• Ƀ/$

პენტაგონი და ასტანა კასპიის უსაფრთხოების არქიტექტურას ცვლიან

24 აპრილი 11:04, 2018 წელი | ანალიტიკა

ყაზახეთმა აშშ–ის სამხედრო საზღვაო ძალებს „აკტაუს“ და „კურიკის“ პორტები ოფიციალურად დაუთმო ავღანეთში სპეციალური ტვირთების საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გადასაზიდად.

აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება ყაზახეთის სენატში უკვე შედგა. უახლოეს დღეებში დოკუმენტს თვით ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი მოაწერს ხელს.


რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „აკტაუს“ პორტი ავტომატურად ხდება პენტაგონისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ბაზა, რაც არ უნდა „სატრანზიტო კვანძი“ უწოდონ მას.


აშშ–ის შეთავაზება ასეთია: სპეციალური ტვირთები საქართველოდან აზერბაიჯანის გავლით, კასპიის ზღვითა და შემდეგ უკვე რკინიგზით უზბეკეთის ტერიტორიიდან შევა ავღანეთში.


ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაირათ აბდრახმანოვმა პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ყაზახეთის მთავრობასა და სშშ–ს შორის შეთანხმება 2010 წლის 20 ივნისს გაფორმდა“ და მასში „ცვლილებები ამერიკული მხარის თხოვნით შევიდა, რაც ტვირთების გადასატანი მარშრუტისთვის „აკტაუსა“ და „კურიკის“ პორტების დამატებას გულისხმობს. ეს ყველაფერი ყაზახეთის, როგორც აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება, რომელსაც სურს, მეზობელ ავღანეთში მშვიდობასა და სტაბილურობას დაუჭიროს მხარი“, – თქვა მინისტრმა. მისივე თქმით, ყაზახეთსა და აშშ–ს შორის ურთიერთობები ნაზარბაევის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ ფართოვდება და კონკრეტულ შინაარსს იძენს.


ნურსულთან ნაზარბაევი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იანვარში შეხვდა, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთის ლიდერმა ქვეყნის ეროვნული ფონდის აქტივებისთვის ყადაღის მოხსნის შეთანხმების მიღწევა შეძლო. საუბარია $22 მლრდ–ზე, რომელიც მოლდოველი ბიზნესმენის ანატოლი სტატის სარჩელის საფუძველზე გაყინეს.


პენტაგონისთვის „აკტაუს“ პორტის გამოყენების შესაძლებლობის მიცემის შესახებ ინფორმაცია პირველად WikiLeaks–მა 2013 წელს გაავრცელა. ამის შემდეგ აშშ–თან სამხედრო ტრანზიტზე მოლაპარაკებების წარმოების შესახებ ინფორმაცია უკვე ნურსულთან ნაზარბაევმაც დაადასტურა.


„თავდაპირველად ავღანეთში ნატო–ს სამხედრო ტვირთების რუსეთის ტერიტორიაზე განიხილებოდა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ, ეს მარშრუტები დაიბლოკა. ყაზახეთის შეტრიალება აშშ–სკენ ანტირუსულ ხასიათს ატარებს, მაგრამ, მთლიანობაში, რუსეთის ინტერესებს არ ემუქრება. თუმცა, კასპიის აკვატორიაში ნებისმიერი ამერიკული ხომალდის გამოჩენა სამხედრო თუ არასამხეჟდრო ტვირთით, უკიდურესად მიუღებელია“, – განაცხადა რუსულ გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში ალექსანდრე სობიანინმა, რომელიც ტრადიციული კულტურების ცენტრის კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების დირექტორია.


ექსპერტმა აღნიშნა, რომ შავ ზღვაზე საქართველოს პორტების გამოყენება, შემდეგ აზერბაიჯანის გავლით კასპიის ზღვაში გასვლა „ძალიან ირიბი და აბსოლუტურად ალოგიკური ლოგისტიკაა“. ამდენად, არსებული შეთანხმება „სამხედრო–პოლიტიკური ნაბიჯია, ამერიკელების ინტერესების სასარგებლოდ“. ავღანეთში ჩრდილოეთის მიმართულებით ტვირთების გადატანა აშშ–ისა და ნატო–ს მთელი ტვირთების დაახლოებით 7–10%–ია და მისი ღირებულება 2–3–ჯერ მაღალია სამხრეთის მარშრუტთან შედარებით, რომლითაც მუდმივად სარგებლობს პენტაგონი.


ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის საკითხთა ექსპერტის ალექსანდრე კნიაზევის აზრით, ვაშინგტონის მიერ ყაზახეთის პორტების სამხედრო მიზნებით გამოყენება კიდევ უფრო არღვევს კასპიისპირეთის უსაფრთხოების ისედაც მყიფე არქიტექტურას. აშშ–რუსეთსა და აშშ–ირანს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, მისი ყოფნა კასპიის ზღვაზე, რაც არ უნდა „ტრანზიტული“ იყოს ეს, დიდ დაძაბულობას გამოიწვევს როგორც მოსკოვში, ისე თეირანში. კნიაზევის თქმით, ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხებს კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის გადაჭრას, რის შესახებაც ზღვისპირეთის ხუთმა სახელმწიფომ გარკვეულ პრინციპულ თანხმობას უკვე მიაღწიეს.


სხვა სიახლეები