• Ƀ/$

ევრო ECB-ს სხდომის მოლოდინშია

20 აპრილი 16:40, 2018 წელი | ანალიტიკა

ევროს კურსი 1.23 დოლარის ნიშნულის სიახლოვესაა და როგორც ჩანს, მისი კურსის ამ კვირის რყევები, ბოლო 10 თვეში ყველაზე უმნიშვნელო იქნება.

ამის მიზეზი ისაა, რომ ევროზე მომუშავე ინვესტორები ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მომავალი კვირის სხდომის მოლოდინში არიან.


ამ სხდომაზე ECB მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.


მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებლები კვლავაც არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ ECB-მ სტიმულირების პროგრამის შეკვეცა და ევროზე განაკვეთის აწევა დაიწყოს, ინვესტორთა და ტრეიდერთა დიდი ნაწილი, დოლართან წყვილში უპირატესობას მაინც ევროს ანიჭებს. შესაბამისად, წყვილის ყიდვის კონტრაქტების რიცხვი რეკორდულ დონეზეა.


„ADM ინვესტორ სერვისიზ ინტერნეიშენელის“ ლონდონის ოფისის გლობალური სტრატეგი მარკ ოსტვალდი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ECB-ს ფრთხილი პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში, ევროს რყევები ელის.


ევროპის ცენტრალური ბანკის სხდომა შემდეგ კვირაში გაიმართება. ანალიტიკოსები ელიან, რომ ბანკი მონტარული პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით ერთ მცირე ნაბიჯს მაინც გადადგამს. ბოლო სხდომის შემდგომ განცხადებაში ბანკს აღარ ეწერა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აქტივების შესყიდვის მოცულობას გაზრდიდა. ბაზარმა ეს გარემოება აღიქვა, როგორც მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.


თუმცა, „ნორდეას“ ბაზრების სტრატეგები თვლიან, რომ ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შეცვლისკენ ნაბიჯის გადადგმა მეტისმეტად ნაჩქარევი იქნება იმის ფონზე, რომ ევრო ზონის ეკონომიკის მაჩვენებლები ჯერაც არაა სტაბილურად დადებითი. მათი თქმით, ცენტრალურ ბანკს კვლავაც სჭირდება მოთმინება, გონიერება და პრინციპულობა, „სამომვლო გეგმები კვლავაც უცვლელი დარჩება, მარიო დრაგის გამოსვლის ტონი კი შედარებით „მტრედული“ იქნება“.


პარალელურად, სტერლინგმა პოზიციები დათმო, რაც ინგლისის ბანკის მმართველ მარკ კარნის განცხადებამ გამოიწვია. მან ზოგადად განაცხადა, რომ სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთის წელს აწევა „შესაძლებელია“. არადა, ბაზარი ელოდა, რომ ეს მაისში მოხდებოდა.


რაც შეეხება დოლარს, მისი ინდქსი კვლავ გაიზარდა, რაც ძირითადად შეერთებული შტატების გრძელვადიანი სახაზინო ვალდებულებების მომგებიანობის ზრდამ (2.91 პროცენტამდე) გამოიწვია. ამერიკული ვალუტა იენთან წყვილში, აპრილის პიკს (107.78 იენი) მიუახლოვდა, რაც გლობალურ ბაზარზე რისკების ზრდის შედეგია.


სხვა სიახლეები