• Ƀ/$

ტრამპის შურისძიება: ამერიკული ნავთობი ევროპიდან რუსეთს და OPEC-ს აძევებს

25 აპრილი 13:47, 2018 წელი | ანალიტიკა

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრი და არაწევრი ქვეყნების მცდელობას, შეზღუდონ ბაზარზე ნედლი ნავთობის მიწოდება და ამგავრად ფასის აწევას შეუწყონ ხელი, თავისი შედეგი მოაქვს.

ამით ამერიკული ფიქალური ნავთობის მწარმოებლებიც სარგებლობენ, რომლებმაც ევროპის ბაზარი საკუთარი წარმოების ნავთობით გაავსეს.


OPEC და რუსეთი, სხვა რამდენიმე ექსპორტიორ ქვეყანასთან ერთად, ბაზარზე ყოველდღიურ მიწოდებას 1.8 მლნ ბარელით ზღუდავენ, რამაც ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის აღდგენა განაპირობა. ამის შედეგად, ყველაზე ძვირი მარკის, Brent-ის ფასი ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიუახლოვდა.


პარალელურად, როგორც ტრეიდერები ამბობენ, ევროპის ბაზარზე რუსულ, ნიგერიულ და აზერბაიჯანულ ნავთობს ამერიკული ანაცვლებს. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება ამერიკული ნავთობის მოპოვება, რომელმაც დღიურ 10.7 მლნ ბარელს მიაღწია და ანალიტიკოსთა პროგნოზებით, მალე რეკორდულ 11 მლნ–ს ასცდება.



მოპოვების ასეთი ტემპებით, შეერთებულმა შტატებმა მეორე ადგილიდან ჩამოაქვეითა საუდის არაბეთი და მალე ლიდერი გახდება. ცნობისათვის, რუსეთი დღიურად 11 მლნ ბარელზე ოდნავ ნაკლებ ნავთობს მოიპოვებს. „თომსონ როიტერს აიკონის“ სტატისტიკით, შეერთებული შტატებიდან ევროპის ბაზარზე ყოველდღიურად 550 000 ბარელი ნავთობი შედის, რაც ამ ორი რეგიონის სავაჭრო ურთიერთობათა ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.


იანვრიდან მოყოლებული, ევროპაში ამერიკიდან ნავთობის მიწოდება დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა და 6.8 მლნ ტონას მიაღწია, რაც დაახლოებით 68 ერთეული ე.წ. აფრამაქს ტანკერის (ეტალონური ტანკერი-საცავი) ტოლფასია.


იმავე წყაროს ინფორმაციით, ევროპაში ამერიკული ნედლი ნავთობის მიწოდება სულ უფრო გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ ის OPEC-ის და რუსეთის ნავთობს ჩაანაცვლებს.


სააგენტო როიტერის ინფორმაციით, 2017 წელს ევროპის მიერ იმპორტირებული ნავთობის დაახლოებით 7% იყო ამერიკული. ამჟამად კი ამერიკული ნვთობის წილი 12%–ს შეადგენს. ამერიკიდან იმპორტირებულ ნავთობს მეტწილად ბრიტანეთი, იტალია და ჰოლანდია მოიხმარენ. ვაჭრობას დიდი იმპორტიორები ახორციელებენ, როგორებიცაა „ბრითიშ პეტროლეუმი“, „ვალერო“ და „ექსონ მობილი“.


ამერიკული ნვთობის შემოტანს თანდათან აფართოებენ პოლონური „PKN ორლენი“ და „გრუპა ლოტოსი“, ასევე ნორვეგიული „სტატოილი“. არიან სხვა კომპანიებიც, რომლებიც ატლანტის ოკეანის მეორე ნაპირიდან ნედლი ნავთობის მიღებით თანდათან ინტერესდებიან.


ამერიკელი მომპოვებლების აქტიურობა და ამით ნავთობის ფასის ზრდის შეზღუდვა მისასალმებელია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, ვინც ახლახანს, OPEC და ნავთობის მიწოდების შეზღუდვის პაქტის მონაწილე სხვა ქვეყნები, ფასის „ხელოვნურ“ აწევაში დაადანაშაულა.


„როგორც ჩანს, OPEC თავისას ისევ არ იშლის. ნავთობის საცავები ყველგან, ტანკერებშიც კი გადავსებულია. ნავთობის ფასები კი ხელოვნურად ზევით იწევს! ეს კარგი არ არის და მიუღებელია!“, - ესაა ტრამპის მიერ საკუთარ ტვიტერზე გაკეთებული განცხადება.


შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ნავთობის ექსპორტის აკრძალვა 2015 წელს გააუქმა. მაგრამ გარკვეული დრო იყო საჭირო იმისათვის, რომ ევროპელ გადამამუშავებელ საწარმოებს, ჩვეული წყაროებიდან ამერიკული ნავთობის მიმწოდებლებზე გადართულიყვნენ. ისინი ძირითადად ჩრდილოეთ ზღვაში, კასპიისპირეთსა და დასავლეთ აფრიკაში მოპოვებულ ნავთობზე მუშაობენ.


მათ ამერიკული ნედლი ნავთობის გადამუშავება შარშან დაიწყეს და უკვე კარგად იციან მისი თავისებურებები. ოკეანის გაღმიდან იმპორტირებულ ნავთობს ის უპირატესობა აქვს, რომ ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI), Brent-ის მარკის ნავთობზე იაფია. ამასთან, ხარისხი ფართო დიაპაზონში მერყეობს.


ფასებში სხვაობა საშუალოდ ბარელზე $4.46–ს აღწევს, არადა, როიტერსის მონაცემებით, შარშან სხვაობა ორჯერ ნაკლები იყო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს სხვაობა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება. ამერიკული მრკებიდან ევროპაში ყველაზე პოპულარულებია: WTI, ლაით ლუიზიანა სუიტ, იგლ ფორდ, ბაკენ და მარს.


მსგავს თემაზე:


ნავთობი ოთხწლიან რეკორდებს ამყარებს


სხვა სიახლეები