედროებს, „მაგრამ ჩვენი დაზვერვა საუკეთესოა – რუსებს შეუძლიათ, მშვიდად იძინონ“.


სხვა სიახლეები