• Ƀ/$

გლობალური ბაზრების კვირის მოლოდინები

23 აპრილი 16:53, 2018 წელი | ანალიტიკა

ეს კვირა მეორე კვარტალში ერთ-ერთი ყველაზე საქმიანია. ჯერ ერთი, უოლ სტრიტის კომპანიები, მათ შორის „ფეისბუკი“, ამაზონი“ და „გუგლი“ პირველი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებენ.

მეორეც, ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) და იაპონიის ბანკი (BOJ), მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხდომებს ატარებენ, რომელთა შედეგებიც ყველაზე საინტერესო სავალუტო ბაზრისთვისაა. სავარაუდოდ, არცერთი მათგანი საკუთარ ვალუტაზე საპროცენტო განაკვეთს არ შეცვლის.


მესამეც, ინვესტორების ყურადღების ცენტრშია შეერთებული შტატების სახაზინო ვალდებულებების მომგებიანობის 10-წლიანი ზრდა. ამ მაჩვენებელმა უკვე მიაღწია 3%–იან ზღვარს და მისი შემდგომი ზრდა აუცილებლად ტვირთად დააწვება სააქციო ბაზარს. ამის გათვალისწინება კი ინვესტორებს აუცილებლად მართებთ და შესაბამისად, მათი კაპიტალის ნაწილმა შესაძლოა სააქციო ბაზრიდან სხვა მიმართულებებით დაიწყოს დენა.


მთლიანი შიდა პროდუქტის პირველი სამი თვის წინასწარ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი. მშპ-ში აისახება ამ ორი ქვეყნის ეკონომიკების განვითარების ტემპი, რასაც, შესაბამისად, ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ითვალისწინებენ.


ინვესტორებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან ელემენტად რჩება გეოპოლიტიკური ფაქტორი, რომლის სიმძაფრემაც ოდნავ იკლო. განსაკუთრებუო აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის წარმოებასა და გამოცდაზე მორატორიუმი გამოაცხადა და აშშ-სთან ამ თემაზე მოლაპარაკების გამართვას დათანხმდა.


დღეს თავის კვარტალურ მონაცემებს „გუგლის“ მფლობელი „ალფაბეტი“ გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსების მოლოდინით, მისი შემოსავალი 22%–ით გაიზრდება და $30.3 მლრდ–ს მიაღწევს. „ფეისბუკის“ კვარტალური შედეგები ოთხშაბათს გამოქვეყნდება. მოსალოდნელია, რომ სოციალური ქსელის ოპერატორი კომპანიის შემოსავალი 42%–ით გაიზრდება და $11.4 მლრდ–ს მიაღწევს.



რაც შეეხება „ამაზონს“, ის კვარტალურ მონაცემებს ხუთშაბათს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები ელიან, რომ კომპანიის შემოსავალი 40%–ით, $50 მლრდ–მდე იქნება გაზრდილი. ამავე კვირაში კვარტალურ მონაცემებს „ტვიტერი“, „კვალკომი“, „იბეი“, „პეიპალი“, „ინტელი“, „მაიკროსოფტი“, „ჯენერალ მოტორსი“, „ბოინგი“, „ექსონმობილი“ და სხვები გამოაქვეყნებენ.


მოსალოდნლია, რომ „სტანდარტ ენდ პუარზ 500“-ის კომპანიების ჯამური შედეგი, ბოლო შვიდი წლის რეკორდს გააუმჯობესებს. ჯერჯერობით, პირველი კვარტლის მონაცემები, ამ ინდექსში შემავალ 87 კომპანიას აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც 80%–ს მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები აქვს.


ევროპის ცენტრალური ბანკი წელს უკვე მესამე სხდომას ატარებს (ხუთშაბათს) და ამჯერადაც ევროზე განაკვეთს, დიდი ალბათობით, უცვლელად დატოვებს. უფრო საინტერესო, ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის პრეს–კონფერენცია იქნება, რა დროსაც, ინვესტორები მის საუბრის ტონს დაწვრილებით გააანალიზებენ. მათ ყველაზე მეტად ახლა ის აინტერესებთ, თუ როდის შეწყვეტს ECB ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას, რაზეც უკვე 2.5 ტრილიონზე მეტი ევროა დახარჯული.


იაპონიის ბანკი თავისი ორდღიანი სხდომის შედეგებს პარასკევს გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც, ბანკის მმართველი ჰარუჰიკო კუროდა პრეს კონფერენციას ჩაატარებს. დიდი ალბათობით, იენზე მოკლევადიანი განაკვეთი კვლავ მინუს 0.1%–ის დონეზე დარჩება. უფრო საინტერესო იქნება ბანკის კვარტალური ანგარიში და სამომავლო გეგმების ჩანაწერი. ბანკი იმედოვნებს, რომ ინფლაციის მიზნობრივ, 2%–იან დონეს მომავალ წელს მიაღწევს. ბაზარი ბანკისგან ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შეკვეცასთან დაკავშირებით, მინიშნებებს ელის. თუმცა ამ მხრივაც, რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოსალოდნელი არ არის.


სხვა სიახლეები