• Ƀ/$

„შელის“ მომავლის სატვირთო ავტომობილი

29 აპრილი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

საწვავის ეკონომიასა და ახალ, განახლებადი ენერგიის ათვისებაზე, მსუბუქი ავტომობილების მწარმოებლების გარდა, ის კომპანიებიც აქტიურად ზრუნავენ, რომლებიც სატვირთო ავტომობილებს აწარმოებენ.

მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ, „ტესლამ“ სატვირთო გამწევი ელექტრომობილი წარმოგვიდგინა, რომელიც მხოლოდ ელექტრო ენერგიას მოიხმარს და ატმოსფეროს გამონაბოლქვით საერთოდ არ აბინძურებს.


ინოვაციური სატვირთო ავტომობილების კონცეპციების შექმნაზე გაწაფულია ამერიკული „ეარფლოუ ტრეკ კომპანი“, რომელსაც ადრე არაერთი საინტერესო პროექტი შეუმუშავებია. ახლახანს კი, ნავთობკომპანია „შელ ლუბრიკანტთან“ ერთად, ახალი კონცეპტი – მე-8 კლასის ტრაილერი „სტარშიპი“ მოამზადა, რომელიც არაერთი ახალი ტექნოლოგიით არის გამორჩეული.



ცნობისათვის, „ეარფლოუს“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია „ბულეტტრეკ“ (სახელიტაც და გარეგნულადაც, იაპონურ სწრაფმავალ მატარებელ შინკანსენის ბულეტტრაინს ჰგავს), რომელიც პროტოტიპის სახით, რეალურადაც განხორციელდა და სატესტო გარბენი მოაწყო. ტესტების დროს, ის 100 კილომეტრის გასავლელად 17.5 ლიტრ საწვავს სჯერდებოდა. თან ამ დროს, 29 494 კილოგრამიან ტვირთს მიათრევდა.


ამჯერად კი, „შელთან“ ტექნიკური პარტნიორობის წყალობით, კიდევ უფრო საინტერესო კონცეპტი შეიმუშავა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ „სტარშიპი“ თავისი აეროდინამიკური ფორმებით გამოირჩევა. მისი ძარა კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა და მას მომრგვალებული ფორმები აქვს, რითაც ჰაერის შემხვედრ ნაკადს ნაკლებ წინაღობას უქმნის.


კარბონის კომპოზიტის წყალობით, ძარა მსუბუქია. რადიატორის ცხაურს აქვს აქტიური ჟალუზები, რომლებიც სრულად იკეტება, როცა ძრავის გასაგრილებლად, ჰაერის ჭავლი საჭირო არაა. ტრაილერის უკან, კომპოზიტისგან დამზადებული აეროდნმიკური ელემენტები განლაგდა, რომლებიც სატვირთოს უკან გაუხშოებული სივრცის დატოვებას უშლიან ხელს და ამით, წინააღმდეგობას (უფრო სწორედ ძალას, რომელიც ავტომობილს გაუხშოებული სივრცის გამო, უკან ექაჩება) ამცირებენ.


ავტომობილი აღჭურვილია „ქამინზის“ ექვსცილინდრიანი 15-ლიტრიანი X15 ძრავით, რომელიც 400 ცხენის ძალას და 2 508 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, აღმძრავ ღერძს ჰიბრიდული სისტემაც ემსახურება, რომელიც ავტომობილს საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ძალას ანიჭებს. მისი წყალობით, საწვავის მოხმარება მცირდება.


ავტომობილი აღჭურვილია სპეციალური სისტემით, რომელიც საბურავებში ოპტიმალური წნევის შენარჩუნებას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს. ეს ავტომობილის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვისაც და საწვავის ეკონომიისთვისაც კარგია.


ავტომობილის ტრაილერის სახურავი ეკიპირებულია მზის ელემენტებით, რომლების ჯამური სიმძლავრეც 5 000 ვატს აღწევს. ის 48-ვოლტრიანი ელემენტების ბლოკს კვებავს. ის კი, თავის მხრივ, ელექტრო ენერგიით ელექტრონულ სისტემებს, ამაჩქარებელ ძრავებს, LED-ფარებს, კონდიცირების სისტემას და მიკროტალღურ ღუმელსაც კი ამარაგებს.


„სტარშიპის“ პრემიერა სონომას სარბოლო ტრეკზე, „შელის“ მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე (შელ მეიკ დი ფიუჩა) ჩატარდა. მალე კონცეპტუალური ავტომობილი ამერიკის გასწვრივ, დიდ სატესტო გარბენს დაიწყებს (ნაპირიდან ნაპირამდე), რომელიც კალიფორნიაში დაიწყება და ფლორიდაში დასრულდება. მოგზაურობის დროს ტრეილერი მაქსიმალურად დასაშვებ (36 287 კგ) ზღვარში დაიტვირთება.


სხვა სიახლეები